Baby Bag

8 საბავშვო პროდუქტი, რომელსაც გამოცდილი მშობლები არასდროს ყიდულობენ

8 საბავშვო პროდუქტი, რომელსაც გამოცდილი მშობლები არასდროს ყიდულობენ

​​გამოცდილი მშობლებიარასდროს ყიდულობენ ისეთ საბავშვო პროდუქტებს, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის. ჩვენს სტატიაში სწორედ იმ პროდუქტებს გაგაცნობთ, რომელთა შეძენისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ.

1. გამოსაკრავი ბალიშები

მშობლები გამოსაკრავ ბალიშებს ხშირად ყიდულობენ, რათა პატარები საწოლზე თავის მირტყმის შემთხვევაში ტკივილისგან დაიცვან. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ეს ლამაზი აქსესუარები საკმაოდ სახიფათოა. მათი გამოყენება ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს ზრდის. მსუნთქავი მასალისგან დამზადებულმა ბალიშმაც კი, შესაძლოა, სუნთქვა შეუკრას ბავშვს. ჩვილის საწოლს მოაშორეთ ყველა ისეთი აქსესუარი, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

2. ვიწრო კენგურუ

მართალია, კენგურუ საკმაოდ მოსახერხებელი და საჭირო პროდუქტია, რომელიც ბავშვის ტარებაში გეხმარებათ, მაგრამ კენგურუების დიდი ნაწილი ბავშვისთვის სახიფათოა. თუ კენგურუ მეტისმეტად ვიწროა და ბავშვი არასწორ პოზიციაშია, ბარძაყის ამოვარდნილობის რისკი მატულობს. აღნიშნული საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ექვს თვემდე ასაკის ბავშვებში. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შეძენილი კენგურუ საკმარისად განიერია და ბავშვს ფეხები ძირს ბოლომდე არ აქვს დაშვებული.

3. ჭოჭინა

ბავშვი სახლში თავისით გადაადგილებას რომ იწყებს, მშობლების დიდი ნაწილი ჭოჭინის შეძენას ჩქარობს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. კანადაში, ჭოჭინების გამოყენება აკრძალულია. ჭოჭინა ბავშვს აიძულებს ფეხზე დადგეს და იაროს, მაშინ, როდესაც მისი ფეხის კუნთები ჯერ კიდევ არ არის ამისთვის მზად. ჭოჭინა ტრავმების მიღების ალბათობასაც მნიშვნელოვნად ზრდის. ექიმები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს, რომლებიც ჭოჭინაში დიდ დროს ატარებენ, ფიზიკური განვითარების შეფერხების პრობლემა აქვთ. ბავშვები იატაკზე ხოხვისას ვითარდებიან. ამ პროცესის ჭოჭინით ჩანაცვლება მათ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.

4. ბავშვის აბაზანის სკამი

ორ წლამდე ასაკის ყოველი სამი ბავშვიდან ერთს აბაზანის სკამის გამოყენებისას დახრჩობის საფრთხე ემუქრება. მშობლები შეცდომით ფიქრობენ, რომ აბაზანის სკამი ბავშვის უსაფრთხო ბანაობის გარანტია. ბავშვი შესაძლოა სკამით მოცურდეს და წყალში აღმოჩნდეს, რის გამოც ამ პროდუქტის გამოყენებას არ გირჩევთ.

5. ბავშვის საწოლი მოხსნადი ზღუდეებით

ბავშვის საწოლი, რომელსაც მოხსნადი ზღუდე აქვს, ნამდვილად არ გამოგადგებათ. შესაძლოა, ზღუდე კარგად არ იყოს მიმაგრებული საწოლზე, მოცურდეს და ბავშვი გადმოვარდეს. გირჩევთ, ბავშვისთვის სტანდარტული საწოლი შეიძინოთ, რომელსაც ზღუდე მყარად აქვს მიმაგრებული.

