Baby Bag

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ცუდ ნიშნებს იღებს? – 5 საინტერესო რჩევა მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ცუდ ნიშნებს იღებს? – 5 საინტერესო რჩევა მშობლებს

თუ ბავშვი ცუდ ნიშნებს იღებს, ყვირილი გამოსავალი არ არის და პრობლემის მოგვარებაში არ დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ შვილს სირთულეების აღმოჩენასა და ცვლილებების განხორციელებაში დაეხმაროთ.

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ბავშვმა უნდა ისწავლოს და აკადემიურ მოსწრებაზე უნდა იზრუნოს. სწორედ ამიტომ, შვილების ცუდ ნიშნებზე მშობლები აგრესიულად რეაგირებენ. საკუთარ ემოციებზე კონტროლის დაკარგვა გამოსავალი არ არის. ყვირილი, ბავშვის შეურაცხყოფა და მუქარა თქვენ შორის ურთიერთობას გააფუჭებს და ბავშვის ემოციურ მდგომარეობას დაამძიმებს. ამის საპირისპიროდ, სიმშვიდის შენარჩუნება, ბავშვთან საუბარი და ცუდი ნიშნების მიღების გამომწვევი მიზეზების დადგენა სამომავლოდ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. პრობლემის გადაჭრის გზის მოძიება გაცილებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ვიდრე კონფლიქტური გარემოს შექმნა.

  • გამოყავით და წაახალისეთ პოზიტიური ასპექტები

არ დაგავიწყდეთ იმ საგნების გამოყოფა, რომელშიც ბავშვი კარგ ნიშნებს იღებს. მისი მიღწევები უნდა აღიაროთ. ხშირად წარუმატებლობა წარმატებას ჩრდილავს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. თუ თქვენმა შვილმა მათემატიკაში მაღალი ქულა მიიღო, ხოლო ინგლისურ ენაში დაბალი, მათემატიკაში მისი მიღწევები უყურადღებოდ არ დატოვოთ. მისი მიღწევების აღიარება ბავშვის თვითშეფასებას გააუმჯობესებს, რაც მას მისთვის რთულ საგნებში წარმატების მიღწევას გაუადვილებს.

  • გამოააშკარავეთ შესაძლო პრობლემები, რომლებიც დაბალი ნიშნების მიღმა დგას

ზოგიერთ ბავშვს დასწავლის პრობლემები და სირთულეები აქვს, რასაც სპეციალისტის ჩართულობა და დახმარება ესაჭიროება. გარდა ამისა ოჯახური სირთულეები, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები, ბავშვის ემოციური ინტელექტის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის აკადემიურ მოსწრებაზე. შესაძლოა, თქვენს შვილს ისეთი პრობლემები აქვს, რომლის შესახებ არაფერი იცით. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხები ყურადღების მიღმა არ დატოვოთ.

  • გააუმჯობესეთ ბავშვის დასწავლის ჩვევები და დაეხმარეთ მას დღის განრიგის დაგეგმვაში

სწავლა მხოლოდ სკამზე ჯდომა და წიგნის კითხვა არ არის. დასწავლის ჩვევები და ტექნიკები ძალიან დიდ გავლენას ახდენს კოგნიტური რესურსების სწორად გამოყენებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. ასწავლეთ თქვენ შვილს როგორ გადაანაწილოს დრო სწავლისთვის სწორად, როგორ დაგეგმოს მეცადინეობა და როგორ გამოიყენოს სწორი მეთოდები მასალის ასათვისებლად.

  • შეაქეთ ბავშვი მონდომებისთვის და არა შედეგისთვის

ბავშვი ყოველდღიურად მეცადინეობს, სწავლობს, ნიშნებს კი მას სემესტრის განმავლობაში მხოლოდ რამოდენიმეჯერ უწერენ. მნიშვნელოვანია, მეცადინეობს თუ არა ბავშვი სახლში, ამზადებს თუ არა საშინაო დავალებას. ბავშვს მოტივაცია უნდა გაუჩინოთ, რომ ყოველდღიურად იმუშაოს, იშრომოს და მიზნების მისაღწევად იბრძოლოს. დააფასეთ ბავშვის მონდომება და შრომა. ყურადღებას ნუ გაამახვილებთ მის შედეგებზე. ამით მას მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლებთ და სწავლის პროცესისადმი დადებითად განაწყობთ.

წყარო:​ youaremom.com

წაიკითხეთ სრულად