Baby Bag

ექსტრემალური ტატუების მოყვარული ქალი, რომელმაც თვალის თეთრი გარსი საღებავით მოიხატა, დაბრმავდა

ექსტრემალური ტატუების მოყვარული ქალი, რომელმაც თვალის თეთრი გარსი საღებავით მოიხატა, დაბრმავდა

ავსტრალიელი ქალი, რომელმაც ექსტრემალურ ტატუებსა და პირსინგებში 26 000 ამერიკული დოლარი დახარჯა, აცხადებს, რომ თვალის თეთრი გარსის მოხატვის შემდეგ დაბრმავდა. 24 წლის ამბერ ლუკი, რომელიც საკუთარ თავს ლურჯთვალა თეთრ დრაკონად მოიხსენიებს, თვალის გარსს 40 წუთის განმავლობაში იხატავდა, რათა ის შედეგი მიეღო, რომელიც სურდა. მას სხეულზე ჯამში ორასამდე ტატუ აქვს. მან მკერდი, ტუჩები და ლოყებიც მოიხატა, ხოლო ყურში სპეციალური იმპლანტი ჩაიდგა, რათა ელფს დამსგავსებოდა.

ყველაზე საშიში ექსპერიმენტი, რომელიც ამბერ ლუკმა საკუთარ სხეულს ჩაუტარა თვალის თეთრი გარსის ლურჯი საღებავით მოხატვა იყო. ამ ექსპერიმენტის შედეგად მან მხედველობა დროებით დაკარგა.

„ვერ გადმოვცემ, რას განვიცდიდი, როდესაც ამას ვაკეთებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვალში შუშის ნამსხვრევები ჩამიყარეს. ჩემი ტატუს არტისტი თვალის თეთრ გარსში მეტისმეტად ღრმად შეიჭრა, რაც ძალიან მტკივნეული იყო. მას რომ პროცედურა სწორად ჩაეტარებინა, არ დავბრმავდებოდი. ძალიან შემეშინდა,“ - აცხადებს ამბერი.

ტატუების მოყვარული ამბერ ლუკი აღნიშნავს, რომ მას პროცედურაზე თითოეულ თვალში საღებავის ინექცია ოთხჯერ შეუყვანეს. ახალგაზრდა ქალმა საკუთარ ენას გველის ფორმა მისცა, ყურები კი სპეციალური პროცედურების დახმარებით ელფის მსგავსად დაიყენა. ის აცხადებს, რომ სახიფათო ექსპერიმენტებს აღარ ჩაიტარებს, თუმცა გეგმავს, რომ თავიდან ფეხის წვერამდე სხეული ტატუებით დაიფაროს.

ამბერის დედის თქმით, შვილის გადაწყვეტილება, რომ ის ექსპერიმენტებს აღარ ჩაიტარებს, მისთვის უდიდესი შვებაა: „ვტიროდი, როდესაც ამბერი დაბრმავდა. ჩემი შვილი საკუთარ თავს ჩემი თვალებით არ ხედავს. ის ჩემთვის ისედაც ულამაზესია, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერდი, რომ მენახა, როგორ მიაღწევდა იმას, რაც სურდა. ტატუ ადამიანს არ ცვლის, უბრალოდ საზოგადოება სხვანაირად აღგიქვამს, როდესაც ამას აკეთებ.“

ამბერს სოციალურ ქსელში 139 000 მიმდევარი ჰყავს. ის აცხადებს, რომ მოზარდობისას საკუთარი თავი სძულდა და არ მოსწონდა.

„ადამიანები იცვლებიან, ისინი საკუთარ თავს პოულობენ. სილამაზეზე ყველას თავისი აზრი აქვს. იმედი მაქვს, სხეულის ტრანსფორმაციისადმი საზოგადოება უახლოეს მომავალში მეტ გახსნილობას გამოავლენს,“ - აცხადებს ამბერ ლუკი.

მომზადებულია​ nypost.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

22 წლის ქალი, რომელმაც ფილერის ინექციის 20 პროცედურა ჩაიტარა და ტუჩის მოცულობა ოთხჯერ გაიზ...
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ფილერის ინექციის გამოყენებით საკუთარი ტუჩის მოცულობა 4-ჯერ გაზარდა, გაჩერებას არ აპირებს. ბულგარელი ანდრეა ემილოვა ივანოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩების ქონაზე ოცნებობს. მან...
ქალს, რომელიც ფრჩხილებს 4 წლის განმავლობაში იზრდიდა, ფრჩხილის მოტეხვაზე კოშმარები ესიზმრებ...
​გრძელი ფრჩხილების ქონაზე ძალიან ბევრი ქალი ოცნებობს. ცნობილმა ბლოგერმა ელენა შილენკოვამ რეკორდულად დიდი ზომის ფრჩხილების გაზრდა მოახერხა, რითაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. 35 წლის ქალს 4 წელ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად