Baby Bag

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ მანქანის სამგზავრო სავარძელი ბავშვებისათვის სწორად

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ მანქანის სამგზავრო სავარძელი ბავშვებისათვის სწორად

საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე ექიმი თამარ ობგაიძე თავის ​ბლოგზე პოსტს აქვეყნებს, გთავაზობთ ექიმის რჩევებს სიტყვა-სიტყვით:

„ბავშვის უსაფრთხოება ყველგან მთავარია - მაშინ, როცა მისთვის საკვებს არჩევთ, მაშინაც, როცა სათამოშოს ყიდულობთ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თქვენთან ერთად მანქანით მგზავრობს.

მცირე ასაკის პატარას ღვედით ვერ დაამაგრებთ და ვერც მოზრდილის კალთაში ჩასმით უზრუნველყოფთ მის უსაფრთხოებას.

უსაფრთხო მგზავრობისთვის სპეციალური სავარძელი უნდა გამოვიყენოთ.

რა შეუძლია სავარძელს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა ნამდვილად დამაფიქრებელია - 1 წლამდე ასაკში სპეციალური საბავშვო სავარძლის გამოყენება 70%-ით, ხოლო 1-4 წლამდე ასაკში დაახლოებით 54%-ით ამცირებს ავტოავარიის შემთხვევაში ბავშვის სიკვდილობის რისკს.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში წლებია, არსებობს რეგულაციები, რომლებიც კრძალავს სპეციალური სავარძლის გარეშე ბავშვის მანქანით გადაყვანას.

საქართველოში მსგავსი რეგულაციები ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ის აუცილებელია!

მოდით, ორი პრაქტიკული საკითხი განვიხილოთ - რამდენად სწორად ვარჩევთ და შემდეგ რამდენად სწორად ვიყენებთ სამგზავრო სავარძელს?

ბევრჯერ მინახავს - ახალგაზრდა დედიკოები და მამიკოები სავარძელს გარეგნული პარამეტრებით ან მხოლოდ ფასით არჩევენ, იმითაც, რამდენად კარგად შეესაბმება საბავშვო სავარძლის ფერი მათი მანქანის სალონის ფერს.

იცით, რომ სავარძლები გარეგნული მხარისა და ფასის გარდა ბევრი პარამეტრით განსხვავდება ერთმანეთისაგან?

სავარძლის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ თქვენი პატარას ასაკი და წონა. სავარძლები სწორედ ამ კატეგორიებით იყოფა.

შემდეგი, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის სავარძლის ინსტრუქცია, სადაც მითითებული უნდა იყოს, გავლილი აქვს თუ არა ე.წ ქრაშ-ტესტი ანუ როგორი საიმედოობა გამოავლინა მან ექსპერიმენტული ავარიების დროს.

სანამ საბავშვო სავარძელს შეიძენთ, მოსინჯეთ, როგორ მაგრდება ის თქვენს მანქანაში.

თუ თქვენ არჩევთ მეორად სავარძელს, უნდა გაარკვიოთ, ხომ არ მოხვედრილა ის ავტოავარიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ მას თქვენთვის უხილავი დაზიანებები არ აქვს.

არ შეიძინოთ საბავშვო სავარძელი, თუ მას არ მოჰყვება მწარმოებლის ინსტრუქცია.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფეხებს შორის მოთავსებული ღვედი იყოს ფართო - შეჯახების შემთხვევაში მან არ უნდა დააზინოს პატარას შორისის მიდამო.

იმისათვის, რომ ბავშვი დაცული იყოს გვერდიდან შეჯახებისას, სჯობს, უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ მოდელს, რომელსაც თავისა და მხრების დაცვის გაძლიერებული სისტემა აქვს.

შეძენის შემდეგ აუცილებელია სავარძლის სწორი განთავსება მანქანაში.

საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და დარწმუნებული ვარ, ხშირად გინახავთ - პატარა ზის სავარძელში სახით მოძრობისკენ. არის კი ეს ყველა ასაკორივი ჯგუფისთვის სწორი მდებარეობა?

არა!

გახსოვდეთ, რომ 2 წლამდე ასაკში საბავშო სავარძლის მანქანაში დამაგრება უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვილი სახით მიქცეული იყოს მანქანის სავარძლისაკან და არა მოძრაობის მიმართულებით. ავტოავარიების დროს ეს მის თავსა და სხეულს გაცილებით სრულყოფილდ დაიცავს.

2 წლიდან 5 წლამდე ასაკში სავარძელი უნდა დამაგრდეს ისე, რომ ბავშვი იყურებოდეს სახით წინ, მოძრაობის მიმართულებით.

5 წლის ასაკიდან პატარა შეგიძლიათ დასვათ მანქანის უკანა სავარძელზე განთვსებულ ე.წ ბუსტერზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისათვის და აქვს საკუთარი ღვედი, რადგან ამ ასაკში მანქანის ღვედი ბავშვს მჭირდოდ არ შეეკვრება.

ბუსტერის ღვედი უსაფრთხოდ მაგრდება ბავშვის გულმკერდსა და მუცელზე და ავარიის შემთხვევაში არ მოხდება მისი კისერზე გადაჭერა, რაც მოხრჩობს გამოიწვევს.

მას შემდეგ, რაც მანქანის უკანა სავარძლის ღვედები სრულყოფილად მოერგება ბავშვს, შეგიძლიათ ის უკვე ჩვეულებრივ სავარძელზე დასვათ.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ! არ გამოიყენოთ მანქანის სავარძელი ბავშვის შინ დასაძინებლად ან დროებით უსაფრთხოდ მოსათავსებლად, სანამ თქვენ საშინაო საქმეებით ხართ დაკავებული. მისი ხანგძლივი გამოყენება ზღუდავს პატარას მოძრაობებს, რაც აუცილებელია მისი განვითარებისთვის.

თქვენი ექიმი უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!“

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

​„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,“ - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

წაიკითხეთ სრულად