Baby Bag

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის გონივრულად ხარჯვა

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის გონივრულად ხარჯვა

საკრედიტო ბარათებით, ონლაინ ბანკებით და საგადასახადო კოდექსებით დატვირთულ სამყაროში ფულის რაციონალურად გამოყენება ყველა ადამიანს უნდა ​შეეძლოს. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში გათვითცნობიერება არ სჭირდება, რადგან ამისთვის ჯერ კიდევ პატარაა. ფინანსისტები კი მშობლებს ურჩევენ, რომ შვილებს ფულის გონივრულად ხარჯვა და გამოყენება ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ. ჩვენს სტატიაში გთავაზობთ საინტერესო რჩევებს, რომელთა დახმარებით შვილებს საბაზისო ფინანსურ და ეკონომიკურ განათლებას მისცემთ.

ფული ბავშვისთვის უხილავი არ უნდა იყოს

ფეხბურთის თამაში რომ ისწავლოთ, პრაქტიკა აუცილებლად გჭირდებათ. წარმოიდგინეთ, რომ აღნიშნულ სპორტს მხოლოდ თეორიულად იცნობთ, შემდეგ კი სტადიონზე გადიხართ და თამაშს იწყებთ. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არაფერი გამოგივათ. ფეხბურთის თამაში და მის შესახებ თეორიული ცოდნის მიღება ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აქტია. მშობლებმა ბავშვების წინ საკუთარი ფინანსების შესახებ ღიად უნდა ისაუბრონ, მათი თანდასწრებით განიხილონ ოჯახის ბიუჯეტი და გადაჭრან ფინანსური პრობლემები. მათ ბავშვებს უნდა აუხსნან, რომ საკრედიტო ბარათი ფინანსების ამოუწურავი წყარო არ არის და მისი გონივრული გამოყენება ყველამ უნდა იცოდეს. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს ერთმანეთისგან განასხვაოს საჭიროებები და სურვილები. მან უნდა იცოდეს, რა სჭირდება ადამიანს აუცილებლად ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

მიეცით ბავშვს მცირედი ფული, რომლის განკარგვას დამოუკიდებლადაც შეძლებს

ბავშვის ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერება თუ გსურთ, მას ფულთან ურთიერთობა უნდა ასწავლოთ. მსგავს შემთხვევებში ნაღდი ფული გამოიყენეთ, რადგან ის საკრედიტო ბარათთან შედარებით ბევრად პრაქტიკულია, ამასთან ბავშვი თავისი თვალით დაინახავს, რომ როდესაც რაიმეს შეიძენს, ფული ერთ წუთში გაქრება. მიეცით ბავშვს საშუალება მაღაზიაში დამოუკიდებლად შევიდეს და სასურველი ნივთები ან ტკბილეული შეიძინოს. უმჯობესია, თუ მას ფულის გამომუშავებასაც ადრეული ასაკიდანვე ასწავლით. მიეცით სახლში რაიმე დავალება, რომლის შესრულების შემთხვევაში მცირედი ფულადი ჯილდო დაუწესეთ.

არ დააბნიოთ ბავშვი ფინანსური ლექსიკის ხშირი გამოყენებით

ბავშვთან ფულზე საუბრისას მისთვის გასაგები ენა უნდა გამოიყენოთ. თუ მას საგადასახადო კოდექსისა და მსგავსი რთული საკითხების შესახებ დაუწყებთ საუბარს, ის ვერაფერს გაიგებს. ფინანსურ ტერმინებში გასარკვევად ბავშვთან ერთად უყურეთ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, მოუსმინეთ სიმღერებს. თუ ტელევიზორის ყურებისას ბავშვი რაიმე გაურკვეველ ფრაზას გაიგონებს, ის აუცილებლად დაგისვამთ კითხვას, თქვენ მიერ გაცემულ პასუხს კი სამუდამოდ დაიმახსოვრებს. უმჯობესია, თუ დაინტერესება ბავშვისგან წამოვა. ნუ მოახვევთ მას თავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მისთვის საინტერესო არ არის. ფინანსისტები თვლიან, რომ ბავშვს გარკვეული ეკონომიკური იდეები ადრეული ასაკიდანვე უნდა მიაწოდოთ. მან უნდა იცოდეს, რომ ფული მის ცხოვრებაში სამომავლოდ დიდ როლს ითამაშებს. ბავშვის დასაინტერესებლად მასთან საუბრისას მეტი სითამამე გამოიჩინეთ. ესაუბრეთ მას მეწარმეობაზე, მიაწოდეთ ცნობები სტარტაპებისა და ინვესტიციების შესახებ, ასე მას უფრო მოტივირებულ და ცნობისმოყვარე ადამიანად ჩამოაყალიბებთ.

აუხსენით ბავშვს, რომ ფული სხვების დასახმარებლად ძლიერ იარაღს წარმოადგენს

ფულზე საუბრისას აუცილებლად განუმარტეთ ბავშვს, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვებთან შედარებით მეტი პრივილეგიებით სარგებლობს. აღნიშნული პრივილეგიები ადამიანმა სწორად უნდა გამოიყენოს. ასწავლეთ თქვენს შვილს მეტი ქველმოქმედების შესახებ. მან უნდა იცოდეს, რომ ფულის დაზოგვა მხოლოდ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად არ სჭირდება, ფული სხვების დასახმარებლადაც უნდა გამოიყენოს. მას არ უნდა დაენანოს საკუთარი ფინანსების სხვებისთვის გაზიარება. ბავშვში თანაგრძნობის უნარის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ. თუ გსურთ თქვენი შვილი მომავალი გამოწვევებისთვის მზად იყოს, ასწავლეთ მას ფულის სიფრთხილით გამოყენება, მისი რაციონალური ხარჯვა და სხვა ადამიანების გასაჭირის გაზიარება.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლის მშვიდი ხმით საუბარი ბავშვსაც ამშვიდებს, ყვირილის დროს კი ემოცია მთავარ სათქმელს აუცილებლად გადაფარავს

მშობლის მშვიდი ხმით საუბარი ბავშვსაც ამშვიდებს, ყვირილის დროს კი ემოცია მთავარ სათქმელს აუცილებლად გადაფარავს

ბევრი ადამიანი დარწმუნებით აცხადებს, რომ როდესაც მშობელი გახდება შვილს არასდროს დაუყვირებს. როდესაც ბავშვი იბადება და იზრდება, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მშობლები ელიან. ორი წლის ასაკიდან ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად იმოქმედოს, ხშირად ჯიუტობს, მშობლების მოთხოვნებს გამუდმებით უარით პასუხობს, რაც ზრდასრულ ადამიანებში საკმაოდ სერიოზულ ემოციურ ძვრებს იწვევს.

მშობლებმა კარგად იციან, რომ დაძაბული ვითარების დროს სიმშვიდის შენარჩუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ქვისგან ნაკეთი თუ არ ხართ, ბავშვების რთულ ქცევასთან გამკლავება ყვირილის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. როდესაც მშობლები კონტროლს კარგავენ და ყვირიან, ისინი ფრუსტრაციას განიცდიან, ბრაზით და რისხვით არიან მოცულები.

ყვირილი გარკვეულ ვითარებაში აუცილებელიც კია, მაგალითად, როდესაც ბავშვი რაღაც სახიფათოს ჩადენას აპირებს და მისი შეჩერება გინდათ. არ არსებობს მშობელი, რომელსაც შვილისთვის არასდროს დაუყვირია. ეს აუცილებლად მოხდება. რატომ არის აუცილებელი სიმშვიდის შენარჩუნება?

  • ყვირილი თქვენს სათქმელს ბავშვამდე ვერ მიგატანინებთ

ყვირილის დროს ემოცია თქვენს სათქმელს ყოველთვის გადაფარავს. ბავშვი ვერ გაიგებს, რის თქმას ცდილობთ, მაგრამ მისი აგრესიული განწყობა უფრო მოიმატებს.

  • ბავშვისთვის ყველაფერი ნაცნობი და მობეზრებულია

მშობელი თუ გამუდმებით ყვირის, ბავშვი ამას ეჩვევა. მას მშობლის ყვირილზე რეაქცია აღარ აქვს და მას აიგნორებს. ხშირად მშვიდი ტონით ნათქვამი სიტყვები მისთვის ბევრად გასაგებია, ვიდრე ყვირილი.

  • ყვირილი ბავშვის თვითშეფასებას აქვეითებს

ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ხშირად უყვირიან დაბალი თვითშეფასება აქვთ. მათ სკოლაში სწავლა უჭირთ და საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა აქვთ. შესაძლოა, ბავშვი განსაკუთრებით აგრესიული იყოს სხვების მიმართ. ის ფიქრობს, რომ დედა და მამა მას გამუდმებით აკრიტიკებენ. ბავშვები, რომლებსაც ხშირად უყვირიან, ფიქრობენ, რომ მშობლებს არ უყვართ.

  • ბავშვები პოზიტიურ გამოცდილებას ვერ იძენენ

ყვირილი მშობლებსა და შვილებს შორის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. პატარები ნეგატიურ ემოციებს გულში ინახავენ და ისტრესებიან. მათ დეპრესია და შფოთვითი აშლილობაც ხშირად აწუხებთ.

  • მშობლები თავს ცუდად გრძნობენ

ყვირილისა და ჩხუბის შემდეგ მშობლებიც ცუდად არიან. ისინი თავს დამნაშავედ და დემორალიზებულად გრძნობენ. უფროსები, რომლებიც ბრაზს ნეგატიურად გამოხატავენ, ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებიან.

