Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩვენ ინტერნეტის ეპოქა, გაჯეტები გვიკვირდა, მოვა დრო და ამ თაობას ადამიანური ურთიერთობები გაუკვირდება და ამის ძიებას დაიწყებენ,“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„თუ ჩვენ ინტერნეტის ეპოქა, გაჯეტები გვიკვირდა, მოვა დრო და ამ თაობას ადამიანური ურთიერთობები გაუკვირდება და ამის ძიებას დაიწყებენ,“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ქართველი ბავშვები ინტერნეტში პოპულარული იუთუბერების ვიდეოებს აქტიურად უყურებენ. ხშირად მსგავსი ტიპის ვიდეოები გაჯერებულია უწმაწური ფრაზებით, უხამსი სცენებით, ძალადობრივი ტექსტებითა და აგრესიული ქმედებების გამომხატველი სცენებით. ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ქართველი ბავშვების მსგავსი ტიპის ვიდეოებით დაინტერესების პრობლემაზე ისაუბრა:

„აგრესია ზოგადად თანდაყოლილია. ზრდის პროცესში ადამიანი სწავლობს აგრესიის მართვას. ყველაფრის ჭარბად ყურება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ის რაც მოზარდისთვის საინტერესო და ხშირად ყურებადია, იქცევა ხოლმე ქცევის მოდელადაც, ლექსიკაც ეცვლება და ა.შ. რაც ადამიანისთვის მიუღებელი და დასაგმობი უნდა იყოს, მსგავს რაღაცებზე შეჩვევა ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია.

პრობლემა ის არის, რომ თუ ბავშვებისთვის დიდებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც ძალიან გული შესტკივა, ვერ მონახეს უფრო საინტერესო, თუ საზოგადოება ვერ სთავაზობს უკეთესს, ვერ სთავაზობს, რომ სხვა ინტერესი გაუჩინოს, ვერ სთავაზობს იმ ღირებულებათა სისტემას, რომლითაც ადამიანი ადამიანად უნდა ჩამოყალიბდეს, ნორმალური საზოგადოების წევრად, ეს ბავშვების პრობლემა არ არის. ან მშობლებმა ვერ მონახეს უფრო საინტერესო, ან საზოგადოებამ ვერ მონახა.

ეს ხომ მთლიანობის შედეგია. ეს არის ოჯახში მიღებული ღირებულებების, გარემოში, სივრცეში, სკოლაში მიღებული ღირებულებების შედეგი. თუ ღირებულებათა სისტემა მოშლილია, ბავშვი თვითძიებაშია. ის ეძებს მწვავე შეგრძნებებს. ეს მწვავე შეგრძნებების სურვილი ამაში გამოიხატება. თუკი ჩვენ ინტერნეტის ეპოქა, გაჯეტები გვიკვირდა, მოვა დრო და ამ თაობას ადამიანური ურთიერთობები გაუკვირდება და ამის ძიებას დაიწყებენ,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად