Baby Bag

პატარები უმიზეზოდ არ ტირიან - როგორ გამოვიცნოთ ჩვილის ტირილის მიზეზი

პატარები უმიზეზოდ არ ტირიან - როგორ გამოვიცნოთ ჩვილის ტირილის მიზეზი
ტირილის დეკოდერი - როგორ გამოვიცნოთ ჩვილის ტირილის მიზეზი - აღიშნულის შესახებ ​ბლოგს პედიატრი თამარ ობგაიძე აქვეყნებს. გთავაზობთ მის ბლოგს უცვლელად.

1. მშია!

გამოვლინება:

წყვეტილი, რიტმულად განმეორებადი ტირილი, რასაც თან ახლავს ტუჩების წკლაპუნი, წოვითი მოძრაობები,თითების პირში ჩადება და წოვა.

რა უნდა გააკეთო:

თუ ბუნებრივ კვებაზე გყავს, დაყოვების გარეშე მიეცი ძუძუ, ხელოვნური კვებაზე მყოფ პატარას კი სასწრაფოდ მოუმზადე ხელოვნური ნარევი. თუ თბილი წყალი უკვე მზად გაქვთ, შედარებით იოლად გადარჩები.

2. დავიღალე!

გამოვლინება :

არ გაგიკვირდეს, პატარებიც იღლებიან და გაცილებით მალე, ვიდრე ჩვენ. ამ შემთხვევში მისი ტირილი არ არის ხმამაღალი და ზედმეტად პრეტენზიული, ტირის დაბალი ხმით, შეუსვენებლად, ისრესს თვალებს.

ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარას ძუძუ შესთავაზე, ხელოვნურ კვებისას კი, თუ პატარა უკვე ნაჭამია, მატყუარა საწოვარი მიეცი და ჩააწვინე ლოგინში. არ დატოვოთ ჩაძინებამდე, დაარწიეთ და ჩაძინებაში მიეხმარე.

იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ დააძინებ, დაბალი ტონალობის ტირილი სრულფასოვან ისტერიკაში გადავა და ბავშვის დაძინება უფრო გაგიჭირდება.

3. დისკომფორტი მაქვს!
გამოვლინება :

იწყება ერთეული წამოყვირებით, რაც გადადის გამუდმებულ ტირილში შესვენების გარეშე, რომლის ინტენსივობა თანდათან მატულობს.

რა უნდა გააკეთო:

შეამოწმე საფენი. შეცვალე, თუ ის შარდითაა გაჟღენთილი. ნაწლავთა მოქმედების შემთხვევაში, ჩაბანე, გაამშრალე და მცირე ხნით დააყოვნე ჰაერზე უსაფენოდ, შემდეგ კი ახალი საფენი მოარგე

აიყვანე ხელში და დაამშვიდე.

თუ საფენი მშრალია, დაფიქრდი, ხომ არ სცივა ან სცხელა. პატარები ამ დროსაც ტირიან. ჩახურებულ პატარას ტანსაცმელი შეუცვალე. სიცივის დროს კი დაათბუნე.

4. მუცელი მტკივა !

გამოვლინება:

ძლიერი შეტევითი ტირილი, რასაც თან სდევს მუცლისაკენ ქვედა კიდურების მოხრა, სხეულის მოძრაობები, ჭმხუნის სახეს, წითლდება.

რა უნდა გააკეთო:

გაუკეთე თბილი ხელით მასაჟი მუცლის არეში. დააწვინე მუცელზე. მიეცი ძუძუ ან საწოვარი.

თუ ტირილი არ წყდება, ექიმს დაურეკე.

5. კოლიკა მაქვს!
გამოვლინება:

ძლიერი განუწყვეტელი ტირილი, არ ჩუმდება, იწყება საღამოს საათებში, იგრიხება. დამახახსიათებელი ტირილის ამ შეტევების განვითარება 3 კვირიდან 3 თვემდე ასაკში, უპირატესად საღამოს საათებში.

რა უნდა გააკეთო:

აიყვანე, შესთავაზე ძუძუ, ჩასვი თბილ წყალში წელამდე. მოეფერე, მიიხუტე, გაატარ-გამოატარე ოთახში. განსაკუთრებით მტირალებს გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა შველით, ზოგსაც მანქანით სეირნობა აწყნარებს.

6. ავად ვარ !

დაბალი ტონალობის წამოტირება. პერიოდულად ჩუმდება და ისევ იწყებს ტირილს დაბალ ხმაზე, თითქოს დაღილილია.

რა უნდა გააკეთო:

პირველ რიგში გაზომეთ ტემპერატურა, დააკვირდი. და თუ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ, ექიმს დაუკავშირდი.

7. ყური მტკივა !

გამოვლინება:

ტირის მაღალი ხმით, იქნევს თავს. უარს ამბობს წოვაზე, რადგან ამ დროს ტკივილი უძლიერდება.

რა უნდა გააკეთო:

მიეცი პარაცეტამოლი, რომელიც არჩევის პირველი ჯგუფის პრეპარატია ტკივილისა და ცხელების დროს და დაუკავშირდი ექიმს.

და რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეს ორი რამ:

პატარები უმიზეზოდ არ ტირიან. ტირილი მათი კომუნიკაციაა და ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ.
და კიდევ, ტირილისა და ჭირვეულობის დროს ხშირად საუკეთესო წამალი ძუძუს მიცემაა!

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან, ამ დროს ბავშვის რეალური განცდები იგნორირდება,“ - ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია

ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარების შესახებ საუბრობს:

“ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვობის ასაკიდან იწყება, თუმცა ცვლილებები არასდროს არის გვიან. ჩვენ მუდმივად ვიცვლებით. ემოციური ინტელექტის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოდის თვითგანვითარებაზე, თვითგანათლებაზე. სანამ პატარა თვითგანათლებას დაიწყებს, ის თვითგანვითარების პროცესში უკვე ჩართულია იმით, რომ მოძრაობს, მას აინტერესებს, ის სვამს ბევრ კითხვას, ტეხავს, აფუჭებს, ტირის, ბრაზობს. მშობლის მხრიდან უმთავრესია ბავშვის ემოციების შემჩნევა და დანახვა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე შენ შეგამჩნიე შენი ბრაზით, შენი სიხარულით.“

ნინო ახალაიას თქმით, მშობლებს ხშირად არ სურთ შვილების ნამდვილი ემოციების გაგება, რაც ბავშვისადმი მათი ეგოცენტრული დამოკიდებულებით აიხსნება:

„ძალიან ადვილია ბედნიერი ადამიანის მიღება. მშობლები ხშირად ბედნიერი შვილის და ბედნიერი ოჯახის სკულპტურის ძერწვაში იკარგებიან. ასეთ დროს იგნორირდება რეალური განცდები. როდესაც პატარა ტირის, პირველი რა ხდება? მაშინვე იწყება ნუგეში, ან კანფეტით, ან შოკოლადით. ბავშვს ეუბნებიან, რომ სადმე წაიყვანენ, გაართობენ. შეიძლება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შვილი რომ ტირის, მაგრამ ეგოცენტრული გადაწყვეტილებაა ბავშვის გაჩუმება. ნუგეში თუ იმას გულისხმობს, რომ მე შენ გაგაჩუმებ, როდესაც ჩხუბობ, ტირი, ექსპრესიული ხარ, ეს ეგოიზმია. პირველი არის მხარდაჭერა იმით, რომ ვკითხოთ ბავშვს: როგორ გრძნობ თავს? როგორ ხარ? რას გრძნობ? რა ემოციები გაქვს?“

„მე, როგორც პრაქტიკოსი თერაპევტი, მოზრდილებთან მუშაობის დროს ხშირად ვაწყდები პრობლემას, როდესაც მათ ვეკითხები: რას გრძნობთ? მათ არ იციან რა მიპასუხონ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არის კონტაქტი საკუთარ სხეულთან, საკუთარ ემოციებთან,“ - აღნიშნავს ნინო ახალაია. 

წაიკითხეთ სრულად