Baby Bag

რა შეზღუდვები წესდება კარანტინის ფარგლებში - იხილეთ აკრძალვების სრული სია, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან ამოქმედდება

რა შეზღუდვები წესდება კარანტინის ფარგლებში - იხილეთ აკრძალვების სრული სია, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან ამოქმედდება

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს:

● სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

● დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

● ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

● იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

● ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

● აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

● იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

● ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

● პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

● ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება

შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება

შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება, - ამ თემაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი​ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„სავსებით ბუნებრივია, რომ ყველას აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება. საკითხში გასარკვევად ცოტაოდენი ციფრები გავიხსენოთ.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ 19-ის 66 698 498 შემთხვევაა დაფიქსირებული და რეინფიცირების მხოლოდ 15 დადასტურებული შემთხვევაა. ანუ 0.000000224892621%, რაც სტატისტიკურად უკიდურესად უმნიშვნელო მაჩვენებლად ითვლება და შეიძლება უბრალოდ დავივიწყოთ. შედარებისათვის, საფრანგეთის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების მონაცემებით, ზოგადი ნარკოზის დროს საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შვიდია მილიონზე... პაციენტებს აცნობენ ამ ციფრს და არ მახსოვს, ჯერ ვინმეს ამის გამო ნარკოზზე უარი ეთქვას.
კოვიდს რაც შეეხება, ძალიან ცოტა სანდო მონაცემია თავად უიშვიათესი ფენომენის გამო. ​ბოლო პუბლიკაცია ამ საკითხზე 19 ნოემბრით თარიღდება.
ეს კვლევა ეხება ოქსფორდის საუნივერსტეტო საავადმყოფოს თანამშრომლებს, რომლებსაც სისხლის ანალიზი ჩაუტარდათ და იმუნოლოგიური სტატუსი იქნა შესწავლილი 27 მარტიდან დაწყებული 6 თვის განმავლობაში. 1246 თანამშრომელს SARS Cov-2-ის მიმართ ანტისხეულები დაუდგინდა. ეს გადატანილი დაავადების შესახებ მიუთითებდა. დეტალებში რომ არ შევიდეთ, 6 თვის თავზეც ორგანიზმის იმუნური რეაქცია შენარჩუნებული აღმოჩნდა და 6 თვის შემდგომ, არც ერთს არ აღენიშნა ახალი ინფექცია (რეინფექცია), მხოლოდ სამს დაუდგინდა კოვიდ-19-ის დადებითი PCR ტესტი ყოველგვარი სიმპტომების გარეშე.

​ეს კვლევა ასკვნის:
კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი შენარჩუნებულია. ამავე პერიოდის განმავლობაში კლინიკურად გამოხატულ რეინფიცირებას ადგილი არ აქვს.
მდგრად იმუნიტეტზეა ასევე საუბარი საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანოს (HAS) ​ტექსტში, რომელიც 25 ნოემბრით თარიღდება.
​„THE LANCET“-ში მოყვანილია 4 შემთხვევა რეინფიცირებისა.
ზუსტი ახსნა ამ ფენომენისა არ არსებობს, ამასთან არცერთ პაციენტს რაიმე იმუნური დეფიციტი არ აღენიშნებოდა.

​რაც შეეხება აცრის საჭიროებას ინფექციის გადატანის შემდგომ, ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი სამეცნიერო მონაცემი არ არსებობს და ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია.

​რაც მთვარია, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19 ის გადატანის შემდგომ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება მდგრადი იმუნიტეტი და თავიდან დაინფიცირების რისკი პრაქტიკულად 0-ის ტოლია,“ - წერს ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი.

წაიკითხეთ სრულად