Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად