Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორც კი სიძნელის წინაშე აღმოჩნდებით, დაეთანხმეთ ამ სიძნელეს. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,“ - შალვა ამონაშვილი

„როგორც კი სიძნელის წინაშე აღმოჩნდებით, დაეთანხმეთ ამ სიძნელეს. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ცხოვრებისეული სიძნელეების დადებითი მხარეებისა და მათი გადალახვის სტრატეგიების შესახებ ისაუბრა:

„ცხოვრება არ არის ცეკვა-თამაში, გართობა. ცხოვრება არის ბრძოლა, ბრძოლა რაღაც უკეთესისთვის, სიახლისთვის, ხვალინდელი დღისთვის. მარტო ის კი არაა, რომ ლუკმაპური ვიშოვოთ, ცხოვრება გვინდა, რომ უფრო ლამაზი გახდეს, ამიტომ ვიბრძვით.ეს ყველაფერი სიძნელეებია. თუ ესენი მოვხსენით, ცხოვრება არ აშენდება. ​ცხოვრება შენდება სიძნელეთა გადალახვით. თუ ადამიანს სიძნელეები არ აქვს წინ, უნდა ეძიოს სიძნელეები.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სიძნელე მომავალში გადახედვაა და ის უკეთესს ხდის ჩვენს ხვალინდელ დღეს:

„სიძნელე მომავალში გადახედვაა. სიძნელე მოდის იმიტომ, რომ მომავალი უკეთესი გახდეს. იმ მომავალში მეც სხვანაირი უნდა შევიდე. კარგია, როდესაც სიძნელის წინაშე დგახარ და გვერდით ვიღაც გყავს, ვინც გაგამხნევებს, ძალებს შეგმატებს, შთაგაგონებს. როდესაც სიძნელის წინაშე ვიყავით, მეუღლე მეტყოდა ხოლმე: „აი, ახლა უნდა იყო კაცი!“ მეც ვფიქრობდი: როგორ, მეუღლეს არ უნდა ვუძღვნა ჩემი გამბედაობა? მართლაც ბევრი სიძნელე გადავლახეთ, ​ტკივილები აუარებელი, იმიტომ, რომ ერთმანეთს ვეხმარებოდით.“

„როგორც კი სიძნელის წინაშე აღმოჩნდებით, დაეთანხმეთ ამ სიძნელეს. ეს სიძნელე მიზეზია იმისა, რაც მერე უნდა მოხდეს. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მერე მოხდეს, თუ ეს სიძნელე გადაილახება? რა გალამაზდება? რა შეგეძინება? რითი წაიწევ წინ? ის, რასაც მომავალში დაინახავ, შენი ძალების მოკრებაა, რომ სიძნელეს შეუტიო, ეს სიძნელე უნაგირად გაიხადო. გისურვებთ, არამარტო მიიღოთ სიძნელეები, გიხაროდეთ კიდეც. ​თუ სიძნელეს წუხილით ხვდებით, რაღა მე და რისთვის მეო, მაშინ ძალებს კარგავთ. ის სრულყოფილება, რაც ამ სიძნელით უნდა შეგეძინათ, აღარ შეგეძინებათ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. გამოუვალი მდგომარეობა მაშინაა, როდესაც ჩემს თავს ჩავკეტავ ჩემსავე შინაგან სამყაროში და ვიტყვი, რომ ამას ვერ გავაკეთებ. რას ჰქვია ვერ გააკეთებ?! ყველაფერი ადამიანის ხელით კეთდება,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად