როგორ ვმართოთ ბავშვის „მიყიდე“, რომელიც გამოხატულია ტანტრუმის, აგრესიული ქცევის სახით, რა უნდა გავაკეთოთ უხერხული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად საყიდლებზე წასვლამდე და როგორ გავცეთ ყიდვის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი ისე, რომ სიტუაცია არ გავაუარესოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი.
- ხშირად ბავშვები აიკვიატებენ ხოლმე, რომ რაღაცის ყიდვა უნდათ. ამ დროს შეიძლება, მშობელს არ ჰქონდეს საშუალება ან არასაჭირო ნივთი იყოს მათთვის. რა უნდა გააკეთოს მშობელმა მანამ, სანამ ბავშვს ასეთი ქცევა ჩამოუყალიბდება?
- როდესაც ბავშვების ირგვლივ ამდენი საინტერესო, ფერადი და თვალისმომჭრელი სათამაშო, თუ პროდუქტია, გასაკვირიც არ არის, თუ ჩვენს პატარებს აქვთ განსაკუთრებული სურვილი მათი მიღების და რა თქმა უნდა, თვალებში ჩამსხდარი ეშმაკუნებით და მომნუსხველი ღიმილით ითხოვენ ჩვენგან, უფროსებისგან სხვადასხვა ტკბილეულის თუ სასურველი ნივთის შეძენას.
გეთანხმებით, ხშირად ეს ნივთი აბსოლუტურად გამოუსადეგარიც კი შეიძლება იყოს და ყიდვის შემდეგ 10 წუთში, სადღაც, რომელიღაც შარვლის ჯიბეში, ჩანთაში, მანქანის საბარგულში, ან სულაც ნაგავში დაიდოს ბინა, რატომ? იმიტომ, რომ უხშირესად ბავშვები უბრალოდ მოითხოვენ და დიდად არ ინტერესდებიან საჭიროა ის ნივთი მათთვის, თუ არა, ფულის ფუჭად გადაყრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თქვენ შეკითხვაში ახსენეთ „ყიდვის აკვიატებული ქცევა“ და აქვე, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთეული მოთხოვნა, დაუსრულებელი, წუწუნ-ზუზუნით გამოხატული „მიყიდეს“ მოთხოვნისგან.
ერთეული მოთხოვნის დროს, მშობელს აღნიშნული მდგომარეობის გამოყენება თავისუფლად შეუძლია მოლაპარაკების და კომპრომისის ენის სწავლების მიზნით. მოთხოვნის პასუხად მშობლის რეაგირება, ბავშვის საპასუხო რეაქცია, მშობლის ადეკვატური ემოციური რეგულირების უნარი და პატარას ახირებების მიმართ სწორი გამკლავების სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანი პრედიქტორია მომავალში სხვადასხვა სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების. მშობელი 2 ძირითადადი არჩევანის წინაშე დგას: „უყიდოს, თუ არ უყიდოს“. სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ ბავშვთან, მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს, თუ რა ფორმით ითხოვს პატარა სასურველს. ყოველთვის ხაზგასმით მიანიშნეთ და შეაქეთ, თუ მოთხოვნის ფორმა ადეკვატურია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პასუხის გაცემას აპირებთ, აქცენტი მოთხოვნის ადეკვატურ ფორმაზე გაამახვილეთ და არა თხოვნის შინაარსზე.
პრობლემა მარტივად გვარდება, თუ მშობლის გადაწყვეტილება ბავშვისთვის პოზიტიურია. მშობლის პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც სასურველი ნივთის მოთხოვნას მათი მხრიდან მოჰყვება უარი, რისი ადეკვატური გაგრძელებაა, პრეტენზიების კასკადი ბავშვის მხრიდან და ახსნა-განმარტებების ან დაჟინებული ყიდვის მოთხოვნის სერია.
შემაწუხებელია, როდესაც ყიდვის იმპერატიული მოთხოვნა ხდება წინაპირობა ტანტრუმის მოწყობის, რაც განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებში გვხვდება. მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება ყველა შემთხვევაში უალტერნატივოა. მსგავსი დამოკიდებულების საშუალებით ეყრება საფუძველი სოციალური უნარების განვითარებას და ემოციური რეგულაციის სწავლებას.
- თუ უკვე ჩამოუყალიბდა ეს ქცევა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ბავშვის „მინდაზე“ და როგორ უნდა მართონ ეს სიტუაცია?
- როდესაც ვერ ახერხებთ ქცევის დარღვევის პრევენციას და სახეზეა სასურველის მოთხოვნის არაადეკვატური ფორმა, ტანტრუმის, ქცევის დარღვევის, აგრესიული გამოხატულებების სახით, სასკოლო ასაკის ბავშვს:
მნიშვნელოვანია მკვეთრად გაუმიჯნოთ, რომ არც კი განიხილავთ მის სურვილს მანამ, სანამ ამ ფორმით გააგრძელებს სასურველის მოთხოვნას. „როგორც კი შენს მოთხოვნას ადეკვატური სახე ექნება, მოგისმენ“.
არც დადებით და არც უარყოფით პასუხს არ აძლევთ მანამ, სანამ მოთხოვნის ადეკვატურ ფორმას არ გამოიყენებს.
გააგებინეთ, რომ უსმენთ და გესმით, რასაც ითხოვს.
უარის დროს ეცადეთ, გქონდეთ ურყევი პოზიცია. სხვა შემთხვევაში წუწუნის შედეგად მიღებული სასურველი პროდუქტი იქნება წინაპირობა, რომ შემდგომშიც გაგრძელდეს მანიპულაციური ქცევა და ამ გზით მიიღოს ხოლმე სასურველი.
ეცადეთ, უარის თქმას თან ახლდეს თანაგრძნობა და ასევე გაითვალისწინეთ ყურადღების გადართვის ეფექტური სტრატეგიები.
აუცილებლად აიღეთ პაუზა პასუხის დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. ერთი, რომ ბავშვისკენ აგზავნით მესიჯს, რომ განიხილავთ მის წინადადებას და მეორე, რომ ნამდვილად წელავ დროს გადაწყვეტილებისთვის, რა უპასუხო, ღირს თუ არა თემატიკა მოსალაპარაკებლად, უარის ან დადებითი პასუხის სათქმელად.
ასწავლით რა ფორმით მოითხოვოს.
რა ფორმაა მისაღები თქვენთვის და ზოგადად ეფექტურია შემდგომი ურთიერთობებისთვის.
მისი მოთხოვნები განიხილება, უსმენენ და მნიშვნელობას ანიჭებენ.
- როგორ უნდა ავირიდოთ უხერხული სიტუაცია მაღაზიაში, სანამ ისტერიკაში ჩავარდება პატარა?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის ოქროს წესების შემუშავებას, რომლის გამოყენებასაც მშობელი, ჯერ კიდევ საყიდლებზე გასვლამდე მიმართავს.
ფრანკლინის სიტყვებია, თუ ჩაგივარდა მოსამზადებელი სტრატეგიები, მოემზადე ჩავარდნისთვის - „By failing to prepare, you are preparing to fail“.
მაღაზიაში წასვლამდე ეუბნებით, თუ რატომ და რისთვის მიდიხართ მაღაზიაში,
ერთად ადგენთ საჭირო პროდუქტების ჩამონათვალს. ეუბნებით, რომ გაქვთ კონკრეტული თანხა საჭირო პროდუქტების საყიდლად.
შესაძლოა, დაუსვათ შეკითხვა - გეგმავს თუ არა რამის შეძენას მაღაზიაში და აქვე სთავაზობთ მისთვის განკუთვნილ, ფიქსირებულ თანხას, რაც გაქვთ გამოყოფილი მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასევე, წინასწარ ეუბნებით, რა მოჰყვება, თუ წესებს დაარღვევს. (უხსნით დეტალურად და საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ დანაპირები შეასრულოთ კიდეც).
ბავშვი ძირითადად ითვალისწინებს წინა გამოცდილებებს ყოველი ახალი მოთხოვნისას, შესაბამისად, ყოველი მოთხოვნა და მისი დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილებისთვის გადადგმული ვერბალური თუ ფიზიკური ნაბიჯი გარკვეული გამოცდილებაა მისი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების გზაზე.
მოლაპარაკების გზა, სიტყვების შინაარსი, მოთხოვნის ფორმა და უარზე რეაგირება, აბსოლუტურად დამოკიდებულია ასაკობრივ კატეგორიაზე, პატარა ასაკის ბავშვებისთვის ტანტრუმის მოწყობა ჩვეულებრივი ამბავია, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ემოციური თვითრეგულაცია, სასკოლო ასაკისთვის „მოლაპარაკებების“ გზით მოთხოვნების მოგვარება მეტად მისაღებია, თუმცა 8 წლიდან ელოდეთ კონტრარგუმენტებს და საკუთარი მოთხოვნების ლეგიტიმურობაზე მტკიცებას. ტანტრუმები ამ ასაკში უკვე აღარ გვხვდება.
- რა არ უნდა ვუთხრათ ასეთ დროს ბავშვს, რაც უფრო მეტ ღელვას გამოიწვევს?
- დავამატებდი რამდენიმე ეფექტურ რეკომენდაციას, „ყიდვის“ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის გასაცემად.
წინადადების დასაწყისში გამოიყენეთ უარყოფითი პასუხის მიზეზი და მხოლოდ შემდეგ დააფიქსირეთ, სიტყვა „არა“ (ხშირად, პირველ სიტყვა „არა“-ს მოჰყვება ხოლმე ისეთი ფრუსტრაცია, რომ შესაძლოა, მიზეზი არც კი გააცნობიეროს ბავშვმა, ვეღარც გაიგოს).
იყავით ერთგული საკუთარი გადაწყვეტილების და ნუ შეცვლით მას. ნუ მისცემთ საშუალებას მანიპულირების, ნუ დაასწავლით, რომ ერთხელ ნათქვამი ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს, მიეცით საკუთარ სიტყვას ფასი.
შესაძლოა, ჩამნაცვლებელი სტრატეგიების გამოყენება. უარის სანაცვლოდ პოზიტიურის შეთავაზება. „ძალიან ძვირია და ვერ ვიყიდით, მაგრამ ამაზე უკეთეს ტკბილეულს სახლში ერთად მოვამზადებთ, დღეს ბებომ საუკეთესო რეცეპტი ჩამაწერინა“.
ყოველთვის წაახალისეთ მისი ქცევა, თუ უარყოფითი პასუხი მშვიდად და ადეკვატური ფორმით მიიღო - არ დაგვავიწყდეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ემოციური უნარია, რაც ემოციური თვითრეგულირების არაჩვეულებრივი მაგალითია, როგორ გაუმკლავდეს უარყოფით პასუხს, იმედგაცრუებას, როგორ დარჩეს ასერტიული აღნიშნულ სიტუაციაში.
- ხშირად მშობლები ყველას თვალწინ ტუქსავენ, ეს როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე?
- ზოგადად ნებისმიერი ტიპის, ეს იქნება საჯარო, თუ პრივატული, დასჯას აქვს თავის შედეგები. აღნიშნული ინფორმაციის სადემონსტრაციოდ საკმარისია კვლევა, რომელიც მაგალითად, 2013 წელს Child Development-ში გამოქვეყნდა. 976 მოზარდზე ჩატარებული ლონგიტუდური კვლევით, რომელიც განიხილავდა დედის და მამის უხეში ვერბალური შენიშვნების, კომენტარების, შეურაცხყოფის გავლენას მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ჰქონდა სხვადასხვა ქცევითი და გუნება-განწყობის (კერძოდ, დეპრესია) აშლილობის სიმპტომები, საკმაოდ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგებით.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ბევრი დრო დაუთმოს ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ბავშვთან წარმატებული კომუნიკაციისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და გარკვეული ჩარჩოების დაწესება ურჩია:
„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება, ის არის უნიკალური ინდივიდი, რომელსაც აქვს თავისუფალი ნება. ნებისყოფა ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ თავისუფალი ნება აქვს. აქ არის ხოლმე სერიოზული დილემა. ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რა სტრატეგია უნდა აირჩიონ. ერთია, რომ ვცემ ჩემს შვილს პატივს, ამიტომ ყველაფრის უფლებას ვაძლევ. ძირითადად არის გავრცელებული ასეთი შეხედულება. ბავშვის განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა არ გულისხმობს უჩარჩოო სიტუაციას და ყველაფრის უფლების მიცემას.“
თამარ გაგოშიძის თქმით, მცირეწლოვან ბავშვებთან მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაციის წესების ცოდნა:
„რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჩვენს არა მეტყველებით, არამედ არავერბალურ კომუნიკაციას. იმისთვის, რომ ჩვენმა ინფორმაციამ მიაღწიოს ბავშვთან სწორად, მნიშვნელოვანია, როგორ ვეტყვით მას რამეს, რას ვეტყვით, ეს ნაკლებად. მნიშვნელოვანია ბავშვის სპეციფიკაც. ნულიდან ათ წლამდე არის ძალიან დიდი ინტერვალი. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. ერთი სტადიიდან გადადიან მეორეზე. განვითარების ორი ტიპი არსებობს: ფსიქო-სოციალური და მორალური. მორალური განვითარების თვალსაზრისით ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგანსხვადასხვა ასაკში. პირველ საფეხურზე ბავშვისთვის მთავარია, რომ თავი აარიდოს უსიამოვნო, ნეგატიურ ემოციას და მოსალოდნელ დასჯას. მან არ იცის რა არის მისაღები და მიუღებელი. აქ საუბარი არ არის მორალზე. ეს ეხება თვრამეტ თვემდე ასაკის ბავშვებს. ამ შემთხვევაში ბავშვთან მორალის კითხვას და ახსნა განმარტებებს აზრი არ აქვს.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვი მისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებას ანგარიშს უწევს:
„მეორე საფეხურზე ბავშვი ჯილდოს ითხოვს წესების შესრულებისთვის. მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი სასიამოვნო შედეგი მიიღოს. ამ სასიამოვნო შედეგის მოლოდინში ის ანგარიშს უწევს სხვა ადამიანს. ეს არის სკოლამდელი ასაკი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვები. ექვსი წლიდან ბავშვი უკვე ანგარიშს უწევს მისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებას. მისთვის მნიშვნელოვანი ხდება ახლო ადამიანებთან ურთიერთობა. ბავშვს უნდა, რომ მათთვის იყოს კარგი გოგო ან ბიჭი.მას უნდა, რომ სხვების სიყვარულს, მოწონებას და აღიარებას მიაღწიოს. ის ცდილობს თავიდან აიცილოს სხვების განაწყენება და იმედგაცრუება.“
თამარ გაგოშიძის თქმით, თვრამეტ თვემდე ასაკის ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტული გარემოს შექმნა:
„თვრამეტ თვემდე ბავშვთან ჩვენი მოლაპარაკება გულისხმობს იმას, რომ მას შევუქმნათ კომფორტული გარემო. თუ ერთ ოთახში ხართ, იქაც მას უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, პატარა ფარდაგი, სათამაშოები. ბავშვი აქედანვე ეჩვევა მოწესრიგებულ გარემოს. სიტყვა ამ შემთხვევაში არ არის წამყვანი ბავშვისთვის და აზრი არ აქვს არც ახსნა-განმარტებებს და არც ჩხუბს. სამ წლამდე ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლობის მიღწევას. დამოუკიდებლობა ბავშვის მომავალი პიროვნების და ნებელობის ჩამოყალიბებისთვის არის მთავარი. როდესაც ბავშვი ცდილობს ყველაფერი თვითონ გააკეთოს, მშობლებს ზოგჯერ ეჩქარებათ, ეშინიათ, რომ ბავშვი ყველაფერს კარგად ვერ გააკეთებს, შესაბამისად ეს ხაზი წყდება. მას რაღაც ასაკში აღარ აქვს ავტონომიის სურვილი. ის დამოკიდებული ხდება მშობელზე. ჩვენ ეს ეტაპი არ უნდა გავუშვათ.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მშობლებს ბავშვთან კომუნიკაცია მონოლოგის რეჟიმში წარმოუდგენიათ, რაც არასწორია:
„კომუნიკაცია არ არის მონოლოგი. როგორც წესი, მშობლები მონოლოგის პოზაში ვართ ხოლმე. არ ვუსმენთ და არ ვუყურებთ ბავშვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა, შესაბამისად ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ისმის კითხვა, არ უნდა წავუყენოთ მოთხოვნები ჩვენს შვილებს? ბავშვს ყველაფრის უფლებას უბრალოდ ვერ მისცემ. ბავშვს თავისუფალი ნება აქვს და არჩევანის თავისუფლება გააჩნია. ყველაფრის უფლება არ არის არჩევანის შესაძლებლობა. ის ვეღარ იყენებს ამ არჩევანს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ და შევხედოთ ჩვენს შვილს. ჩვენ არც ერთმანეთს ვუსმენთ. შევხედოთ ჩვენს გარშემო რა ხდება. საზოგადოებაში ერთმანეთს არ ვუსმენთ, ოჯახში ერთმანეთს არ ვუსმენთ, მით უმეტეს, ბავშვს არ ვუსმენთ. ვიღაც იკითხავს, ორი წლის ბავშვს რა უნდა მოვუსმინოო. მნიშვნელოვანია, რომ კარგად შევხედოთ ორი წლის ბავშვს, გავიგოთ, რა არის მისი ქცევა. შეიძლება სიტყვით არა, მაგრამ ქცევით გამოხატავს ბავშვი თავის სათქმელს, რაც უფრო მცირეწლოვანია ის.“
„მთავარი რამ გვრჩება ყურადღების მიღმა, ბავშვს არ ვუსმენთ. საკუთარი ემოციის გასაკონტროლებლად სამი რამ არსებობს. ერთი, რომ ბავშვს დავაცადოთ, თვითონ გვითხრას, რა აწუხებს, გამოვიწვიოთ ის საუბარში. დამოუკიდებლობის ხარისხი მივცეთ ბავშვს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თვითონ. ერთად გავაკეთოთ ჩვენი ემოციების ვენტილაცია. ბავშვმა რა განიცადა დღის განმავლობაში და მე რა განვიცადე, ერთმანეთს უნდა გავუცვალოთ. მართალია ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, რომ ბავშვისთვის გამოყონ დრო, მაგრამ ეს დრო შეიძლება იყოს 10 წუთი, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ან ნახევარი საათი, ორი საათი. მთავარია, რომ ეს იყოს თქვენი სრულფასოვანი ეგზისტენცია ბავშვებთან, სრული ჰარმონიის პირობებში. მშობლებს ხშირად უთქვამთ: „ბავშვი მეუბნება, რომ დადე ტელეფონი და ისე მეთამაშე.“ ძალიან კარგად ვიცით, რომ მშობლები დაკავებულები არიან. დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ამდენი დრო დაუთმოს კიდევ ბავშვს. ნახევარი საათი რომ დაუთმო ბავშვს სრულფასოვნად ყოველდღიურად, ოღონდ მოთხოვნების გარეშე, უბრალოდ საუბარი და დიალოგი, ეს არის ოპტიმალური ვარიანტი. შენ უბრალოდ უსმენ ბავშვს, არ ეუბნები ,რომ „ეს რა სისულელე გააკეთე.“ მოსმენა არის უნიკალური ფენომენი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.