6. საბავშვო ბალიში

ბალიში არამხოლოდ ბავშვის სუნთქვის შეკავების საფრთხეს ქმნის, არამედ ის ორ წლამდე ასაკის პატარებისთვის საჭირო საერთოდ არ არის. ბალიშის გამოყენება მას შემდეგ უნდა დაიწყოთ, რაც ბავშვის მხრები თავთან შედარებით უფრო განიერი გახდება.

7. სლინგი, რომლებიც ცალ მხარზე უნდა გადაიკრათ

ბაზარზე სლინგების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. ცალ მხარზე გადასაკრავი სლინგი ბავშვისთვის ძალიან სახიფათოა. მსგავს სლინგებში პატარები სახით დედის მკერდს ეკვრიან, რის გამოც სუნთქვა უძნელდებათ. ნებისმიერი სლინგის გამოყენება არასასურველია ოთხ თვემდე ასაკის ბავშვებთან.

8. კისრის გასაბერი კამერა

ცურვა ბავშვისთვის არაჩვეულებრივი ვარჯიშია. მას ცურვის დროს სპეციალური აღჭურვილობა არ სჭირდება. კისრის კამერები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შეიქმნა. მსგავსი კამერა ბავშვს წყალში თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობას არ აძლევს. პატარა წყალში პასიურად ტივტივებს.

ესენია საბავშვო პროდუქტები, რომლებსაც მცოდნე დედები არასდროს ყიდულობენ, თუმცა მათ იციან, რომ აუცილებლად უნდა გამოიწერონ ჩვილის საჭიროებებზე მორგებული ჩანთა - ​Baby Bag. 

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

სწორია თუ არა მიდგომა: „ბავშვი იტირებს და თავისით დაიძინებს?“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

სწორია თუ არა მიდგომა: „ბავშვი იტირებს და თავისით დაიძინებს?“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვის მშობლებთან ერთად ან ხელში დაძინების ჩვევაზე ისაუბრა:

„ხშირად რა გვემართება მშობლებს, დედებს, მათ შორის, მეც, ჩვენ თვითონვე გვიჭირს ბავშვთან განშორება. ესეც გასამიჯნია. ხშირად პატარებს ვაბრალებთ, რომ სულ ჩემთან წევს. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენთან იწვეს? ეს კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შეცდომა არ არის, იმიტომ, რომ დედა და შვილი ძალიან სიმბიოზში არიან ერთმანეთთან. თუ დედა მშვიდი და კმაყოფილია, ბავშვიც გაცილებით კარგად არის.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ბავშვისთვის მშობელთან სხეულებრივი შეხება ძალიან მნიშვნელოვანია:

„ბავშვისთვის სხეულებრივი შეხება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ მათ ბევრი რამ აწუხებთ. შეიძლება კბილები ამოსდით, მუცელი სტკივათ. ყოველი მისი წამოტირება ნიშანია, რომ „დამეხმარე.“ როდესაც ბავშვს ვეფერებით, ვეხუტებით, ძალიან იცვლება პროცესები ბავშვის თავის ტვინში. ეს არის აუცილებელიც კი. ამით ჩვენ მას არ ვაფუჭებთ, პირიქით, ვეხმარებით, რომ თვითრეგულაცია ნელ-ნელა შეძლოს.“

„არსებობენ ფსიქოლოგები, რომლებიც ამბობენ: „ბავშვი იტირებს და თავისით დაიძინებს, მიეჩვევა.“ ჩემი აზრია, რომ ამ დროს ბავშვში ეს უკმაყოფილება სადღაც გროვდება, გადადის ხასიათში. ბავშვი როდესაც ტირის და ჩვენ ამას არ ვისმენთ, ეს აუცილებლად რაღაცაზე აისახება. მე არ მომეწონებოდა ასე რომ მომქცეოდნენ, არც ჩემს შვილს მოვექეცი ასე და არც თქვენ გირჩევთ,“- აღნიშნლ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად