Baby Bag

15-დღიანი ჯანსაღი დიეტა, რომელიც არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

15-დღიანი ჯანსაღი დიეტა, რომელიც არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა 15-დღიანი დღეგამოშვებითი ინტერვალური შიმშილის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც წონაში კლების მსურველებისთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანია:

„მსოფლიოში ორი მოსაზრება არსებობს შიმშილთან დაკავშირებით. პირველი გახლავთ ის, რომ თუ ადამიანი საუზმეს არ მიირთმევს, წონის კლება და ჯანსაღი დიეტა შეუძლებელია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. როდესაც კვლევები ჩაატარეს და შეადარეს ადამიანები, რომლებიც საუზმობდნენ და ადამიანები, რომლებიც არ საუზმობდნენ, მათში წონის კლება არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს.

არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება შიმშილობის დროს. ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ცნობილია, რომ თუ ადამიანი შიმშილობს, ხუთჯერ მეტია მეტაბოლიზმის პროცესი, იმიტომ, რომ ცხიმის წვა ამ დროს ძლიერდება. ჩვენ შიმშილობის დროს მკვეთრად გვიუმჯობესდება მეტაბოლიზმი.

მე შევეცდები გასწავლოთ 15-დღიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ ყველანი კმაყოფილი დარჩებით. ეს არის ინტერვალური შიმშილის მეთოდი, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 16-საათიან შიმშილს ვაწესებთ. აუცილებელია, რომ იმ რვა საათში, როდესაც ვიკვებებით, ცილის რაოდენობა იყოს არაუმეტეს 25 გრამისა დღის განმავლობაში. ეს დაახლოებით 4 კვერცხს შეესაბამება. შესაძლებელია ბოსტნეულის მირთმევაც, წვნიანების მირთმევა, მაგრამ ცილის რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული. 16-საათიანი შიმშილის შემთხვევაში მეორე დღეს ჩვეულებრივ ვიკვებებით. ვთქვათ, ორშაბათს ჩვეულებრივ ვიკვებებით, სამშაბათს ვიცავთ 16-საათიან ინტერვალურ შიმშილს, ოთხშაბათს ისევ ჩვეულებრივ ვიკვებებით. ეს არის დღეგამოშვებითი ინტერვალური შიმშილი. 15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით,“- მოცემულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად