Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველ ერთ საათში თუ გაიღვიძა ახალშობილმა, ეს მისთვის ნორმაა,“- ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე

„ყოველ ერთ საათში თუ გაიღვიძა ახალშობილმა, ეს მისთვის ნორმაა,“- ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე

ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ბავშვის ძილის რუტინის ჩამოყალიბებისა და მოწესრიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ახალშობილში არ არის ჩამოყალიბებული ძილის ის რიტმი, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვძინავს ღამის მანძილზე და დღე ვართ აქტიური. მათ ძინავთ ხანმოკლე ძილით. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს 1-3 საათი. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის კი არის 3-4 საათი. ყოველ ერთ საათში თუ გაიღვიძა ახალშობილმა, ეს მისთვის ნორმაა, თუმცა მშობლისთვის არის ძალიან პრობლემური. მოზრდილ ასაკში უკვე არის ძილის ქცევითი დარღვევა. ბავშვი, რომელიც აპროტესტებს, მისთვის არ არის ძილი მნიშვნელოვანი, უნდა ავუხსნათ მას, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესია. ქცევით დარღვევას იწვევს მშობლის მიერ არასწორი მოთხოვნების წაყენება ბავშვისთვის. არსებობს ასევე ფსიქო-ფიზიოლოგიური უძილობები, როგორიცაა: შიში, სტრესი, ღამის კოშმარები და ა.შ. ეს თავისთავად ვითარდება და არღვევს ძილს.“

„უძილობის პირველი მიზეზი არის რეჟიმის დარღვევა. ძილის ჰიგიენა და რუტინა არის პირველი, რაც აწესრიგებს ძილს. დაძინება უნდა იყოს ერთსა და იმავე დროს, ისევე როგორც გაღვიძება. თუ ბავშვს ღამის მანძილზე არ ძინავს, ის დღის მანძილზე ითხოვს ძილს. მშობელიც გადაღლილია, არის ჭარბი ძილიანობა დღის მანძილზე, ღამე უძილობა. საღამოს გადავიდეთ მშვიდ რეჟიმზე, ზღაპრის კითხვაზე, რომ ბავშვი მოემზადოს ძილისთვის. არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელები, კოფეინის შემცველი საკვები. არ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ბავშვი დაწვეს მშიერი. წახემსება უნდა იყოს ძილის წინ. მშიერი ბავშვის დაწოლა არ შეიძლება. თუ სამი თვის ასაკიდან ეს იქნება მშობლის მიერ ხელშეწყობილი და დალაგებული, მსგავსი პრობლემები ნაკლებად იქნება,“- აღნიშნულ საკითხზე გვანცა არველაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად