Baby Bag

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე
სამი შვილის დედის ბლოგი

დღე 1-ლი - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით

ისევ ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ამჯერად, რვის ნახევარზე გამეღვიძა თუ გამაღვიძეს, ეგეც საკითხავია. წუხელ ნატამ გვიან დაიძინა და შესაბამისად, გამოუძინებელი ვარ. კიდევ კარგი, მას მაინც სძინავს.

დათა ადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა მეც უნდა წამოვდგე და ბავშვები გავაღვიძო, რათა ერთი ბაღში და მეორე სკოლაში წაიყვანოს. მანამდე კი...
უფროსს არაჟანი და ალადიკები უნდა, შუათანას კარაქიანი პური, დათას კი - ერბოკვერცხი. დავალება არც ისე რთულია, მთავარია, მისი შესრულებისას შემთხვევით სარკეში არ ჩამეხედოს და არ შევშინდე, საკუთარი თავის არ შემეშინდეს.
ჩაიდანი ადუღდა. ჩაი და ყავა დავასხი და ბავშვების ტანსაცმლების გამზადება დავიწყე, ცალი ხელით ქმრის პერანგს ვაუთოებ. ამჯერადაც არ გამომივიდა, მაგრამ ამ ერთ წვრილ, შავ ხაზს ყელზე მგონი ვერავინ შეამჩნევს. ოღონდ ახლა ესენი გავისტუმრო.
უკვე ცხრის ნახევარია. ცხრაზე სახლიდან გადიან და მეც მაქვს ნახევარი საათი, რომ ნატას გაღვიძებამდე თავს მივხედო. დათა უკვე მზადაა, ახლა ის ორი შვილი უნდა დავარწმუნო, რომ ის ჩაიცვან, რაც გავუმზადე. როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა არ ჭრის და ხელახლა მიწევს ტანსაცმლის კარადაში ხელების ფათური. არის - ცისფერი მაისური და ჭრელი შორტი შუათანას, ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი უფროსს, ესეც მანქანის გასაღები დათას. ჰო, კოცნა და კარის ჩაკეტვაღა დამრჩა. ვუალა!
მაგიდა ასალაგებელია, მაგრამ ამას შემდეგ მივხედავ, რა მეჩქარება. მგონი გუშინდელი ჭურჭელიც დასარეცხია. ამასაც მერე მივხედავ. ნატას გაღვიძებამდე წუთები რჩება. მეც წარმოუდგენელი სისწრაფით შევდივარ სააბაზანოში, ვიბან, ვიხეხავ კბილებს, ვიშრობ თმას, ვიცვამ ხალათას და გამოსულს ნატას ტირილის ხმა მესმის. გაიღვიძა.
ათი საათია. ნატას თავის სკამზე ზის და ჩემს ყოველ ლუკმას ათვალიერებს. არადა, უკვე ვაჭამე, მაგრამ მაინც ის უნდა, რაც მაგიდაზე დევს. ცოტაც და სასეირნოდ წავალთ. სულ ცოტაც, სანამ მზე გამოსულა და დაცხება. მგონი, მაგიდა ისევ ასალაგებელი დამრჩა.
ეზოში სანამ ყველა საქანელასა და სასრიალოს არ მოივლის, სახლში არ მომყვება. მეც, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ (მეზობლებს ისედაც მობეზრებული აქვთ ჩემი და ჩემი შვილის ყოველდღიური სცენები) და მასთან ერთად ვსრიალებ, ვქანაობ, ვგორავ მიწაზე. სახლში მტვერში ამოსვრილები, თუმცა კმაყოფილები ვბრუნდებით. როგორც იქნა, მისი ძილის დროა.
პირველი საათია. მაგიდა ისევ ასალაგებელია, ჭურჭელი გასარეცხი, მაგრამ საჭმელიც მოსამზადებელი. მშიერ კუჭზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ მეც მაცივრისკენ ვიხრები და ინგრედიენტების მოძიებას ვიწყებ. დღეს რა გავაკეთო? ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნატას გაღვიძებამდე ძირითადი საქმის შესრულება მოვასწრო, თორემ მერე სხვა არაფრისთვის არ დამრჩება დრო და თან, ქმარ-შვილის სურვილები გავიხსენო. ნეტა, ყველიანი მაკარონი მითხრეს თუ მოხარშული სოსისი?
სამის ნახევარია. ნატას გაღვიძების დროა, რომ მეორე ძილიც მოასწროს დღეს, თორემ ბავშვების მეცადინეობას წითელი ხაზი გადაესმევა. სადილიც თითქმის მომზადდა. აჰ, მაგიდა დამრჩა ასალაგებელი, ჯანდაბა.
ხუთის ნახევარია. დათამ დამირეკა, რამე ხომ არ გამოვაყოლოო. კი, სიწყნარე, სიმშვიდე, ძილი, მყუდროობა და ბევრი თავისუფალი დრო-მეთქი, გავიფიქრე გულში, რეალურად კი - ნატასთვის ახალი ხილი, ბიჭებისთვის ტკბილეულობა და სახლისთვის პური. სულ ცოტა ხანიც და სახლი საომარ ადგილს დაემსგავსება, სადაც მშობლები გადარჩენისთვის იბრძვიან, შვილები კი - დარჩენისთვის. ვერაფერს ვიტყვი, life is beautiful.
ვსადილობთ. ნატამ დღეს ცუდად ჭამა. ვიცი, რომ ბროკოლი და ბოსტნეული არ უყვარს, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას. მშიერი არაა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ცუდად ჭამა, ამიტომ ახლა ზის და ყველს ლოღნის. უფროსს ათიანი მიუღია მათემატიკაში და ამ ამბით გახარებული „სადმე წაყვანას“ გვთხოვს (ეს შაბათ-კვირამდე გამორიცხულია) შუათანამ ბაღში თვლა ისწავლა და ახლა ენას ავარჯიშებს მაგიდასთან (არ ჩერდება). დათასთან ისევ ძველებურადაა ყველაფერი. ჩემთან ხომ მით უმეტეს.
საღამოა. უმცროსები ეზოში არიან მამასთან ერთად. მე და ჩემი ბიჭი კი ვმეცადინეობთ. ცოტაოდენი ცრემლის შემდეგ წიგნში წასაკითხი გვერდების რაოდენობაზე შევთანხმდით. მე (როგორც იქნა) მაგიდას ვალაგებ, ის კითხულობს. რამდენიმე ხნით სახლში ცოტა იდილიაა, შემდეგ დათას ნატა ამოჰყავს და ვცდილობ თან დავაძინო, თან წაკითხულსაც მივადევნო ყური. ნახევარი ჭურჭელი გაურეცხავი დამრჩა.
ცხრა საათია. ჩაის, გახუხული პურებისა და მულტფილმების დროა. რა თქმა უნდა, ბოლო ხმაზე. დათას ისევ კვერცხი მოუნდა და ტაფასთან ნატასთან ერთად ვდგავარ, რომელსაც მაინცდამაინც ახლა გაახსენდა, რომ დედიკო ძალიან უყვარს. როგორც იქნა, ეს ბრძოლაც მოვიგე. მთავარი მაინც წინაა - ბანაობა და დაძინება. დათას ნატა მივაბარე და ბიჭებთან წყალში შესატოპად მოვემზადე. დღეს ჩემი ჯერია (ნეტა, ვინ მოიფიქრა ეს მორიგეობა, მე ხომ არა?!). ნახევარსაათიანი დივერსიის შედეგად მე სრულიად სველი და ბიჭები მშრალნი გამოვედით ოთახიდან. კიდევ კარგი, დღეს დათა აძინებს მათ. როგორ მაინტერესებს ჩემს დაწყებულ ზღაპარს როგორ გააგრძელებს, მაგრამ მოსასმენად არ მცალია, ნატას მაწონი სურს.
თერთმეტის ნახევარი. ნატას დავდევ, რომ დავბანო და დავაწვინო. ვიცი, რომ ჯერ არ დაიძინებს, მაგრამ საწოლში როცაა, ცოტა მშვიდად ვარ. დევნა მხოლოდ დათას ჩარევით სრულდება და „მამიკოს გოგო“ საწოლშია. როგორც იქნა!
თორმეტი საათია. ყველას სძინავს. სახლში საუკეთესო სიჩუმეა, რაც კი ოდესმე მომისმენია. სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო.

გაგრძელება იქნება...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას და რა ეტაპებისგან უნდა შედგებოდეს ბავშვის ძილისწინა რიტუალი?

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას და რა ეტაპებისგან უნდა შედგებოდეს ბავშვის ძილისწინა რიტუალი?

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას და რა ეტაპებისგან უნდა შედგებოდეს ბავშვის ძილისწინა რიტუალი? - აღნიშნულ საკითხზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე ესაუბრა. 

- მშობლებისთვის ბავშვის დაძინების პროცესი საკმაოდ რთული პროცესია. რა ასაკიდან შეიძლება შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას?

- გეთანხმებით, იმის მიუხედავად, რომ ძილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და აუცილებლობაა, ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობაში, ჩაძინება, როგორც ასეთი, არის უნარი, რომელიც დასწავლას საჭიროებს. ამ უნარის გამომუშავებას ადრეული ასაკიდანვე სჭირდება რუტინა და რიტუალი. რაც უფრო სწორად დავიცავთ ვადებს და წესებს, მით უფრო გავუადვილებთ პატარას და საკუთარ თავსაც ამ გამოწვევის გადალახვას.

თვითჩაძინება გულისხმობს, რომ ბავშვს ლოგინში ჩაწოლის შემდეგ აღარ სჭირდება ოჯახის წევრის გვერდით ყოფნა და დამოუკიდებლად ახერხებს მშვიდად ჩაძინებას. ღამით გაღვიძების შემთხვევაშიც, დაუხმარებლად შეუძლია შეიბრუნოს ძილი. ბავშვები გამოცდილებისა და ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკში ახერხებენ ამას. 3 წლამდე ასაკში ეს უნარი ძალიან ლაბილურია, თუმცა შეუძლებელიც არ არის. 3 წლის შემდეგ უფრო სტაბილური ხდება, ხოლო სასკოლო ასაკის ბავშვთან უკვე სრულიად რეალური და აუცილებელიც კია.

- არსებობს თუ არა მეთოდები, რომლის საშუალებითაც პატარას მივაჩვევთ თვითჩაძინებას და თუ არსებობს ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ.

- უმთავრესი რეკომენდაცია, როგორ ვასწავლოთ ბავშვს თვითჩაძინება და შეფხიზლების შემთხვევაში ძილის დამოუკიდებლად შებრუნება, არის ადრეული ასაკიდან ძილის რეჟიმის და ჩაძინების რიტუალის სწორად ორგანიზება და მიყოლა.

პირველი ოქროს წესია - რეჟიმი. ეს გულისხმობს ერთი და იგივე დროს დაძინებას და ასევე, სტაბილურ დროს გამოღვიძებას. რეჟიმის ფონზე ორგანიზმს უადვილდება ძილისთვის საჭირო ფიზიოლოგიური მექანიზმების აქტივაცია და ბავშვისთვისაც ეს პროცესი გაცილებით მარტივი და თავისთავადი ხდება. გაითვალისწინეთ, რომ დრო თუ რომელ საათზე დაიძინებს ბავშვი, შეიძლება იყოს ინდივიდუალური, რადგან ის დიდწილად დამოკიდებულია ბავშვის ბიოლოგიურ რიტმებსა და მოთხოვნილებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო იყოს სტაბილური. ბავშვისთვის ინდივიდუალური დროის გამოსათვლელად საჭიროა მის ქცევაზე დაკვირვება. ყველა ბავშვთან დგება ისეთი პერიოდი, როდესაც ეცვლება ქცევა, იწყებს მთქნარებას, იფშვნეტს თვალებს, ჩვეულებრივზე მოთენთილია ან პირიქით, უფრო აჟიტირებულიც, თითქოს იფხიზლებს თავს, მაგრამ სისხარტე და რეაქციები ჩვეულებრივზე განსხვავებული აქვს. საჭიროა ამ დროის დაფიქსირება და შემდეგ ძილისწინა რიტუალის მასზე აწყობა. ასევე, ნუ დაივიწყებთ, რომ გაღვიძებაც ძილის ნაწილია, შესაბამისად, ძილის რეჟიმი გულისხმობს გამოღვიძების საათების დაცვასაც. დილით დროში გადავადებული გამოღვიძება ბუნებრივია გამოიწვევს საღამოს ჩაძინების დროის ცვლილებას.

იგივე უნდა ვთქვათ ადრეული ასაკის ბავშვებში დღის ძილის საათებზეც. თუ დღის ძილის დადგომა და დასრულება გადანაცვლებულია, საღამოს ძილიც ლოგიკურად გადაიწევს. ამიტომ, უნდა გამოვთვალოთ არა მხოლოდ საღამოს ჩაძინების, არამედ გამოღვიძების ოპტიმალური დროც, როდესაც ბავშვი უკვე საკმარისად გამოძინებულია და მზადაა დღის მანძილზე აქტივობებისთვის. ვინაიდან გამოღვიძება უფრო აქტიური პროცესია, ვიდრე ჩაძინება, გაცილებით ადვილია ჩარევა და დახმარება, რომ დროულად გავაღვიძოთ ბავშვი. გამოღვიძების და გამოფხიზლების წახალისება ადვილია ფიზიკური შეხებით - მოფერებით, სინათლის ანთებით, მხიარული მუსიკით, გემრიელი სასუსნავით.

მეორე ოქროს წესი ეხება ძილისწინა რუტინას და რიტუალს. ძილისთვის მზადებას ვიწყებთ საკმარისად ადრე. დღის ძილის წინ 1 საათი შესავალი შეიძლება საკმარისი იყოს, ღამის ძილის წინ 2 საათამდეც შეიძლება დაგვჭირდეს. ანუ, თუ ბავშვი, მაგალითად, 10 საათისთვის ითენთება, ამ დროს სასურველია უკვე ლოგინში იწვეს, მაგრამ ამისთვის მომზადებას დავიწყებთ 8 საათიდან. კერძოდ, ეს პერიოდი თავისუფალი უნდა იყოს აქტიური და ხმაურიანი თამაშებისგან, არ არის სასურველი მეტისმეტად განათებული, მით უფრო ციმციმა და კაშკაშა სინათლეებით დატვირთული გარემო, ასევე, საკვების, განსაკუთრებით მსუყე კერძების, უმი ხილის და ბოსტნეულის, ტკბილეულის მირთმევა, სურპრიზები და მძაფრი ემოციები. ეს ყველაფერი დღის მანძილზე აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის ცხოვრებაში, მაგრამ არა ძილის წინ. სამაგიეროდ, რეკომენდებულია მშვიდი სამაგიდო და ხალიჩაზე თამაშები, წიგნების თვალიერება, ხატვა, ძერწვა, მშვიდი მუსიკა. ამას მოჰყვება ტანზე გამოცვლა და ჰიგიენური პროცედურების ჩატარება უკვე აბაზანაში. ამ წესების თანმიმდევრული დაცვა გვეხმარება, რომ ბავშვი ბუნებრივად განეწყოს ძილისთვის და დათქმულ დროს მშვიდად გადავინაცვლოთ საძინებელში. რიტუალის განმეორებადობა ემოციურადაც ამზადებს ბავშვს, რომ თამაში სრულდება და ძილის დრო მოდის. მნიშნველოვანია, რომ ოჯახის სხვა წევრებმაც გაითვალისწინონ და საკუთარი აქტივობებით ხელი არ შეუშალონ ბავშვის ძილის რეჟიმს. შეგვიძლია ჩვენი ქცევითაც დავუმტკიცოთ, რომ ყველა ვემზადებით ძილისთვის და მხოლოდ ბავშვს არ ვაიძულებთ შეწყვიტოს გართობა და დაიძინოს.

ლოგინში ჩაწოლიდან დაახლოებით 30 წუთი შეგვიძლია დავუთმოთ საუბარს, ზღაპრის მოყოლას, წიგნის თვალიერებას, უბრალოდ ჩახუტებას და მუსიკის ან სიმღერის მოსმენას, რის ფონზეც ბავშვი ჩაიძინებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი ზედმიწევნით რუტინული და თავისთავადი გახდება, ვცდილობთ რომ საუბარი თუ მუსიკა შევწყვიტოთ ბავშვის სრულად ჩაძინებამდე, რათა მივცეთ საშუალება „სიჩუმეში“ ჩაიძინოს, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით ვრჩებით მის გვერდით.

შემდეგი ეტაპია ფიზიკურად დაშორება. თუ დასაწყისში ბავშვის საწოლზე ან მასთან ძალიან ახლოს ვართ, შემდეგ ნელ-ნელა ვშორდებით საწოლს, თუმცა ისე, რომ გვხედავდეს და გრძნობდეს ჩვენს გვერდით ყოფნას. მოგვიანებით ოდნავ შეღებული კარი შეიძლება ბავშვისთვის უკვე საკმარისი იყოს, რომ მარტო არ იგრძნოს თავი, თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად მოახერხოს ჩაძინება. ამ პერიოდში, ძალიან კარგად გვეხმარება ე.წ. „დამცავი საგანი“ - ეს არის ბავშვის საყვარელი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება ძილის დროს.

ძალიან რთულია, რომ კონკრეტული ასაკი მივუთითოთ, თუ როდის უნდა გადავიდეთ ერთი ეტაპიდან მეორეზე. 3 წლამდე ბავშვებს უმეტესად ჯერ კიდევ სჭირდებათ სტაბილურად გვერდით ყოფნა. თუმცა 3 წლის შემდეგ, დამოუკიდებლად ჩაძინება უფრო მეტად უნდა წავახალისოთ და სასკოლო ასაკში სასურველია ამის პრობლემა აღარ გვქონდეს.

- ზოგჯერ, როცა ბავშვი არ იძინებს, მშობლები რწევით ცდილობენ მის ჩაძინებას, რამდენად მიზანშეწონილია ეს მეთოდი?

- ჩახუტება და ხელში რწევა ეხმარება ადრეული ასაკის ბავშვს, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი თვეების მანძილზე, რომ თავი იგრძნოს დაცულად. ბუნებრივია, რომ ამ დროს მშვიდდება და ჩაძინებაც უადვილდება. ამავე დროს, გეთანხმებით, რომ მოგვიანებით ეს უკვე ჩვევაში გადადის და ბავშვს უჭირს მის გარეშე ჩაძინება. სწორედ ამიტომ, მოფერება და ჩახუტება შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვის დასამშვიდებლად, მოსადუნებლად ძილის წინა პერიოდში, მაგრამ რწევა ხელში ან თუნდაც საწოლში, 6 თვის შემდეგ სასურველია ეტაპობრივად შევამციროთ და გამოვრიცხოთ ჩაძინების რიტუალიდან. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ჩაიძინოს იმ გარემოში და მდგომარეობაში, ანუ უძრავ ზედაპირზე, როგორშიც უნდა გააგრძელოს ძილი. თუ რწევით ჩავაძინეთ, ღამის მანძილზე ყველა შეფხიზლებაზე მას ისევ რწევით დახმარება დასჭირდება.

მსგავსი რეკომენდაცია უნდა გავცეთ საკვების ან სასმელის გამოყენებაზეც. 6 თვემდე ძილი და კვება ჯერ კიდევ მეტისმეტად გადაჯაჭვული მდგომარეობებია. ამ ასაკამდე კვების პროცესში ჩაძინება, განსაკუთრებით ღამით - სრულიად ბუნებრივია. მით უფრო თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა. 6 თვის ასაკიდან სასურველია რომ კვება აღარ იყოს უშუალოდ ძილის რიტუალის ნაწილი, ანუ, კვების დასრულებიდან ჩაძინებამდე იყოს გარკვეული შუალედი და არ მოხდეს კვების პროცესში ჩაძინება. ეს აძლევს ბავშვს იმის საშუალებას, რომ თანდათან გამიჯნოს ორი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ერთმანეთისგან - დანაყრება და ძილის სურვილი. ბოთლით კვების შემთხვევაში ეს პრობლემა უფრო ადვილად გვარდება. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში დროში ხანგრძლივდება და ხშირად ძუძუთი კვების დასრულებამდე ამის განხორციელება შეუძლებელია ხოლმე. თუმცა მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, ვეცადოთ, რომ კვების დასრულებამდე ვაფხიზლოთ ბავშვი. შემდეგ, რომელიმე მშვიდი ტიპის თამაშით გავართოთ და ისე გადავინაცვლოთ საძინებელში. მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობა არ იყოს მეტისმეტად მოძრავი და ხმაურიანი. ამის შემდეგ საკმარისად ძილმორეული, თუმცა ჯერ კიდევ ფხიზელი ბავშვი უნდა ჩავაწვინოთ იმ საწოლში, სადაც ძილს გააგრძელებს. ასაკის მატებასთან ერთად შუალედი კვებასა და ძილს შორის გაიზრდება. ღამით შეფხიზლების პროცესშიც მაქსიმალურად ავარიდოთ თავი საკვებით და ძუძუთი დამშვიდებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთულად გამოსდით მშობლებს, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა რომ შეუძლებელი არ არის.

- და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?

- მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენი რეკომენდაციები - ძილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, თუმცა ჩაძინება უნარია, რომელსაც სჭირდება სწავლა და გამომუშავება. რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით უფრო გაუადვილდება ბავშვს მისი გათავისება. მნიშვნელოვანია რეჟიმის და რიტუალის ორგანიზება და მიყოლა. ამავე დროს, ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნილებების და ბიოლოგიური რიტმების გათვალისწინება. სიცოცხლის პირველი 3 თვის მანძილზე ბავშვის ფიზიოლოგიური და მათ შორის ძილ-ღვიძილის ციკლი ჩამოყალიბების პროცესშია. თავად ბავშვიც თითქოს ძიების და გარკვევის პროცესშია, ნელ-ნელა ეცნობა საკუთარ ბიოლოგიურ რიტმებს. 3 თვის ასაკიდან უფრო თვალსაჩინოდ ხდება კვების და ძილის რიტმების დარეგულირება და ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენა. ეტაპობრივად იზრდება სიფხიზლის პერიოდების ხანგრძლივობა, კომუნიკაცია და ინტერაქცია, ოჯახის წევრებთან ემოციური უკუკავშირი ხდება უფრო შინაარსიანი და გააზრებული. 6 თვიდან, ზოგჯერ უფრო ადრეც, ასაკის შესაბამისად კვების და ძილის რეჟიმის შემუშავებაზე ზრუნვა უკვე სასურველია. ამისთვის საჭიროა ბავშვის ბიოლოგიურ რიტმებსა და ქცევაზე დაკვირვება და ასაკობრივი მოთხოვნილებების გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ ბავშვის პედიატრს ან ბავშვთა ნევროლოგს დახმარების და რეკომენდაციებისთვის. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად