Baby Bag

,,მე მას ჩემი აივნიდან მივესალმე, მანაც ხელი დამიქნია'' - რომანტიკული თავგადასავალი კარანტინში

,,მე მას ჩემი აივნიდან მივესალმე, მანაც ხელი დამიქნია'' - რომანტიკული თავგადასავალი კარანტინში
ბოლო რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. სოციალური დისტანცირების გამო ადამიანებს პაემნებზე სიარული ეკრძალებათ, რის გამოც ისინი ახალი ურთიერთობების დაწყებას ვერ ახერხებენ. როგორც აღმოჩნდა, კარანტინის რეჟიმი რომანტიკული ადამიანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ბრუკლინში მცხოვრებმა ჯერემი კოჰენმა მისი სახლის წინ მდებარე შენობის სახურავზე მოცეკვავე ქალი შენიშნა, რომელსაც ხელის დაქნევით მიესალმა. უცნობმა ქალმა მას გაუღიმა და მისალმებითვე უპასუხა. ცოტა ხანში რომანტიკოსმა ჯერემი კოჰენმა ახალგაზრდა ქალს დრონის დახმარებით თავისი მობილურის ნომერი გაუგზავნა. ჯერემის თქმით, ის ბოლო ერთი წლის მანძილზე პაემანზე არ ყოფილა. მას ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან ენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გასვლას ვერ ახერხებდა, მან საკუთარ თავს რომანტიკული თავგადასავალი მაინც მოუწყო.

„24 საათის მანძილზე სახლში ყოფნა ძალიან რთულია. კარანტინის რეჟიმმა ჩემი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ნიუ-იორკში ადამიანს იმდენი რამის გაკეთება შეუძლია. ახლა კი ვცდილობ, დრო როგორმე გავიყვანო,“- განაცხადა ჯერემიმ. ახალგაზრდა მამაკაცმა ჟურნალისტებს ახალი რომანის შესახებ დეტალური ცნობები მიაწოდა.

„ფანჯრიდან ვიყურებოდი და ახალგაზრდა ქალი დავინახე, რომელიც სახურავზე ცეკვავდა. 

ძალიან მომინდა, რომ მას მივსალმებოდი.“ - გულახდილად აღიარა ჯერემიმ. მან ახალგაზრდა ქალს ხელი დაუქნია, რაზეც საპასუხოდ თბილი სალამი მიიღო.

„მე მას ჩემი აივნიდან მივესალმე, მანაც ხელი დამიქნია.“ - აცხადებს ბედნიერი ჯერემი.

სახურავზე მოცეკვავე ახალგაზრდა ქალს ტორი ჰქვია.

ჯერემიმ დრონი მოძებნა. ქაღალდის ფურცელზე თავისი მობილურის ნომერი დაწერა. ფურცელი კი აპარატზე მიამაგრა.
,,კალამი, ფურცელი და დრონი მოვძებნე. ჩემი ნომერი დავწერე და ქაღალდი დრონზე მივამაგრე. ჩვეულებრივ ვითარებაში ფლირტის დაწყება საკმაოდ მაშინებს, თუმცა კარანტინის რეჟიმში სოციალური ინტერაქციის სურვილმა ეს შიში დამავიწყა.“ - გულახდილად აღიარა ჯერემიმ.

ფურცელი, რომელზეც ჯერემის ნომერი და სიტყვა „შემეხმიანე“ ეწერა, დრონის დახმარებით მალე ტორის აივანზე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალი ამ სიურპრიზით გაკვირვებული დარჩა.

„2020 წელი საშინლად დაიწყო. მე ყველანაირად ვეცადე, რომ ჩემი გასაკეთებელი გამეკეთებინა. უცნობმა ქალმა ჩემი დრონი დაიჭირა. მგონი, ყველაფერი გამომივიდა, რადგან დაახლოებით ერთ საათში მისგან შეტყობინება მივიღე.“ - ამბობს ბედნიერი ჯერემი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ტორიმ უცნობ თაყვანისმცემელს მობილურზე შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც წერდა: „გამარჯობა, მე გოგო ვარ სახურავიდან.“

მომდევნო დღეს ჯერემიმ ტორის პაემანზე დაპატიჟება გადაწყვიტა. ახალგაზრდა ქალი ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოეხერხებინათ კარანტინის რეჟიმში ერთად ვახშმობა.

„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა. მეორე დღეს ტორი ვახშამზე დავპატიჟე. მას გაუკვირდა და მკითხა, ეს როგორ უნდა მოგვეხერხებინა.“ - ჯერემი რომანტიკული თავგადასავლის დასაწყისს აღფრთოვანებით იხსენებს.

სადილამდე ნახევარი საათით ადრე ჯერემიმ და ტორის მეგობარმა, რომელიც ახალგაზრდა ქალთან ერთად ცხოვრობს. ყველაფერი წინასწარ მოამზადეს.

„ტორის მეგობარს ჩუმად შევეხმიანე, რათა ყველაფერი მოგვეგვარებინა.“ - ჯერემი აღფრთოვანებულია, რომ ჩანაფიქრის განხორციელება შეძლო.

ჯერემი აივანზე მიუჯდა მაგიდას, ხოლო ტორი სახურავზე სპეციალურად მისთვის რომანტიკულად გაწყობილ მაგიდასთან დაჯდა.

„საღამოს 5 საათზე მე აივანზე დავჯექი, ტორი კი - სახურავზე. ერთმანეთს კვლავ ხელის დაქნევით მივესალმეთ.“ - იხსენებს ბედნიერი ჯერემი.

ახალგაზრდა რომანტიკული მამაკაცი პროფესიონალი ფოტოგრაფიცაა. მან ტორის რამდენიმე ფოტოც გადაუღო. ჯერემიმ ჯენტლმენობაც გამოიჩინა და ახალგაზრდა ქალს შორიდან კომპლიმენტებიც უთხრა.

„ტორის ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი იყო. შემდეგ კი ონლაინ რეჟიმში ერთად ვივახშმეთ.“ - ჯერემი პირველი რომანტიკული ვახშმით ნამდვილად აღფრთოვანებულია.

ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი თავგადასავლის შესახებ მეგობრებსაც უამბო.

„პაემანმა საოცრად კარგად ჩაიარა. თუ კარანტინი დიდხანს გაგრძელდა, მე ხანგრძლივი დისტანცირებული ურთიერთობა მექნება ქალთან, რომელიც მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს. ტორის ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ სააბაზანოში მჭირდებოდა შესვლა. სინამდვილეში კი მეგობრებს დავუკავშირდი და ვაცნობე, რომ ყველაფერი დიდებულად მიდიოდა.“ - იხსენებს აღტაცებული ჯერემი.

ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ გაგრძელდა მისი და ტორის ურთიერთობა, ჯერემიმ შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ყველაფერი შესანიშნავად არის. მალე მეორე პაემანი გვექნება. მართალია, ძალიან ვიძაბები, რადგან ნორმალური შეხვედრის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერს გავუმკლავდები.“

ტორის და ჯერემის ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მათი თავგადასავლის გაგრძელებას მოუთმენლად ელიან. ჯერემიმ ჟურნალისტებს გაანდო, რომ მას ტორისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს და ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება.

ჯერემის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სოციალურ ქსელებს იპყრობს. ჟურნალისტებმა ახალგაზრდა მამაკაცს ჰკითხეს, თუ როგორ იმოქმედა მასზე მოულოდნელმა პოპულარობამ. „ადამიანების მხარდაჭერამ ჩემზე ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია. მიხარია, რომ ისინი მგულშემატკივრობენ. გარდა ამისა, მინდა ყველასთვის კარგი მაგალითი ვიყო. მინდა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ამ ბნელ და რთულ დღეებშიც შეგვიძლია სინათლის სხივის პოვნა. თუ ისინი ჩემი დახმარებით თავს მხიარულად იგრძნობენ, მეც ძალიან ბედნიერი ვიქნები.“ - განაცხადა ჯერემიმ.

„არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მომეხერხებინა დედაჩემის, ევა გრეიზელის დამხარების გარეშე, რომელმაც საინტერესო ამბების და თავგადასავლების ძალა მაგრძნობინა. დედაჩემი ხშირად გამოდის სამოტივაციო სიტყვებით, ყვება შთამაგონებელ ისტორიებს. მან მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა. მის გარეშე ცხოვრების ოპტიმისტური ხედვა, რომელიც მაქვს, ვერ მექნებოდა. ეს ყველაფერი ამ მძიმე და რთულ დროს ძალიან მეხმარება.“ - განაცხადა არაორდინალურმა და რომანტიკულმა ჯერემი კოჰენმა. 

მომზადებული ​boredpanda.com - ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა