Baby Bag

ყვირილი ბავშვისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც ფიზიკური დასჯა

ყვირილი ბავშვისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც ფიზიკური დასჯა

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბავშვზე ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელი გახდა. თანამედროვე მშობლები შვილებს ხშირად ხმამაღლა უყვირიან, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რამდენად უსარგებლოა ბავშვთან მსგავსი მიდგომის გამოყენება. მშობლები, რომლებიც შვილებს რეგულარულად უყვირიან, დაბალი თვითშეფასების მქონე და დეპრესიულ ბავშვებს ზრდიან. ყვირილი ბავშვისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც ფიზიკური დასჯა. ბავშვებს, რომლებსაც ხშირად უყვირიან, შფოთვითი აშლილობა, სტრესი და დეპრესია აწუხებთ.

რამდენჯერ გიფიქრიათ ცხოვრებაში, რომ ყვირილი სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ბავშვთან მიმართებაში მიიღეთ? როდესაც ბავშვს უყვირით, მის თვალში ავტორიტეტულ პიროვნებად არ წარმოჩინდებით. ბავშვი თქვენ სუსტ ადამიანად აღგიქვამთ და ეს მართლაც ასეა. თქვენი ყვირილი თქვენს სისუსტეზე მიანიშნებს. ის ფიზიკურ დასჯაზე მეტად ააშკარავებს იმას, რომ მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს შვილთან, როდესაც კრიზისული ვითარებაა.

მშობლების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გავიდეს დღე ისე, რომ შვილს ერთხელ მაინც არ დაუყვიროს. რა თქმა უნდა, როდესაც ცდილობთ, რომ ბავშვი მანქანებით სავსე ქუჩაზე გადასვლისგან იხსნათ, ყვირილი სავსებით მისაღებია, მაგრამ ქცევის კორექციის მიზნით ყვირილი ყოველთვის უშედეგოა. თქვენ მალევე აღმოაჩენთ, რომ შვილს ყოველდღიურად ერთსა და იმავე საკითხზე ეჩხუბებით. ამასთან, დროთა განმავლობაში თქვენ უფრო და უფრო ხმამაღლა იწყებთ ყვირილს, რადგან აღნიშნული მეთოდი არასდროს ამართლებს.

ბავშვის ქცევასა და ხასიათში რაიმეს შეცვლა თუ გსურთ, ყვირილი მიზნის მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ. შვილის ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად არაერთი სტრატეგია არსებობს, მანიაკალური ყვირილი კი საჭირო ნამდვილად არ არის. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პოზიტიური მშობლობა სიზარმაცის გამოხატულებაა. ისინი თვლიან, რომ მშობლები, რომლებიც შვილებს არ უყვირიან, დისციპლინაზე დროსა და ენერგიას არ ხარჯავენ. ეს არასწორი შეფასებაა. თუ გსურთ, რომ ბავშვთან პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, მას თქვენი მოლოდინები წინასწარ გააცანით. უთხარით თქვენს შვილს, რას ელით მისგან. ჩვევები, რომლებსაც თქვენი შვილი შეიძენს, თქვენ მიერ უნდა იყოს მოდელირებული. როდესაც ბავშვი თქვენს მოლოდინს ამართლებს, ის აუცილებლად უნდა შეაქოთ და წაახალისოთ. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ყოველდღიურად ეჩხუბოთ მოუწესრიგებელი კარადის გამო, დილით მას მშვიდად უთხარით, რომ გსურთ, კარადა როგორმე მოაწესრიგოს. თუ ბავშვი თქვენს თხოვნას გაითვალისწინებს, ან ნაწილობრივ მაინც შეასრულებს, უთხარით, რომ არაჩვეულებრივად მოიქცა, ჩაეხუტეთ და შეაქეთ.

ბავშვმა აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ მის კარგ ქცევას შექება და აღიარება მოჰყვება. როდესაც ბავშვს აქებთ, თავდაპირველად გაუღიმეთ, ხელები გაშალეთ და გაოცება გამოხატეთ მისი კარგი ქცევით. შემდეგ სიტყვიერად აუხსენით, თუ რატომ დაიმსახურა შექება. ბოლოს კი არავერბალური ფორმით გამოხატეთ აღტაცება და ბავშვს ჩაეხუტეთ.

ბავშვს კარგი ჩვევების ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროთ. იმისთვის, რომ შვილს რამე ასწავლოთ, პრაქტიკა აუცილებლად დაგჭირდებათ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, ბავშვის ისტერიკები და თქვენი დეპრესიული განწყობა მალევე სამუდამოდ გაქრება. როდესაც ბავშვები უკეთესად იქცევიან, მშობლები ნაკლებად ყვირიან, როდესაც მშობლები ნაკლებად ყვირიან, ბავშვები უკეთესად იქცევიან. ეს ოქროს წესი ნებისმიერმა მშობელმა უნდა დაიმახსოვროს.

მომზადებულია ​nytimes.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები ყვირილისა და მუქარის გარეშე
არ არსებობს რაიმე მკაცრად განსაზღვრული წესი, რომელსაც ყველა მშობელი უნდა იცავდეს. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ახალ დღეს ახალი გამოცდილება მოაქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძალიან გამოცდილ მშობლებსაც კი კ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად