Baby Bag

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე
სამი შვილის დედის ბლოგი

დღე 1-ლი - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით

ისევ ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ამჯერად, რვის ნახევარზე გამეღვიძა თუ გამაღვიძეს, ეგეც საკითხავია. წუხელ ნატამ გვიან დაიძინა და შესაბამისად, გამოუძინებელი ვარ. კიდევ კარგი, მას მაინც სძინავს.

დათა ადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა მეც უნდა წამოვდგე და ბავშვები გავაღვიძო, რათა ერთი ბაღში და მეორე სკოლაში წაიყვანოს. მანამდე კი...
უფროსს არაჟანი და ალადიკები უნდა, შუათანას კარაქიანი პური, დათას კი - ერბოკვერცხი. დავალება არც ისე რთულია, მთავარია, მისი შესრულებისას შემთხვევით სარკეში არ ჩამეხედოს და არ შევშინდე, საკუთარი თავის არ შემეშინდეს.
ჩაიდანი ადუღდა. ჩაი და ყავა დავასხი და ბავშვების ტანსაცმლების გამზადება დავიწყე, ცალი ხელით ქმრის პერანგს ვაუთოებ. ამჯერადაც არ გამომივიდა, მაგრამ ამ ერთ წვრილ, შავ ხაზს ყელზე მგონი ვერავინ შეამჩნევს. ოღონდ ახლა ესენი გავისტუმრო.
უკვე ცხრის ნახევარია. ცხრაზე სახლიდან გადიან და მეც მაქვს ნახევარი საათი, რომ ნატას გაღვიძებამდე თავს მივხედო. დათა უკვე მზადაა, ახლა ის ორი შვილი უნდა დავარწმუნო, რომ ის ჩაიცვან, რაც გავუმზადე. როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა არ ჭრის და ხელახლა მიწევს ტანსაცმლის კარადაში ხელების ფათური. არის - ცისფერი მაისური და ჭრელი შორტი შუათანას, ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი უფროსს, ესეც მანქანის გასაღები დათას. ჰო, კოცნა და კარის ჩაკეტვაღა დამრჩა. ვუალა!
მაგიდა ასალაგებელია, მაგრამ ამას შემდეგ მივხედავ, რა მეჩქარება. მგონი გუშინდელი ჭურჭელიც დასარეცხია. ამასაც მერე მივხედავ. ნატას გაღვიძებამდე წუთები რჩება. მეც წარმოუდგენელი სისწრაფით შევდივარ სააბაზანოში, ვიბან, ვიხეხავ კბილებს, ვიშრობ თმას, ვიცვამ ხალათას და გამოსულს ნატას ტირილის ხმა მესმის. გაიღვიძა.
ათი საათია. ნატას თავის სკამზე ზის და ჩემს ყოველ ლუკმას ათვალიერებს. არადა, უკვე ვაჭამე, მაგრამ მაინც ის უნდა, რაც მაგიდაზე დევს. ცოტაც და სასეირნოდ წავალთ. სულ ცოტაც, სანამ მზე გამოსულა და დაცხება. მგონი, მაგიდა ისევ ასალაგებელი დამრჩა.
ეზოში სანამ ყველა საქანელასა და სასრიალოს არ მოივლის, სახლში არ მომყვება. მეც, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ (მეზობლებს ისედაც მობეზრებული აქვთ ჩემი და ჩემი შვილის ყოველდღიური სცენები) და მასთან ერთად ვსრიალებ, ვქანაობ, ვგორავ მიწაზე. სახლში მტვერში ამოსვრილები, თუმცა კმაყოფილები ვბრუნდებით. როგორც იქნა, მისი ძილის დროა.
პირველი საათია. მაგიდა ისევ ასალაგებელია, ჭურჭელი გასარეცხი, მაგრამ საჭმელიც მოსამზადებელი. მშიერ კუჭზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ მეც მაცივრისკენ ვიხრები და ინგრედიენტების მოძიებას ვიწყებ. დღეს რა გავაკეთო? ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნატას გაღვიძებამდე ძირითადი საქმის შესრულება მოვასწრო, თორემ მერე სხვა არაფრისთვის არ დამრჩება დრო და თან, ქმარ-შვილის სურვილები გავიხსენო. ნეტა, ყველიანი მაკარონი მითხრეს თუ მოხარშული სოსისი?
სამის ნახევარია. ნატას გაღვიძების დროა, რომ მეორე ძილიც მოასწროს დღეს, თორემ ბავშვების მეცადინეობას წითელი ხაზი გადაესმევა. სადილიც თითქმის მომზადდა. აჰ, მაგიდა დამრჩა ასალაგებელი, ჯანდაბა.
ხუთის ნახევარია. დათამ დამირეკა, რამე ხომ არ გამოვაყოლოო. კი, სიწყნარე, სიმშვიდე, ძილი, მყუდროობა და ბევრი თავისუფალი დრო-მეთქი, გავიფიქრე გულში, რეალურად კი - ნატასთვის ახალი ხილი, ბიჭებისთვის ტკბილეულობა და სახლისთვის პური. სულ ცოტა ხანიც და სახლი საომარ ადგილს დაემსგავსება, სადაც მშობლები გადარჩენისთვის იბრძვიან, შვილები კი - დარჩენისთვის. ვერაფერს ვიტყვი, life is beautiful.
ვსადილობთ. ნატამ დღეს ცუდად ჭამა. ვიცი, რომ ბროკოლი და ბოსტნეული არ უყვარს, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას. მშიერი არაა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ცუდად ჭამა, ამიტომ ახლა ზის და ყველს ლოღნის. უფროსს ათიანი მიუღია მათემატიკაში და ამ ამბით გახარებული „სადმე წაყვანას“ გვთხოვს (ეს შაბათ-კვირამდე გამორიცხულია) შუათანამ ბაღში თვლა ისწავლა და ახლა ენას ავარჯიშებს მაგიდასთან (არ ჩერდება). დათასთან ისევ ძველებურადაა ყველაფერი. ჩემთან ხომ მით უმეტეს.
საღამოა. უმცროსები ეზოში არიან მამასთან ერთად. მე და ჩემი ბიჭი კი ვმეცადინეობთ. ცოტაოდენი ცრემლის შემდეგ წიგნში წასაკითხი გვერდების რაოდენობაზე შევთანხმდით. მე (როგორც იქნა) მაგიდას ვალაგებ, ის კითხულობს. რამდენიმე ხნით სახლში ცოტა იდილიაა, შემდეგ დათას ნატა ამოჰყავს და ვცდილობ თან დავაძინო, თან წაკითხულსაც მივადევნო ყური. ნახევარი ჭურჭელი გაურეცხავი დამრჩა.
ცხრა საათია. ჩაის, გახუხული პურებისა და მულტფილმების დროა. რა თქმა უნდა, ბოლო ხმაზე. დათას ისევ კვერცხი მოუნდა და ტაფასთან ნატასთან ერთად ვდგავარ, რომელსაც მაინცდამაინც ახლა გაახსენდა, რომ დედიკო ძალიან უყვარს. როგორც იქნა, ეს ბრძოლაც მოვიგე. მთავარი მაინც წინაა - ბანაობა და დაძინება. დათას ნატა მივაბარე და ბიჭებთან წყალში შესატოპად მოვემზადე. დღეს ჩემი ჯერია (ნეტა, ვინ მოიფიქრა ეს მორიგეობა, მე ხომ არა?!). ნახევარსაათიანი დივერსიის შედეგად მე სრულიად სველი და ბიჭები მშრალნი გამოვედით ოთახიდან. კიდევ კარგი, დღეს დათა აძინებს მათ. როგორ მაინტერესებს ჩემს დაწყებულ ზღაპარს როგორ გააგრძელებს, მაგრამ მოსასმენად არ მცალია, ნატას მაწონი სურს.
თერთმეტის ნახევარი. ნატას დავდევ, რომ დავბანო და დავაწვინო. ვიცი, რომ ჯერ არ დაიძინებს, მაგრამ საწოლში როცაა, ცოტა მშვიდად ვარ. დევნა მხოლოდ დათას ჩარევით სრულდება და „მამიკოს გოგო“ საწოლშია. როგორც იქნა!
თორმეტი საათია. ყველას სძინავს. სახლში საუკეთესო სიჩუმეა, რაც კი ოდესმე მომისმენია. სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო.

გაგრძელება იქნება...

შეიძლება დაინტერესდეთ

7 შეცდომა, რომელიც მშობლებმა ბავშვის სკოლაში წასვლისას არ უნდა დაუშვან

7 შეცდომა, რომელიც მშობლებმა ბავშვის სკოლაში წასვლისას არ უნდა დაუშვან

მშობლები ბავშვის აღზრდისას ყოველთვის ფიქრობენ, რამდენად სწორად იქცევიან. ყველა შეკითხვაზე ერთი სწორი პასუხის მიღება შეუძლებელია, თუმცა რიგ შემთხვევებში მშობლებს შეცდომების თავიდან არიდება ნამდვილად შეუძლიათ. თუ ბავშვები სკოლაში მიდიან, ეს 7 შეცდომა არ უნდა დაუშვათ:

1. ბავშვის სკოლაში მიყვანისას ზედმეტად ემოციური ნუ იქნებით

ბავშვები სკოლაში მისვლისას ძლიერ ემოციებს განიცდიან. ზოგიერთი ტირის, შფოთავს და ღელავს. პატარებს მშობლებთან განშორება არ სურთ, რადგან მათთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. თუ მშობელი ბავშვზე მეტად ღელავს და მას აგრძნობინებს, რომ უჭირს შვილთან განშორება, ბავშვს ეს განწყობა გადაედება. თუ სკოლის პირველ დღეს ღელავთ, თქვენი განცდები ბავშვს არ აგრძნობინოთ. ბავშვს მშვიდად დაემშვიდობეთ და მის თვალწინ დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ.

2. ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში დახმარებაზე უარი არ უთხრათ

ბავშვისთვის დამოუკიდებლობის სწავლება მნიშვნელოვანია, თუმცა მას გარკვეული წინამძღოლობა სჭირდება, რათა დროის სწორად გადანაწილება ისწავლოს და დავალების მომზადება შეძლოს. მშობელმა ბავშვს უნდა აუხსნას, რომ გაკვეთილების მომზადება ბოლო წუთისთვის არ უნდა გადადოს. ზოგჯერ სასწავლო წლის დასაწყისში მსგავსი ტიპის დახმარება უფროსკლასელებსაც სჭირდებათ. როგორც წესი, მათ ბევრად მეტი დავალება აქვთ შესასრულებელი და პატარებზე მეტადაც იღლებიან, რის გამოც, ზოგჯერ დროის გადანაწილებასა და პრიორიტეტების შემუშავებაში მშობლების თანადგომა სჭირდებათ.

3. ნუ მოახვევთ ბავშვს თავს საკუთარ შიშებს

ბავშვის სკოლაში წასვლის წინ მშობელი ხშირად ბავშვზე მეტადაც ღელავს. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა კლასში კარგი შთაბეჭდილება დატოვოს და კარგად ისწავლოს. ხშირად მშობელი საკუთარ შიშებს ბავშვს უზიარებს, რაც მას ზიანს აყენებს. არ უთხრათ ბავშვს, რომ შიშობთ, შეიძენს თუ არა ის მეგობრებს, ან მიიღებს თუ არა კარგ შეფასებას. ნუ დაზაფრავთ ბავშვს ნეგატიური მოლოდინებით.

4. კარგად გაარკვიეთ, რა უნდა შეიძინოთ სასკოლოდ ბავშვისთვის

ხშირად მშობლები თვლიან, რომ ზუსტად იციან, რა ნივთები სჭირდება ბავშვს სკოლისთვის, თუმცა აღმოჩნდება, რომ ბავშვი უამრავი საჭირო ნივთის გარეშე რჩება, როდესაც სკოლაში მიდის. კარგად გაარკვიეთ მასწავლებელთან, რა ნივთები უნდა შეიძინოთ.

5. ნუ დატვირთავთ ბავშვს ზედმეტი აქტივობებით

ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი აქტივობით დაკავდება ბავშვი, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს მისთვის. ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობით დაკავება ბავშვს ძალიან ღლის და გამოფიტავს. მართალია, ხელოვნების ან სპორტული აქტივობები ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათ თქვენი შვილის თავისუფალი დრო მთლიანად არ უნდა დაეთმოს. ბავშვს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, მაგრამ მას ზოგჯერ საკუთარ ოთახში მშვიდად ყოფნა და თამაში სჭირდება. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რომელი აქტივობა მოსწონს ყველაზე მეტად და წრეები, რომელზეც ის უნდა ატაროთ, ბავშვთან ერთად შეარჩიეთ.

6. ნუ ისაუბრებთ მასწავლებელზე ცუდად ბავშვის თანდასწრებით

მშობლებს და მასწავლებლებს ხშირად ბევრ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ყველაზე ცუდი, რაც მშობელმა შეიძლება გააკეთოს, ბავშვის თანდასწრებით მასწავლებელზე ცუდად საუბარია. მსგავსმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, კლასში ვითარება გაამწვავოს და ბავშვის განათლებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლები, რომლებსაც ბავშვის მშობლებთან დადებითი დამოკიდებულება აქვთ, ბავშვთან მუშაობაში მეტ ძალისხმევას დებენ.

7. ნუ გააცდენინებთ ბავშვს სკოლის პირველ დღეებს

მართალია, სწავლის დაწყების შემდეგ პირველ დღეებში აკადემიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, თუმცა ბავშვები სკოლაში არიან. ამ დღეებში ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, მასწავლებლებს ეცნობიან, სკოლაში მოქცევის წესებს ითვისებენ. ბავშვები მეგობრებს სწრაფად იძენენ. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ჩამოყალიბების პირველ დღეებში ბავშვი სკოლაში იყოს და კლასელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს.

წყარო: ​Brightside.me

წაიკითხეთ სრულად