Baby Bag

ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან

ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან

ბავშვთან ურთიერთობისას ყველაზე მთავარი იდეალური ბალანსის დაცვაა. როდესაც გადაწყვეტთ, რომ ყველაფერი კარგად გამოგდით და იდეალური მშობელი ხართ, რაღაც ისეთს აღმოაჩენთ, რაც გაფიქრებინებთ, რომ ცდებოდით და ბევრი რამ უნდა შეცვალოთ. მშობლებსა და შვილებს შორის გახსნილი ურთიერთობების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს საკუთარი ემოციებისა და განცდების გამოხატვის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეთ. მათ ისეთი სიყვარული სჭირდებათ, რომელსაც გამუდმებით გრძნობენ, მაშინაც, როდესაც ყველაფერი კარგად არის და მაშინაც, როდესაც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება უხდებათ. მსგავს სიყვარულს ბავშვები მაშინ გრძნობენ, როდესაც მშობლებთან გულახდილი საუბრის შესაძლებლობა ეძლევათ.

ბედნიერი შვილების აღსაზრდელად, აუცილებელია, რომ მათ ძალიან ბევრი სითბო, უპირობო სიყვარული და კომფორტი შევთავაზოთ. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან, განსხვავებით იმ პატარებისგან, რომლებსაც გამუდმებით აკონტროლებენ. მკაცრი მშობლების შვილები ზრდასრულ ასაკში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოპოვებას რთულად ახერხებენ.

ბავშვის თავისუფლების შეზღუდვა, გამუდმებით მის ნაცვლად მოქმედება, მისთვის გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა და პირადი სივრცის წართმევა მშობლის მხრიდან ჭარბი კონტროლის მანიშნებელია. როდესაც მშობლები სიმკაცრეზე უარს ამბობენ და მომავლის დაგეგმვას წყვეტენ, ისინი უფრო მეტად კონცენტრირდებიან ბავშვთან ურთიერთობაზე. კონტროლის შემცირება მშობელსა და შვილს შორის ძლიერ კავშირს ამყარებს და მათ ურთიერთობაზე დადებითად აისახება. ნაკლებად მკაცრი მშობლები, რომლებიც შვილების მიმართ სითბოს ხშირად გამოხატავენ შვილებს ბედნიერების პოვნაში ეხმარებიან.

  • ბავშვები ემოციების გაკონტროლებას სწავლობენ

მშობლები, რომლებიც შვილებს ყველა შეცდომას უსწორებენ, ბავშვს საკუთარი გამოცდილებით სწავლის შესაძლებლობას არ აძლევენ. რა თქმა უნდა, ზრდასრულების ცხოვრებისეული გამოცდილება საკმაოდ მდიდარია. მათ პრობლემების მოგვარება ბავშვებზე უკეთ შეუძლიათ. როდესაც თქვენი შვილის პრობლემების გადაჭრას თავად ცდილობთ, მას გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ართმევთ. ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება მიეცით. თუ ის დაშვებული შეცდომის გამო ინერვიულებს, ჩაეხუტეთ და ანუგეშეთ. ამ გზით ბავშვი ემოციების გაკონტროლებას ისწავლის, რადგან ეცოდინება, რომ სტრესთან გამკლავების საუკეთესო სტრატეგია საყვარელი ადამიანის ჩახუტებაა.

  • ბავშვები მშობლებთან ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებენ

კონტროლის მოყვარულ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან რთულია. როდესაც ვიღაც ცდილობს გამუდმებით გააკონტროლოს შენი ქმედებები და მიგითითებს, როდის რა უნდა აკეთო, მასთან ძლიერ ემოციურ კავშირს ვერ დაამყარებ. მშობლისთვის საკუთარი ემოციების და ოცნებების განდობა რთულია, როდესაც იცი, რომ მას ყველაფერზე აქვს პასუხი. როდესაც მშობლები შვილებს კრიტიკის გარეშე უსმენენ და მათ მიმართ სითბოს გამოხატავენ, ბავშვებს მათთან ძლიერი ემოციური კავშირის დამყარება არ უძნელდებათ. შვილები ენდობიან მშობლებს, რომლებსაც მათი გაგება შეუძლიათ. ისინი გრძნობენ, რომ უფროსებს მათი ესმით. მათ იციან, რომ ცხოვრებაში ძლიერი დასაყრდენი აქვთ, რაც ყველაზე კარგი შეგრძნებაა, რაც შეიძლება, რომ ადამიანმა გამოსცადოს.

  • ბავშვები თავდაჯერებულები და კომპეტენტურები არიან

ბავშვები, რომლებსაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა აქვთ, თავდაჯერებულები არიან. შესაძლოა, მათ ყველაფერი სწორად არ გააკეთონ, მაგრამ ისინი შეცდომებზე სწავლობენ და არასდროს ნებდებიან. თავდაჯერებულ ბავშვებს სტრესთან გამკლავება არ უჭირთ. შვილებს წარუმატებლობის განცდის შესაძლებლობა მიეცით, ამით მათ წარმატებისკენ გაუხსნით გზას. როდესაც მშობლები ყველაფერს აკონტროლებენ, ბავშვს შფოთვითი აშლილობა, თავდაჯერების ნაკლებობა და სტრესი ტანჯავს.

მართალია, კონტროლის შემცირება და ბავშვისთვის დამოუკიდებლობის მიცემა მარტივი არ არის, თუმცა თუ ურთიერთობას ნდობასა და ემპათიაზე დაამყარებთ, თავადვე დარწმუნდებით, რომ მომავალში თქვენი შვილი გაცილებით ბედნიერი, წარმატებული და ძლიერი ადამიანი იქნება.

მომზადებულია ​momtastic.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ შენი შვილი გაზარდონ,“- ნატალია ქუთათელაძე

„როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ შენი შვილი გაზარდონ,“- ნატალია ქუთათელაძე

მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ ბავშვის აღზრდისა და ბავშვზე ზრუნვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილზე ზრუნვა დედისა და მამის ვალდებულებაა:

„მე ვიცოდი, რომ 29 წლის ასაკში როდესაც შვილს აჩენ, არავინ ვალდებული არ არის შენი ოჯახის წევრების გარშემო, რომ მათ გადადონ თავიანთი ცხოვრება და შენი შვილი გაზარდონ. მე ვთვლი, რომ მე და ჩემმა მეუღლემ უნდა გავზარდოთ ბავშვი. დამხმარე ადამიანის გარეშე ფიზიკურად ვერ გავძლებ. არ გამომივა პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი იქნება ჩემს გვერდით, მე მინდა, რომ ის უბრალოდ იყოს ჩემი დამხმარე და არა ბავშვის აღმზრდელი."

„დღევანდელ დღეს, როდესაც ყველას თავისი საქმე აქვს, რთულია თანაბრად გადაანაწილო ბავშვთან ურთიერთობა და საქმე. მე ასეთი განწყობა მაქვს, რომ სანამდეც შევძლებ თან მყავდეს ბავშვი და თან ვატარო. მე ვთვლი, რომ მთავარია დედასთან იყოს ბავშვი. მე ძალიან მომწონს დისციპლინა. მომხრე ვარ რეჟიმის, მაგრამ თანახმა ვარ დავხუჭო თვალი, აერიოს რაღაცები ბავშვს, მაგრამ იყოს ჩემთან ერთად. ვთვლი, რომ ჩემნარიად ვერავინ ვერ მოუვლის, ვერავინ ვერ აბანავებს, ვერ ჩააცმევს,“- აღნიშნულ საკითხზე ნატალია ქუთათელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად