პატარასთან ერთად ანიმაციური ფილმის ყურება თუ გსურთ და არჩევანის გაკეთება გიძნელდებათ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საუკეთესო ანიმაციების ნუსხა IMDb-ის რეიტინგებს ემყარება და მაყურებელთა შეფასებებზე დაყრდნობით შეიქმნა. თითოეული ანიმაცია, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეულ საუკეთესო ათეულში მოხვდა, მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველაზე ყურებად ფილმებს შორის თავის ღირსეულ ადგილს იკავებს.
ჩვენს რეიტინგში მეათე ადგილს 2007 წელს შექმნილი ანიმაცია „რატატუი“ იკავებს. აღნიშნული ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ვირთხაა, რომელიც კერძებს საოცრად ამზადებს. ის ახალბედა რესტორნის მზარეულს სამუშაოს წარმატებით შესრულებაში ეხმარება. თავდაპირველად მომხმარებელს რესტორანში მზარეული ვირთხის დანახვა თრგუნავს, თუმცა მის მიერ მომზადებული გემრიელი კერძების დაგემოვნების შემდეგ ისინი პატარა მღრღნელის ნიჭით იხიბლებიან და მათი უკმაყოფილება წარსულს ბარდება. „რატატუი“ თქვენს პატარებთან ერთად დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარებაში ძალიან დაგეხმარებათ.
„სუპერ ოჯახი“ ჩვენს რეიტინგში საპატიო მეცხრე ადგილს იკავებს. ანიმაციის მთავარი პერსონაჟები სუპერგმირები არიან, რომლებიც მშვიდობიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, თუმცა იძულებულები ხდებიან თავიანთი საოცარი ძალა და ნიჭი სამყაროს გადარჩენას მოახმარონ. სუპერგმირები ერთ ოჯახში ცხოვრობენ. მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ და მისტიკურ ძალას მხოლოდ ერთად ყოფნისას იძენენ. „სუპერ ოჯახის“ ანიმაცია 2004 წელს შეიქმნა და თქვენს პატარებთან ერთად მისი ყურება საოცარ სიამოვნებას გპირდებათ.
2010 წელს შექმნილი ეს საოცარი ანიმაცია ჩვენს სიაში მერვე ადგილს იკავებს. მეომრის სტატუსის მოსაპოვებლად ახალგაზრდა ვიკინგი დრაკონის მოსაკლავად მიეშურება, თუმცა საბოლოოდ მტრობაზე სიყვარული იმარჯვებს და ბიჭი ცეცხლოვან ფრინველს დაუმეგობრდება. „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი“ ვიკინგი ბიჭისა და მისი მეგობარი დრაკონის საოცარ თავგადასავლებს მოგითხრობთ, რომლის ყურებისას ნამდვილად არ მოიწყენთ.
„სათამაშოების ისტორია“ ყველასთვის ცნობილი ანიმაციაა. მისი ბოლო ნაწილი ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა, თუმცა IMDb რეიტინგში უკვე მოწინავე რიგებშია და ჩვენს სიაშიც საპატიო მეშვიდე ადგილს იკავებს. „სათამაშოების ისტორიის“ მესამე ნაწილი ენდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უკვე გაიზარდა და დიდი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. მან თავისი სათამაშოები დიდი ხანია დაივიწყა. აღნიშნული ანიმაციის პირველი და მეორე ნაწილების მსგავსად მესამეც საოცრად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია.
საუკეთესო ანიმაციური ფილმების სიაში მეექვსე ადგილს „მონსტრების კორპორაცია“ იკავებს. სათაურიდანვე მიხვდებით, რომ ფილმი მონსტრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ენერგიასა და ძალას შეშინებული ბავშვების ხმამაღალი ყვირილის მოსმენით იღებენ. მართალია, აღნიშნული ანიმაცია ერთი შეხედვით საშიში ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა კომედიური ელემენტების სიჭარბე მონსტრების არასასიამოვნო აურას მარტივად ჩრდილავს, რაც ფილმის ყურებას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.
„სათამაშოების ისტორიის“ პირველი ნაწილი მიღებული ხმების რაოდენობით მესამეს მნიშვნელოვნად უსწრებს და ჩვენს სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ანიმაცია 1995 წელს შეიქმნა, ის თანამედროვე ბავშვებს ძალიან უყვართ. ამეტყველებული სათამაშოების გასაოცარი ისტორიები პატარების სამყაროს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. ვიდრე „სათამაშოების ისტორიის“ მეორე და მესამე ნაწილებზე გადახვიდოდეთ, უმჯობესია, მისი პირველი ნაწილი ნახოთ.
„მეფე ლომის“ ანიმაცია პირველად 1994 წელს შეიქმნა და ეკრანებზე 2D ვერსიით გამოვიდა. მას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი და მაყურებელი ჰყავს. აღნიშნული ანიმაცია პატარა ლომის ლეკვზე მოგვითხრობს, რომელიც მომავალში ცხოველთა მეფე უნდა გახდეს. ახლახანს გამოვიდა „მეფე ლომის“ ახალი ვერსია, რომელიც ბავშვებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეგიძლიათ თქვენს შვილებთან ერთად ორივე მათგანს უყუროთ, შემდეგ კი შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიაროთ.
მესამე ადგილზე გასული ეს საოცარი ანიმაცია 2009 წელს შეიქმნა. მისი მთავარი გმირი მოხუცი კაცია, რომელიც თავის სახლთან ერთად ჰაერში ფრენას გადაწყვეტს, როდესაც თავის ჩანაფიქრს აისრულებს, ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სახლში მასთან ერთად პატარა ბიჭიც იმყოფება. ფილმი მოხუცისა და ბავშვის საოცარ ისტორიებს მოგვითხრობს. „მაღლა“ ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციაა, რომელიც თქვენს პატარებთან ერთად აუცილებლად უნდა ნახოთ.
საუკეთესო ანიმაციური ფილმების ათეულში მეორე ადგილს „ნემოს ძიებაში“ იკავებს, რომელიც პატარა თევზის ისტორიას მოგვითხრობს. ნემო მოულოდნელად იკარგება და სახლისკენ მიმავალ გზას დაეძებს. პატარა ნემოს საპოვნელად მისი მეგობრები და მამა ძალისხმევას არ იშურებენ. აღნიშნული ანიმაცია ეკრანებზე გამოსვლის პირველივე დღიდან პატარებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
2008 წელს შექმნილი ანიმაცია „უოლ-ი“ ჩვენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ფილმის მთავარი გმირი დედამიწაზე დარჩენილი ერთადერთი რობოტია, რომელიც სამყაროს ნაგვის ნარჩენებისგან გათავისუფლებაზე ზრუნავს. ადამიანური თვისებების მქონე უოლ-ი დაუღალავად შრომობს და დედამიწის გადარჩენისთვის ძალებს არ იშურებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით „უოლ-ი“-ს უამრავი თაყვანისმცემელი და მაყურებელი ჰყავს. ეს საოცარი საოჯახო ანიმაციური ფილმი თქვენს შვილებთან ერთად აუცილებლად უნდა ნახოთ.
ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს
MomsEdu.GE გთავაზობთ ფილმს - „საოცრება“, რომელსაც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ. ფილმი დაფუძნებულია ნიუ-იორკ ტაიმსის ამავე დასახელების ბესტსელერ წიგნზე.
როგორია ფილმის სიუჟეტი? - ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში.
იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - სახე არ აქვს. ავგუსტმა 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ თავად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.