ბავშვის მიუღებელ ქცევაზე მშვიდად თუ რეაგირებთ, მას უფრო მეტს ასწავლით და საკუთარ შეცდომებს დაანახებთ.

  • სამოდელო ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია

მშობელმა ბავშვს ემოციებისა და ქცევის კონტროლის იდეალური მაგალითი უნდა მისცეს. თუ ის აკონტროლებს საკუთარ თავს და არ ყვირის, ბავშვი ნეგატიური ქცევის კონტროლს თავადაც სწავლობს.

  • ბავშვები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ

ბავშვები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, როდესაც მათ მკაცრი, მაგრამ კეთილი მშობლები ზრდიან. მშობელი ოჯახის უფროსი უნდა იყოს, რომელიც ყოველთვის თანმიმდევრული, ავტორიტეტული და ამავე დროს მოსიყვარულეა.

მშობლებმა ბავშვს ქცევისა და ემოციების მართვა რომ ასწავლონ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ:

  • გამოავლინეთ ძირითადი პრობლემა

პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა არის პრობლემა, რომლის გამოც შვილებთან კონფლიქტი ხშირად გაქვთ. თუ ბავშვებს დილით სკოლაში ხშირად აგვიანდებათ, ეცადეთ მათი ტანსაცმელი ღამით გაამზადოთ, ჩანთები ერთად ჩაალაგოთ და ყველამ იმაზე ადრე გაიღვიძოთ, ვიდრე იღვიძებთ.

  • იყავით თანმიმდევრული

მცირეწლოვან ბავშვებთან თანმიმდევრულობა და სიმტკიცე აუცილებელია. მათთვის სპეციალური რუტინა შეიმუშავეთ, გქონდეთ წახალისების თქვენეული მეთოდები და დადგენილ წესებს არასდროს გადაუხვიოთ.

  • დაადგინეთ ბავშვის გაღიზიანების ნამდვილი მიზეზი

ბავშვი, შესაძლოა, შიმშილის, ძილის ნაკლებობის ან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ჭირვეულობდეს. ნუ გაუბრაზდებით მას იმაზე, რაც, შესაძლოა, თქვენი უყურადღებობით იყოს გამოწვეული.

  • დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია

მშობელმა მკაცრად უნდა განსაზღვროს, თუ როდის რა უნდა გააკეთოს. ბავშვებთან ყოფნისას პარალელურად რამდენიმე საქმის კეთება მათ ქცევაზე ნეგატიურად აისახება. გადასახადების დაანგარიშება მაშინ, როდესაც ბავშვები თქვენთან ერთად სხედან და სკოლის პროექტზე მუშაობენ, სწორი გადაწყვეტილება არ არის.

  • საკუთარ თავზე კონტროლს თუ კარგავთ, შეისვენეთ

ბავშვები რთულ ქცევას თუ ავლენენ და გრძნობთ, როგორ უმატებთ ხმას, გირჩევთ, ღრმად ჩაისუნთქოთ, რამდენიმე წამით ცალკე გახვიდეთ და დამშვიდდეთ. ეს ქცევისა და ემოციების კონტროლში ძალიან დაგეხმარებათ.

  • ბავშვის ნეგატიურ ქცევას ადეკვატურად უნდა უპასუხოთ

ბავშვი საჭმელს იატაკზე თუ მოისვრის და ღიზიანდებით, მას ნუ დაუყვირებთ. თქვენს შვილს მშვიდად უთხარით, რომ იატაკი მოასუფთავოს, ამასთან აუხსენით, რომ მან სახლში ქაოსი შექმნა.

  • ემოციური გადაწვისას დახმარება ითხოვეთ

ძალიან მძიმე დღეებში, როდესაც ემოციებს ვეღარ აკონტროლებთ, მეგობრებს ან ნათესავებს დახმარება სთხოვეთ. თუ გრძნობთ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა სავსებით ნორმალურია.

  • ბავშვს ემოციების გამოხატვა ასწავლეთ

ბავშვი რომ დამშვიდდება, მას აუხსენით, რომ თავს შეურაცხყოფილად და დათრგუნულად გრძნობთ, რადგან მისმა ქცევამ გული გატკინათ. ამგვარად ის საკუთარი ემოციების გამოხატვასაც ისწავლის. თუ ბავშვს აუხსნით, რომ ყვირილი არასწორი ქცევა იყო, მაგრამ ძალიან ცუდად გრძნობდით თავს და თავი ვერ შეიკავეთ, ის ყველაფერს უკეთ გაიგებს. აუცილებლად უთხარით ბავშვს, რომ ყვირილის მიუხედავად, ის მაინც ძალიან გიყვართ და მისი ქცევა თქვენს გრძნობებს არ ცვლის.

მომზადებულია ​childmind.org - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად