რა სიმპტომები აქვს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, რამდენად დიდი როლი აქვთ გარშემო მყოფებს ამ დროს და როგორ დავძლიოთ ეს რთული პერიოდი? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.
- მარი, რა პრობლემების წინაშე გვაყენებს მშობიარობის შემდგომი პერიოდი?
- ბავშვის დაბადება, რა თქმა უნდა, უბედნიერესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, თუცა დიდი ბედნიერების მიუხედავად, მშობელს უწევს უამრავ სირთულესთან გამკლავება, სრულიად ახალ რეალობასთან შეგუება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად მოჰყვება ხოლმე მშობიარობას დეპრესია, პოსტნატალური დეპრესია. მშობიარობის შემდეგ დედას თითქმის აღარ რჩება დრო საკუთარი თავისთვის, პარტნიორისთვის, მეგობრებისთვის. ხშირად, უბრალოდ გამოძინებას ან მოწესრიგებას ვერ ახერხებს, რომ არაფერი ვთქვათ გართობასა და განტვირთვაზე.
- რა სიმპტომები ახასიათებს პოსტნატალურ დეპრესიას და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ დეპრესია არ უნდა აგვერიოს, იმ მელანქოლიურ მდგომარეობაში, რომელიც მოჰყვება ხოლმე მშობიარობას და ცნობილია „Baby blues“ სახელით. ახასიათებს ნაღვლიანი განწყობა, შფოთვა, გაღიზიანება, შემცირებული კონცენტრაცია, ძილის პრობლემები, უმადობა. თუმცა ეს მდგომარეობა ორ კვირაზე მეტ ხანს არც გრძელდება ხოლმე. პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომები კი უფრო მძაფრი და ხანგრძლივია, რამაც საბოლოდ ხელი შეიძლება შეუშალოს მშობელს, ბავშვზე ზრუნვასა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში.
ასეთ დროს დედას აქვს:
- უძილობა ან პირიქით სულ ეძინება;
- სულ დაღლილია;
- არ აქვს ენერგია;
- კარგავს მადას, ან ჭამს ჩვეულებრივზე მეტს;
- აღარ ანიჭებს სიამოვნებას მისთვის აქამდე სასიამოვნო საქმიანობები;
- უმეტესად გაღიზიანებულია;
- აქვს უიმედობის, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა;
- უჭირს გადაწყვეტილებების მიღება;
- აქვს პანიკური შეტევები, მწვავე შფოთვა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფიქრები იმაზე, რომ ავნოს საკუთარ თავს ან ბავშვს.
- ფიქრები სუიციდზე. ფიქრობენ, რომ ცუდი დედები არიან და ვერაფერს აკეთებენ სწორად.
პოსტნატალური დეპრესიით მხოლოდ დედები არ იტანჯებიან, ხშირად ახალბედა მამებსაც ტანჯავთ ეს მდგომარეობა. განსაკუთრებით მაღალია რისკი იმ შემთხვევაში, თუ მამას აქამდეც ჰქონია დეპრესია, პრობლემები ურთიერთობებში, ფინანსური პრობლემები. მამის ამ მდგომარეობასაც იგივე ნეგატიური ეფექტი აქვს, როგორც პარტნიორთან ურთიერთობაზე, ასევე ბავშვის განვითარებაზე.
- როგორ გავუმკლავდეთ ამ პერიოდს? თუ არსებობს გზები, სპეციალისტის ჩარევის გარეშე რომ დაძლიოს დედამ დეპრესია?
- პირველ რიგში, მშობელმა უნდა აღიაროს, თქვას, რომ ცუდად არის, იტანჯება. სამწუხაროდ, ძალიან ართულებს ამაზე საუბარს ჩვენი საზოგადოების განწყობა, რადგან შვილი ჰყავს ადამიანს და მიუხედავად ამისა ცუდად არის, იმას არ ნიშნავს, რომ უმადურია ან არ უყვარს თავისი პატარა. უნდა ითხოვოს დახმარება ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, მისცეს საკუთარ თავს მოდუნების, დასვენების, გართობის უფლება.
- რამდენად დიდი როლი აქვს პარტნიორთან და ზოგადად გარშემო მყოფებთან ურთიერთობას პრობლემის დაძლევის პროცესში?
- როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი, მშობებისთვის. ხშირად პარტნიორისგან, ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან არ არის ხოლმე ადეკვატური რეაქცია. როგორც კი გაბედავს დედა და იტყვის, რომ ცუდად არის, საპასუხოდ ისმენს ისეთ ფრაზებს როგორიცაა: „აბა რომ აჩენდი ბავშვს რა გეგონა“, „მე ასეთი 3 გავზარდე და შენ საწუწუნო რა გაქვს“ და ა.შ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ვერ ეხმარება და უფრო ამწვავეს დეპრესიაში მყოფი ადამიანის მდგომარეობას. ხშირად ისეც ხდება, რომ დეპრესიის რომელიმე სიმპტომს, მაგალითად, ადამიანის დაძაბულობას, ენერეგიის არქონას მიაწერენ ადამიანის პიროვნულ თვისებას. ამბობენ ზარმაცია და უჟმურიაო, არადა ამ დროს დეპრესიით იტანჯება ადამიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას თუ რამდენად სერიოზულად მიიღებს პარტნიორი, ოჯახი და ზოგადად გარშემომყოფები დედის ამ მდგომარეობას. მან უნდა დაინახოს, იგრძნოს, რომ კი არ აკრიტიკებენ, ესმით მისი და ცდილობენ დახმარებას.
ბევრ შემთხვევაში, დეპრესია თვეები და წლებიც გრძელდება. თუ გრძნობთ, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, არ გადადოთ სამომავლოდ, მიმართეთ სპეციალისტს. მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტებით, ასევე თერაპიით.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)