Baby Bag

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში,“- ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში,“- ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე

ენდოკრინოლოგმა ნინო ლომთაძემ წონაში კლების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრა:

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში. არარაციონალური კვება და ჭარბად ცხიმისა და ტკბილის მიღება იწვევს წონაში მომატებას. უფრო მინდა ყურადღება გავამახვილო არასწორ დიეტებზე. რაც უფრო მწირია დიეტა, რაც უფრო ნაკლებად მრავალფეროვანია, მით უფრო რთულდება წონაში კლება. როდესაც ორგანიზმი ხედავს, რომ მისთვის საჭირო ძვირადღირებული საწვავი, როგორიც არის კარგი ცხიმი, ნახშირწყალი, კეთილი ცხიმები,  ვიტამინები ცოტა შემოდის, მას ერთვება შიში, პანიკა. ორგანიზმი ცდილობს ცხიმის მობილიზებას და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი პრაქტიკულად შიმშილობს, წონაში კლება აღარ ხდება.

ასეთი მითიც არის, რომ პაციენტს ეშინია ვიტამინის მიღება. ფიქრობს, რომ წონაში მოიმატებს, მადას მოამატებინებს. თუ არის ვიტამინის დეფიციტი, ნივთიერებათა ცვლა ისე სწრაფად აღარ წარიმართება. ყველა ვიტამინი კი არ უნდა მიიღოს ადამიანმა, არამედ კონკრეტულად ის ვიტამინი, რაც აკლია. ავიღოთ რკინადეფიციტური ანემია. რკინის დეფიციტი ავითარებს ჟანგბადის უკმარისობას ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ჟანგბადის უკმარისობაა, ჩვენი ორგანიზმი გვთხოვს, რომ შაქარი მაინც მომეცი, თუ ჟანგბადი არ მაქვს, რკინა არ მაქვს. ამ დროს ძლიერდება მოთხოვნილება საკვებზე, ტკბილზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. დიეტოთერაპია არ მოიცავს მხოლოდ საკვები რაციონის ცვლილებას. ის მოიცავს სწორ კვებას, სითხით დატვირთვას, ფიზიკური აქტივობით დატვირთვას და მოწესრიგებულ ძილს. ეს ჯამში არის სწორი, რაციონალური კვება,“- მოცემულ საკითხზე ნინო ლომთაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად