Baby Bag

„ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი...“

„ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი...“

„​გამარჯობა გოგოებო, დიდი ხანია არ მომიწერია. რაღაცები დავალაგე და მინდა გაგიზიაროთ. დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი (ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს). არა, ადრეც ვფიქრობდი, არ გეგონოთ რომ მხოლოდ სხვებზე გადამკვდარი და საკუთარ თავ დავიწყებული ვყოფილვარ როდესმე, მაგრამ ახლა სხვანაირად დავიწყე. აი, ვფიქრობ როგორც უცხო ადამიანზე ფიქრობენ: რა ჭირდება, რა გაუხარდება, რა უნდა შეცვალოს, რას აკეთებს კარგად და ა.შ.


აღმოვაჩინე, რომ უამრავი რამ უბრალოდ შემთხვევით მახსენდებოდა, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის, დასვენების, ბედნიერების საკითხები. ასევე, ურთიერთობებში (საქმიანს ვგულისხმობ აქ) ადრე წამყვანი იყო ის, რომ "კარგი გოგო" ვყოფილიყავი და ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რომ ვყოფილიყავი ისეთი როგორიც ვარ. პირადში პირიქით, ნაკლებად ვითვალისწინებდი ურთიერთობას. განა განსაკუთრებული რამე მოხდა, არა უბრალოდ დავფიქრდი რომ უფრო კომფორტულია იყო ვინც ხარ და მიგიღოს ყველამ ისეთი როგორიც ხარ, ასევე გაითვალისწინო ის, ვინც გიყვარს. ამისთვის საჭიროა ჯერ შენ გაიგო როგორი ხარ.


ხოდა, ექიმებთან ხო ჩავეწერე სხვადასხვა გამოკვლევაზე, არაფერს ვუჩივი, მაგრამ ბოლოს ექიმთან მესამე მშობიარობისას ანუ ორი წლის წინ ვიყავი. არადა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოფლისა. სპას აბონემენტი ხო ავიღე სასწრაფოდ (ჯანმრთელობა + სილამაზე).


დროს ვუთმობ ფიქრს იმაზე თუ რა გამიხარდება, ვსეირნობ მარტო და ვფიქრობ საკუთარ თავზე, როგორც განყენებულ ადამიანზე.

ვცდილობ კვირაში ერთხელ მაინც სრულიად ბედნიერი დღე მოვუწყო საკუთარ თავს.


ხოდა ვცდილობ ირაკლისთან ურთიერთობა ახალ გასაოცარ ფაზაში გადავიყვანო (ჯერ როგორ არ ვიცი, ამის კონცეფციაზე ვმუშაობ)

მოკლედ მთელი გეგმა მაქვს ამ ამბავზე შედგენილი. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორიც არის, თუმცა ეგეც მოგვარებადია, მთავარია იცოდე საით მიდიხარ.


საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვა პირველ რიგში ჩვენივე მოვალეობაა. ხოდა პატარა ნაბიჯებს ვდგამ, რომ თაკო მართლა ბედნიერი იყოს და არა ისე, როგორც გარედან ჩანს ხოლმე.


მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ვინ რა დროს და როგორ უთმობთ საკუთარ თავს? გაქვთ გეგმა „კარგად-ყოფნის" (well-being plan), თუ შემთხვევით ხდება ყველაფერი?

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი ​

შეიძლება დაინტერესდეთ

„მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა“

„მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა“
სამი შვილის დედის ბლოგი - ნაწილი მე-2 (პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე დღე 1 - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით)

დღე მე-2 - როცა, შაბათ-კვირას წვიმს

„პარასკევ ღამით, ის იყო ნატა დავაძინე, რომ წვიმაც დაიწყო. ზოგადად, წვიმა ძალიან მიყვარს. მიყვარს წვეთების მიწაზე, ფანჯრის რაფაზე და სახურავზე დაცემის ხმა, მიყვარს წვიმის დროს ტელევიზორში ფილმების ყურება, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია მსგავსი რომანტიკა ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. შესაბამისად, წვიმაც გადამიყვარდა. განსაკუთრებით კი, წვიმიანი შაბათ-კვირა შემძაგდა.

შაბათ დილით ისევ მოქუფურული ცა, მოუწესრიგებელი სახლი და მობუზღუნე ქმარი დამხვდა. სანამ დათას ბუზღუნის მიზეზს გავარკვევდი, წვიმამაც დასცხო და ჩემი მთელი კვირის ნალოლიავები იმედები ნარეცხი წყალივით გადარეცხა. დიდი არაფერი, უბრალოდ იმედი მქონდა, რომ მთელ დღეს ბიჭები ეზოში გაატარებდნენ და ეს ამოსუნთქვის საშუალებას მომცემდა, მაგრამ რა გინდა ქნა, როცა ბუნებაც კი შენს წინააღმდეგაა.

წვიმას, როგორც იქნა შევეგუე და ჩემი მომავალი 24 საათი გავააანალიზე, რომ დათას ბუზღუნის მიზეზიც გაირკვა. თურმე უნდა იმუშაოს. მთელი შაბათ-კვირა სახლიდან უნდა იმუშაოს. შესანიშნავია. სრული ბედნიერება მელოდება წინ.

შაბათ დილით ბიჭებმა ისევ ჩვეული არაჟანი და ალადიკები მომთხოვეს, დათამ მხოლოდ ყავა დალია და ოთახში შეიკეტა სამუშაოდ (მადლობა ღმერთს), ნატაც დავაპურე და ჩემთვის ჩაი დავისხი, როცა ტელეფონმა დარეკა. კიდევ კარგი დედაჩემი იყო და არა ვინმე ისეთი, რომელსაც მაინცდამაინც ამ შაბათ-კვირას მოუნდებოდა ჩვენთან სტუმრობა (ამას უბრალოდ ვერ გადავიტანდი). დედასთან საუბარმა ცოტა დამამშვიდა და ბავშვებმაც მათთვის უჩვეულო სიწყნარე გამოავლინეს. დილა მშვიდად გადავაგორე.

შუადღისთის ნატა ბიჭებს მივაბარე, მე კი სამზარეულოს მივაშურე და სადილისთვის მზადება დავიწყე. სასტუმრო ოთახიდან არნახული და არგაგონილი ხმების ნაზავი მოისმოდა, თუმცა ამას მეც და ჩემი მეზობლებიც უკვე მივეჩვიეთ. წვიმაც გაშმაგებით არაკუნებდა ფანჯრებზე, რაც უფრო მეტ სიმძაფრეს მატებდა სასტუმრო ოთახიდან მომავალ ხმებს. კარტოფილს ვჭრიდი, როცა ნატას ტირილის ხმა მომესმა. რამდენიმე წუთში ბიჭებმა თავიანთი და მომირბენინეს, რომელსაც შუბლზე უზარმაზარი კოპი აჯდა. გაბრაზებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ბიჭები ისევ სასტუმრო ოთახში გავაგზავნე (დაე, ბოლომდე დაიღალონ), ხოლო ნატა კი მამამისთან შევგზავნე. დროა, ქმარმაც ცოტა დაისვენოს სამსახურისგან!

სამი საათისთვის სადილი მზად იყო. მადლობა ღმერთს, რომ ისეთი ქმარი მყავს, რომელიც ზოგჯერ მაინც შედის ცოლის მდგომარეობაში და ნატა დააძინა, სანამ მე ბიჭების ნამოქმედარს ვებრძოდი სასტუმრო ოთახში. მართალია, ამის სანაცვლოდ, დარჩენილი დროის მშვიდად გატარებას შევპირდი, მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი ღირდა. სასტუმრო ოთახის დალაგებას (უფრო სწორედ, ადამიანური სახის შენარჩუნებას) ნახევარი საათი მოვანდომე. ამ დროის მანძილზე ბიჭებს ნება დავრთე კომპიუტერთან დამსხდარიყვნენ და თან გულში ვლოცულობდი, რომ ცოტა ხნით მაინც გადაეღო წვიმას, რომ საღამოს მაინც შემძლებოდა მათი ეზოში გაშვება. რა თქმა უნდა, წვიმამ უფრო დასცხო.

ჩემთვის გასაკვირად, სადილმა წყნარად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით, ერთ გატეხილ ჭიქას (დათას გაუტყდა, როცა ბიჭებს აშველებდა) და ნატას დასვრილ კაბას (ბოლო ლუკმა, როგორც ყოველთვის არ მოეწონა). სადილის შემდეგ, დათამ ჩემი პირობა შემახსენა და ისევ ოთახში შეიკეტა, მე კი აულაგებელი მაგიდა, დასვრილი ნატა, გაბრაზებული ბიჭები და გატეხილი ჭიქა შემატოვა (არა, მგონი, ჭიქის ნამსხვრევები აალაგა). მაგიდის ალაგების დრო ახლა ნამდვილად არ იყო, ამიტომ მეც ბიჭებთან და ნატასთან ერთად სასტუმრო ოთახში გადავინაცვლე. ისევ წვიმდა.

საღამოსთვის უკვე არაფრის თავი არ მქონდა. ერთადერთი, რაც შევძელი მაგიდის ალაგება და ჭურჭლის გარეცხვა იყო. ბიჭებს კი თითქოს მეორე სიცოცხლე შეესხათ (საღამოობით ასე იციან ხოლმე) - გადმოყარეს სათამაშოები, ბალიშებით ააწყვეს ციხესიმაგრე, სკამებით გაიყვანეს ლიანდაგი, ხის კოვზებით გამართეს ორთაბრძოლა, პლედებით გაიკეთეს მოსასხამები, გაზეთებით ქუდები და მარკერებით მოიხატეს სახე, გადმოალაგეს ზამთრის ტანსაცმელი და გამოეწყვნენ, მოასწრეს ჩხუბი კომპიუტერთან დაჯდომის რიგზე, შეუვარდნენ დათას ოთახში და მისი ტელეფონი მოიპარეს, იწუწავეს აბაზანაში (თითქოს გარეთ წყალი არ მოდიოდა, თან უფასოდ) და რაც მთავარია, არც წაიკითხეს, არ დაწერეს. სულზე მოვუსწარი, თორემ საღებავებით კედლების მოხატვას აპირებდნენ, სამაგიეროდ, ნატას მოხატვა მოუსწრიათ და ბავშვი ცისფერ ბამბის ქულას ჰგავდა, როცა ვაძინებდი. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ დათას ორჯერ შევუტანე ყავა და სენდვიჩები და სასწაულებრივად ავიცდინე ბიჭების ნასროლი ბალიშები ჩემი ლანგრის მიმართულებით. ისევ წვიმდა.

ღამით, როცა (როგორც იქნა) ყველამ დაიძინა და საკუთარ თავთან და სახლთან მარტო დავრჩი, დავფიქრდი, რომ ხვალაც იგივე დღე მელოდა. წვიმის წვეთებიც არ ჩერდებოდნენ და გამწარებით აჩხაკუნებდნენ სახურავზე, რაფაზე, ასფალტზე, აივნის რიკულებზე. მაშინ დავფიქრდი, რომ ამ ყველაფერშიც კი შეიძლებოდა რაღაც სასიამოვნოს დაჭერა. მერე რა, რომ სახლი ჯუმანჯის მორიგ დავალებად აქციეს, მერე რა, რომ ნატას სახიდან და მკლავებიდან ცისფერი საღებავი ბოლომდე ვერ ამოვიყვანე, მერე რა, რომ ჩემი საყვარელი ბალიში იატაკის საწმენდ ჯოხს დაამსგავსეს და ჩემი ფუნჯები - ცოცხს, მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა, რადგან ამას ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის ვაკეთებდი და როცა ამხელა ნაბიჯი გადავდგი ცხოვრებაში, ბოლომდე უნდა გამეძლო მათთვის, რადგან ისინიც ანალოგიურად მოიქცეოდნენ ჩემთვის. ყველგან და ყოველთვის. ვიგრძენი, რომ ძალიან მინდოდა სამივესთვის დამეხედა, თუ როგორ ეძინათ და დათასთვის გადახდილი საბანი შემესწორებინა. მივხვდი, თუ რისთვის ღირდა სიცოცხლე (ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში მაინც).

კვირაც გათენდა. ისევ წვიმა. ისევ სახლში. ისევ ჯუმანჯი. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები - ხანდახან ძალიან მინდა, რომ ეს ოთხი ადამიანი ერთი ხელის მოსმით გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.“

სამი შვილის დედა თავისი ცხოვრების დეტალებს ​momsedu.ge-ს მეშვეობით კვლავ გაგიზიარებთ


წაიკითხეთ სრულად