Baby Bag

გამოიგონეს სკამი, რომელზეც მუხლმოკეცილს კომფორტულად ჯდომა შეგიძლიათ

გამოიგონეს სკამი, რომელზეც მუხლმოკეცილს კომფორტულად ჯდომა შეგიძლიათ

ამერიკაში გამოიგონეს სკამი, რომელზეც მუხლმოკეცილს კომფორტულად ჯდომა ​შეგიძლიათ. აღნიშნულ სკამს პლატფორმა და შემაღლებული დასაჯდომი აქვს, რის გამოც მასზე მუხლმოკეცილად ჯდომა დისკომფორტს არ შეგიქმნით. დიზაინერი პეკ მეთიუსი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ტრადიციული სავარძლები და სკამები განსხვავებულ პოზაში ჯდომის შემთხვევაში მას ფიზიკურ ტკივილს აყენებდნენ და უხერხულობას უქმნიდნენ. კომპიუტერთან ხანგრძლივი დროით მუშაობას ის მხოლოდ წელში გამართული და იატაკზე ფეხებდაბჯენილი ახერხებდა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მან მეგობრებს თხოვნით მიმართა და მათთან ერთად დაიწყო ფიქრი გამოსავლის ძებნაზე. საბოლოოდ ურთიერთთანამშრომლობამ საოცარი შედეგი გამოიღო. უნიკალური დიზაინის მქონე სკამი საოცრად მოხერხებულია და მასზე ჯდომისას პოზების ცვლილება მარტივად შეგიძლიათ.

ახალი სკამი ტკივილის შემსუბუქებას და კუნთების დაძაბულობის მოხსნას უწყობს ხელს. მისი დახმარებით სწორ პოზაში ჯდომას მარტივად ეჩვევით. როდესაც ახალი დიზაინის მქონე სკამზე ჯდებით, მენჯი წინ უნდა გადმოხაროთ, ბარძაყები სათანადოდ გაშალოთ, ხერხემალი კი ნეიტრალურ პოზიციას უნდა ინარჩუნებდეს. პეკ მეთიუსი იოგას აქტიური მიმდევარია. როდესაც ის სკამის ახალ დიზაინზე მუშაობდა, ცდილობდა იოგებისთვის მოსახერხებელი დასაჯდომი შეექმნა. იატაკზე მოხერხებულად ჯდომით შთაგონებულმა მეთიუსმა ისეთი დიზაინის სკამი შექმნა, რომელსაც არც საზურგე აქვს და არც სახელურები. ახალი სკამი საოცრად პოპულარულია. მის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, მიუხედავად ამისა კომპანიის პოსტს, რომელზეც ახალი დიზაინის სკამის ფოტო იყო გამოსახული ტვიტერზე 40 000-მდე გაზიარება აქვს.

 

დიზაინერმა მომხმარებლებსშემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუ მუხლებმოკეცილს გიყვართ ჯდომა, ეს სკამი სწორედ თქვენთვისაა!“ მეთიუსის პოსტს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სინანულით აღნიშნა, რომ მან თავისი ოფისის სავარძელი შემთხვევით გატეხა, რადგან მასზე მუხლმოკეცილად ხშირად ჯდებოდა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა განსხვავებულ პოზაში ჯდომის გამო სამსახურიც კი დაკარგა. ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენელს კატეგორიულად ეკრძალება სამსახურში მუხლებმოკეცილი ჯდომა.

ახალ სკამს შთამბეჭდავი ფასიც აქვს, მისი შეძენა 875 დოლარი დაგიჯდებათ. თუ მაღალი ხარისხის ხის მასალისგან დამზადებული სკამის ყიდვას გადაწყვეტთ, 1200 ამერიკული დოლარის გადახდა მოგიწევთ. 

მომზადებულია says.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

რეპროდუქციული ჰიგიენის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ - ყარამან ფაღავას რეკომენდაციები

რეპროდუქციული ჰიგიენის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ - ყარამან ფაღავას რეკომენდაციები

პედიატრმა ყარამან ფაღავამ რეპროდუქციული ჰიგიენის ის წესები დაასახელა, რომელთა დაცვა აუცილებელია:

„რაც შეეხება რეპროდუქციულ ჰიგიენას, საშინელებაა, ხალხო. ყველამ უნდა იცოდეს: არ შეიძლება, როდესაც მთვრალია მამაკაცი ან ქალი, ბავშვის ჩასახვა. არ შეიძლება ორსულობის დროს მოწევა, ნარკოტიკი თავისთავად, ალკოჰოლი თავისთავად, ორსულობის დროს როგორ შეიძლება?! აი, ეს ელემენტებია. მერე უკვე არის, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემები აქვს.“

„მნიშვნელოვანია ბავშვთა ქცევა. საწყენად ნუ მიიღებენ მშობლები. გასაგებია, კომპიუტერს, ტელეფონს ვერ შორდება, მაგრამ ბავშვისთვის საინტერესონი უნდა ვიყოთ მშობლები. ბავშვს უნდა ერჩივნოს მშობელთან ურთიერთობა კომპიუტერთან ურთიერთობას. აღარ ვლაპარაკობ, რომ ზედმეტი აგრესია არ შეიძლება. მთავარი არის: რეპროდუქციული ჰიგიენა და ინტერნეტომანია. როგორმე ამის ზემოქმედება უნდა შევამციროთ,“- აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად