Baby Bag

ახალი სირტუინის დიეტა - ადელის საოცარი ტრანსფორმაციის საიდუმლო ამოხსნილია

ახალი სირტუინის დიეტა - ადელის საოცარი ტრანსფორმაციის საიდუმლო ამოხსნილია

ახალი დიეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ადამიანებში ცნობისმოყვარეობას სწრაფად აღვიძებს. ყველას, ვისაც წონის პრობლემა აქვს, სურს ახალ დიეტაზე მეტი შეიტყოს, რათა სამომავლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად მისი გამოყენება სცადოს. გასულ კვირაში მთელი მსოფლიო სირტუინის დიეტის შესახებ ალაპარაკდა. ახალი ბრიტანული დიეტა პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი მომღერლის, ადელის ინსტაგრამზე მისი ახალი ფოტო გამოჩნდა. თაყვანისმცემლები გაოცებას ვერ მალავდნენ და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სხეულის საოცრად შეცვლილი ფორმების გამო ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავის ცნობა თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადელის საუცხოო გარდასახვა სწორედ სირტუინის დიეტის დამსახურებაა.


მომღერლის ცნობილ დიეტაში შემავალი საკვები ძალიან ჯანსაღი და სასარგებლოა. ვაშლი, ხუჭუჭა კომბოსტო, მოცვი, მწვანე ჩაი, ციტრუსები, სოიო, წიწიბურა, მარწყვი, კაპარი, ოხრახუში, ყავა და ხახვი ის პროდუქებია, რომლებიც გარდა იმისა, რომ ჯანსაღია, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. სირტუინის დიეტაზე მყოფ ადამიანებს წითელი ღვინისა და შავი შოკოლადის მირთმევის უფლებაც აქვთ. წონაში დაკლების მსურველებს ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი პროდუქტის რაციონში შეტანის შესაძლებლობა აბედნიერებთ.

ადელი და პიპა მიდლტონი, რომლებიც სირტუინის დიეტის მიმდევრები არიან, ხშირად აღნიშნავენ, რომ ადამიანები მათ კვების რეჟიმისა და მიღებული შედეგების შესახებ ძალიან ბევრ კითხვას უსვამენ. ჯადოსნური დიეტა წონაში კლებას და მიღებული შედეგების შენარჩუნებას კვების განსაკუთრებული რაციონის წყალობით უზრუნველყოფს. ყველა პროდუქტი, რომელსაც სირტუინის დიეტაზე ყოფნის დროს მიირთმევთ, დიდი რაოდენობით პოლიფენოლს შეიცავს, აღნიშნული ქიმიური ნივთიერება წონაში კლებისთვის ძალიან ეფექტურია.

პოლიფენოლის შემცველი პროდუქტებით ხანგრძლივად და რეგულარულად კვება ორგანიზმში სირტუინებისთვის მეტაბოლურ გზას ხსნის. სირტუინი ცილაა, რომელიც ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. ის უჯრედებს განადგურებისგან იცავს, ორგანიზმში ანთებით პროცესებს არეგულირებს, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და დაბერების პროცესს აფერხებს. სირტუინის დიეტა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა ხდება. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, თუ რამდენად მდგრადია ის შედეგები, რომელსაც მისი აქტიური მიმდევრები იღებენ. სირტუინის დიეტის ეფექტურობას სრულფასოვნად მხოლოდ რამდენიმე წლის გავლის შემდეგ თუ შევაფასებთ.

სირტუინის დიეტის წყალობით ერთ კვირაში წონაში დაახლოებით 3,5 კილოგრამამდე იკლებთ. მისი მომხიბლავობის და პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ სწრაფი და ეფექტური შედეგის მიღებაა. სირტუინის დიეტა სულ 2 ფაზისგან შედგება. არსებობს სპეციალური წიგნი, რომელიც თითოეული ფაზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაწვდით და საინტერესო რეცეპტებსაც გთავაზობთ, რომელთა დახმარებით კვების რაციონს უფრო სასიამოვნოს და მრავალფეროვანს გახდით.
სირტუინის დიეტის პირველ ფაზაში (იგულისხმება პირველი კვირა) დღის განმავლობაში 3-ჯერ სვამთ ჯანსაღ მწვანე წვენს და მხოლოდ ერთხელ მიირთმევთ სოლიდურ საკვებს, კვირის მიწურულს კი შეგიძლიათ დღეში ორჯერ მიირთვათ სირტუინებით მდიდარი საკვები და მწვანე წვენიც ორჯერ დალიოთ.

დიეტის მეორე ფაზაში (მომდევნო ორი კვირა) თქვენ მიღებულ შედეგებს ინარჩუნებთ და წონის კლებასაც განაგრძობთ. მოცემულ ეტაპზე შესაძლებლობა გაქვთ სირტუინებით მდიდარი პროდუქტებით დღეში 3-ჯერ იკვებოთ, სასარგებლო მწვანე წვენი კი მხოლოდ ერთხელ მიიღოთ. თუ თქვენ წონაში დაკლება მეორე ფაზის შემდეგაც გსურთ, კვლავ პირველ ფაზას უნდა დაუბრუნდეთ და ყველაფერი თავიდან გაიმეოროთ.

დიეტოლოგების ნაწილი სირტუინის დიეტისადმი ნეგატიურად არის განწყობილი. მხოლოდ სირტუინების შემცველი საკვების მიღება მათ არაჯანსაღად მიაჩნიათ. გარდა ამისა, დიეტოლოგები დიეტის პირველ ფაზასაც აკრიტიკებენ, რომელიც მის მიმდევრებს დღის განმავლობაში მხოლოდ 1000-1500 კალორიის მიღების უფლებას აძლევს. ნუტრიციოლოგები მიიჩნევენ, რომ კალორიების წარმოუდგენლად დაბალი რიცხვი ადამიანებს ყოველდღიური აქტივობებისთვის საჭირო ენერგიის მიღებაში ხელს შეუშლის და მათ ჯანმრთელობასაც დააზიანებს.

დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ სირტუინის დიეტაში შემავალი საკვები პროდუქტები რკინითა და ცილებით საკმაოდ ღარიბია. მხოლოდ სირტუინების შემცველი საკვების მიღება ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საკმარისი არ არის. ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი ან მისი ალტერნატივები ადამიანს სრულფასოვანი კვებისთვის აუცილებლად ესაჭიროება. სხვაგვარად ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების საჭირო მარაგს ვერ შეივსებს. ექიმების უმრავლესობა თვლის, რომ წონის მოულოდნელი და სწრაფი კლება სასურველი არ არის, რადგან ჯანმრთელობის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ვიდრე რომელიმე დიეტის საკუთარ თავზე გამოცდას გადაწყვეტდეთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან დიეტოლოგს, გაითვალისწინეთ მათი რჩევები და რეკომენდაციები, რათა საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ. 

--insta--
მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„სწორად წყლის დალევის ფორმულა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში,“ - პედიატრი რუსუდან ჯაში

„სწორად წყლის დალევის ფორმულა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში,“ - პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე ეფექტიანი მეთოდების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, წყლის დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი ამ მხრივ ყველაზე სასარგებლოა:

„იმუნიტეტს ძირითადად აძლიერებს ეს: ​სწორად წყლის დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი. მნიშვნელოვანია ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე, ვისაც ძილის პრობლემები აქვს, ძილის წინ გასეირნება. არ არის საჭირო, რომ აუცილებლად ვირბინოთ, ფიტნეს კლუბებში ვიაროთ. საკმარისია ფეხით სიარული ჰაერზე. მაინც უფრო კვებაზე შევჩერდები. ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო ამერიკის ბაზარზე არ უშვებს არცერთ მედიკამენტს და საკვებს, რომელიც უვარგისია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამავე სააგენტოს რეკომენდაციით, ვიტამინების 80 % არ უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს არის ვიტამინების კომპლექსი. ჩვენ წინასწარ არ ვიცით ვიტამინების კომპლექსში ჩამოთვლილი უამრავი ვიტამინიდან რომელი გვჭირდება.“

რუსუდან ჯაშის თქმით, ექიმმა კონკრეტული წამლის გამოწერისას მედიკამენტის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს:

„როდესაც ექიმი რაიმე წამალს ნიშნავს, წესით ყველაფერი უნდა იცოდეს ამ წამალზე. ხანდახან დრო არ აქვს ექიმს, ხან რაღაც პრობლემა აქვს, გავამართლოთ ჩვენი ექიმებიც. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ამ დარგში არიან: ექიმი კლინიკური ფარმაკოლოგი და აფთიაქში ფარმაცევტი. როდესაც რაღაცას ვერ იგებთ გვერდითი მოვლენების შესახებ, უნდა მიმართოთ კლინიკურ ფარმაკოლოგს. A ვიტამინის ზედმეტი რაოდენობა სასუნთქი გზებისა და ფილტვის კიბოსთან პირდაპირ კავშირშია. ​ვიტამინი არ არის ისეთი მარტივად მისაღები საშუალება, როგორც ერთმანეთს ვუნიშნავთ ხოლმე. ეს არის ისეთივე სერიოზული წამალი, რომელიც თუ გვჭირდება, სწორი დოზით, ინდივიდუალურად შერჩეული უნდა იყოს თქვენთვის. D ვიტამინზეც არის ლაპარაკი მუდმივად, რომ ყველამ უნდა მიიღოს. აუცილებლად უნდა განისაზღვროს და ინდივიდუალურად შეირჩეს. საქართველოში არის მზე. თუ სწორად იკვებები, სწორად წყალს სვამ, დადიხარ მზეზე, წესით არ უნდა იყოს დეფიციტი.“

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ვირუსის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში ხველა არის ნორმა. ხველა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია. ეს არ არის საშიში დაავადება. თუ ის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, თუ მას სხვა ჩივილებიც ახლავს, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს. პრობლემა იმაშია, რომ ​ჩვენ არ ვიცით სწორად წყლის დალევა. სწორად წყლის დალევის ფორმულაა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში. მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მიიღო სწორად წყალი. 650-700 გრამამდე დილას, გაღვიძებისთანავე, უზმოზე უნდა მიიღო. რაც გროვდება ღამის განმავლობაში, ის ყველაფერი უნდა ჩაირეცხოს. კვება უნდა დაიწყოთ მერე, მისი მიღებიდან 30 წუთში. ა​რავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც წყლის მიყოლება ჭამის დროს და არც წყლის დალევა ჭამის შემდეგ 2 საათი,“ - აღნიშნულ თემებზე რუსუდან ჯაშმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად