Baby Bag

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე
სამი შვილის დედის ბლოგი

დღე 1-ლი - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით

ისევ ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ამჯერად, რვის ნახევარზე გამეღვიძა თუ გამაღვიძეს, ეგეც საკითხავია. წუხელ ნატამ გვიან დაიძინა და შესაბამისად, გამოუძინებელი ვარ. კიდევ კარგი, მას მაინც სძინავს.

დათა ადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა მეც უნდა წამოვდგე და ბავშვები გავაღვიძო, რათა ერთი ბაღში და მეორე სკოლაში წაიყვანოს. მანამდე კი...
უფროსს არაჟანი და ალადიკები უნდა, შუათანას კარაქიანი პური, დათას კი - ერბოკვერცხი. დავალება არც ისე რთულია, მთავარია, მისი შესრულებისას შემთხვევით სარკეში არ ჩამეხედოს და არ შევშინდე, საკუთარი თავის არ შემეშინდეს.
ჩაიდანი ადუღდა. ჩაი და ყავა დავასხი და ბავშვების ტანსაცმლების გამზადება დავიწყე, ცალი ხელით ქმრის პერანგს ვაუთოებ. ამჯერადაც არ გამომივიდა, მაგრამ ამ ერთ წვრილ, შავ ხაზს ყელზე მგონი ვერავინ შეამჩნევს. ოღონდ ახლა ესენი გავისტუმრო.
უკვე ცხრის ნახევარია. ცხრაზე სახლიდან გადიან და მეც მაქვს ნახევარი საათი, რომ ნატას გაღვიძებამდე თავს მივხედო. დათა უკვე მზადაა, ახლა ის ორი შვილი უნდა დავარწმუნო, რომ ის ჩაიცვან, რაც გავუმზადე. როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა არ ჭრის და ხელახლა მიწევს ტანსაცმლის კარადაში ხელების ფათური. არის - ცისფერი მაისური და ჭრელი შორტი შუათანას, ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი უფროსს, ესეც მანქანის გასაღები დათას. ჰო, კოცნა და კარის ჩაკეტვაღა დამრჩა. ვუალა!
მაგიდა ასალაგებელია, მაგრამ ამას შემდეგ მივხედავ, რა მეჩქარება. მგონი გუშინდელი ჭურჭელიც დასარეცხია. ამასაც მერე მივხედავ. ნატას გაღვიძებამდე წუთები რჩება. მეც წარმოუდგენელი სისწრაფით შევდივარ სააბაზანოში, ვიბან, ვიხეხავ კბილებს, ვიშრობ თმას, ვიცვამ ხალათას და გამოსულს ნატას ტირილის ხმა მესმის. გაიღვიძა.
ათი საათია. ნატას თავის სკამზე ზის და ჩემს ყოველ ლუკმას ათვალიერებს. არადა, უკვე ვაჭამე, მაგრამ მაინც ის უნდა, რაც მაგიდაზე დევს. ცოტაც და სასეირნოდ წავალთ. სულ ცოტაც, სანამ მზე გამოსულა და დაცხება. მგონი, მაგიდა ისევ ასალაგებელი დამრჩა.
ეზოში სანამ ყველა საქანელასა და სასრიალოს არ მოივლის, სახლში არ მომყვება. მეც, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ (მეზობლებს ისედაც მობეზრებული აქვთ ჩემი და ჩემი შვილის ყოველდღიური სცენები) და მასთან ერთად ვსრიალებ, ვქანაობ, ვგორავ მიწაზე. სახლში მტვერში ამოსვრილები, თუმცა კმაყოფილები ვბრუნდებით. როგორც იქნა, მისი ძილის დროა.
პირველი საათია. მაგიდა ისევ ასალაგებელია, ჭურჭელი გასარეცხი, მაგრამ საჭმელიც მოსამზადებელი. მშიერ კუჭზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ მეც მაცივრისკენ ვიხრები და ინგრედიენტების მოძიებას ვიწყებ. დღეს რა გავაკეთო? ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნატას გაღვიძებამდე ძირითადი საქმის შესრულება მოვასწრო, თორემ მერე სხვა არაფრისთვის არ დამრჩება დრო და თან, ქმარ-შვილის სურვილები გავიხსენო. ნეტა, ყველიანი მაკარონი მითხრეს თუ მოხარშული სოსისი?
სამის ნახევარია. ნატას გაღვიძების დროა, რომ მეორე ძილიც მოასწროს დღეს, თორემ ბავშვების მეცადინეობას წითელი ხაზი გადაესმევა. სადილიც თითქმის მომზადდა. აჰ, მაგიდა დამრჩა ასალაგებელი, ჯანდაბა.
ხუთის ნახევარია. დათამ დამირეკა, რამე ხომ არ გამოვაყოლოო. კი, სიწყნარე, სიმშვიდე, ძილი, მყუდროობა და ბევრი თავისუფალი დრო-მეთქი, გავიფიქრე გულში, რეალურად კი - ნატასთვის ახალი ხილი, ბიჭებისთვის ტკბილეულობა და სახლისთვის პური. სულ ცოტა ხანიც და სახლი საომარ ადგილს დაემსგავსება, სადაც მშობლები გადარჩენისთვის იბრძვიან, შვილები კი - დარჩენისთვის. ვერაფერს ვიტყვი, life is beautiful.
ვსადილობთ. ნატამ დღეს ცუდად ჭამა. ვიცი, რომ ბროკოლი და ბოსტნეული არ უყვარს, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას. მშიერი არაა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ცუდად ჭამა, ამიტომ ახლა ზის და ყველს ლოღნის. უფროსს ათიანი მიუღია მათემატიკაში და ამ ამბით გახარებული „სადმე წაყვანას“ გვთხოვს (ეს შაბათ-კვირამდე გამორიცხულია) შუათანამ ბაღში თვლა ისწავლა და ახლა ენას ავარჯიშებს მაგიდასთან (არ ჩერდება). დათასთან ისევ ძველებურადაა ყველაფერი. ჩემთან ხომ მით უმეტეს.
საღამოა. უმცროსები ეზოში არიან მამასთან ერთად. მე და ჩემი ბიჭი კი ვმეცადინეობთ. ცოტაოდენი ცრემლის შემდეგ წიგნში წასაკითხი გვერდების რაოდენობაზე შევთანხმდით. მე (როგორც იქნა) მაგიდას ვალაგებ, ის კითხულობს. რამდენიმე ხნით სახლში ცოტა იდილიაა, შემდეგ დათას ნატა ამოჰყავს და ვცდილობ თან დავაძინო, თან წაკითხულსაც მივადევნო ყური. ნახევარი ჭურჭელი გაურეცხავი დამრჩა.
ცხრა საათია. ჩაის, გახუხული პურებისა და მულტფილმების დროა. რა თქმა უნდა, ბოლო ხმაზე. დათას ისევ კვერცხი მოუნდა და ტაფასთან ნატასთან ერთად ვდგავარ, რომელსაც მაინცდამაინც ახლა გაახსენდა, რომ დედიკო ძალიან უყვარს. როგორც იქნა, ეს ბრძოლაც მოვიგე. მთავარი მაინც წინაა - ბანაობა და დაძინება. დათას ნატა მივაბარე და ბიჭებთან წყალში შესატოპად მოვემზადე. დღეს ჩემი ჯერია (ნეტა, ვინ მოიფიქრა ეს მორიგეობა, მე ხომ არა?!). ნახევარსაათიანი დივერსიის შედეგად მე სრულიად სველი და ბიჭები მშრალნი გამოვედით ოთახიდან. კიდევ კარგი, დღეს დათა აძინებს მათ. როგორ მაინტერესებს ჩემს დაწყებულ ზღაპარს როგორ გააგრძელებს, მაგრამ მოსასმენად არ მცალია, ნატას მაწონი სურს.
თერთმეტის ნახევარი. ნატას დავდევ, რომ დავბანო და დავაწვინო. ვიცი, რომ ჯერ არ დაიძინებს, მაგრამ საწოლში როცაა, ცოტა მშვიდად ვარ. დევნა მხოლოდ დათას ჩარევით სრულდება და „მამიკოს გოგო“ საწოლშია. როგორც იქნა!
თორმეტი საათია. ყველას სძინავს. სახლში საუკეთესო სიჩუმეა, რაც კი ოდესმე მომისმენია. სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო.

გაგრძელება იქნება...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები აუცილებლად უნდა ჩავრთოთ კერძების მომზადების პროცესში,“ - სოფო ხალვაშის ხრიკები შვილების ჯანსაღი კვებისთვის

მომღერალმა სოფო ხალვაშმა „იმედის დღეში“ იმ სტრატეგიებსა და ხრიკებზე ისაუბრა, რომელთა დახმარებით შვილებს ჯანსაღი კვების პრინციპებს აცნობს:

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბავშვებს არ უყვართ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები. საკვები ჩვენ ისე უნდა შევფუთოთ, რომ მათთვის დასაგემოვნებლად სასურველი გავხადოთ. მე ჩემს მიდგომებს ვიყენებ, რომლებსაც გაგიზიარებთ. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რა არის ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი. დღეს არის იმის საშუალება, რომ ჩვენს შვილებს ვიდეოების სახით ვაჩვენოთ ეს პროდუქტები. ამასთან ერთად, ბავშვები აუცილებლად უნდა ჩავრთოთ კერძების მომზადების პროცესში. მათთვის მომზადების პროცესი ძალიან საინტერესოა. როდესაც ბავშვები კერძს თავად ამზადებენ, ძალიან აინტერესებთ, როგორი გამოუვიდათ, გემრიალია თუ არა. ჩვენ საკვებს ხშირად ვუკეთებთ თვალებს, ცხვირს, პირს. ეს ძალიან მარტივია, სხვადასხვა ბოსტნეული გვაძლევს საშუალებას, რომ ეს გავაკეთოთ. ასეთი ფორმით მირთმეული საკვები მათთვის ძალიან სასურველი და ლამაზია. რაც მთავარია, ბავშვები ჯანსაღ პროდუქტს ეჩვევიან. იგებენ, რა არის სასარგებლო. მე ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა ძალიან გაამართლებს.“

სოფო ხალვაშის თქმით, ჯანსაღი კვების პრინციპების ერთგულებაში მას ხელს მხოლოდ ტკბილეულისადმი განსაკუთრებული სიყვარული უშლის:

„რაც შეეხება ტკბილეულს, აქ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. ტკბილეულთან მიმართებაში მეც მჭირდება რჩევები. ვცდილობ, უფრო ხარისხიანი შოკოლადი ვუყიდო, საყიდლებზე მე წავიდე და ბავშვები არ წავიყვანო. მაღაზიაში ტკბილეული ისეა განლაგებული, რომ ბავშვებს ყველაფრის აღება შეუძლიათ. როდესაც ბავშვი შოკოლადს ძილის წინ მიირთმევს, ეს ძალიან ცუდია, რადგან ტკბილეული ძილს აფერხებს. აქაც მნიშვნელოვანია ავუხსნათ შვილებს, რომ არ შეიძლება, სასარგებლო არ არის და ა.შ. შეიძლება, ბავშვებმა ახსნის შემდეგ შეამცირონ მიღებული ტკბილეულის დოზები.“

„შვილები ყოველთვის გვიყურებენ ჩვენ, მშობლებს, აინტერესებთ, რას ვაკეთებთ და აუცილებლად გვბაძავენ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა გამოვასწოროთ ჩვენი კვების რაციონი და ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით. უმჯობესია, შვილებმა მოგვბაძონ კარგში, ვიდრე ცუდში.“ - აღნიშნა სოფო ხალვაშმა. 

წაიკითხეთ სრულად