Baby Bag

გაიცანით 13 წლის მათემატიკის მასწავლებელი ბიჭი, რომელიც პატარა მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში ეხმარება

გაიცანით 13 წლის მათემატიკის მასწავლებელი ბიჭი, რომელიც პატარა მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში ეხმარება

13 წლის დაჩი საზანდრიშვილი თანატოლებს მათემატიკას ასწავლის და იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ძვირადღირებულ რეპეტიტორებთან სიარულის შესაძლებლობა არ აქვთ, ამ ფორმით ეხმარება. მისი თქმით, მას კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღო:

„ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩემს თავზე ავიღე. ყველანაირად ვეცდები იმ მშობლის იმედი გავამართლო, ვინც მენდობა. მკაცრი მასწავლებელი მარტო ჩემი თავის მიმართ ვიქნები. რაღაც რომ არ აინტერესებს ბავშვს, ნაწილობრივ მასწავლებლის ბრალიც არის. ჩემი ახსნილი და მასწავლებლის ახსნილი შეიძლება ერთნაირად გაიგოს. ჩემთან ბავშვს უფრო გაუმარტივდება მუშაობა, იმიტომ, რომ სხვაობა ასაკში იქნება 1-2 წელი. ჩვენ გვექნება საერთო ინტერესები, რითიც ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაცია და გაგება შეგვეძლება.“

დაჩი აღნიშნავს, რომ ადამიანს მათემატიკა მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება:

„ჩემთვის მათემატიკა როგორც საგანი არ არის. ის არის რაღაც, რაც მთელი ცხოვრება დაგჭირდება. მას შეუძლია ადამიანის აზროვნება გააფართოვოს. ნებისმიერ საქმეში, რასაც ადამიანი ცხოვრებაში აპირებს, მცირე დოზით მაინც მათემატიკა ყველგან საჭიროა.“

„მასწავლებლის როლი არაერთხელ მომირგია. ჩემს მეგობრებსაც, როდესაც რაღაც გაუჭირდებოდათ, ვეხმარებოდი. აღმოვაჩინე, რომ მაქვს კარგი ახსნის უნარი და მინდა, ეს უნარი გამოვიყენო. ყველა ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ რეპეტიტორებთან და ძვირიან მასწავლებლებთან იაროს, მათთვისაც შეღავათი იქნება. მინდა, ასეთ ბავშვებს დავეხმარო,“- აღნიშნულ საკითხზე დაჩი საზანდრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

მასწავლებლობის დაწყების სურვილი დაჩიმ სოციალურ ქსელში გამოხატა, სადაც შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„მოგესალმებით ყველას, მე დაჩი ვარ და ვარ 13 წლის.

ვსწავლობ გაძლიერებულ მათემატიკას 4 წელია კომაროვში და კომაროვის პედაგოგებთან.

მოვამზადებ II, III, IV, V კლასის ბავშვებს სკოლის მათემატიკაში და დავეხმარები მათ გაკვეთილების მომზადებაში და საკითხების კარგად გაგებაში.

გამიხარდება თუ ვინმეს გექნებათ სურვილი შვილები ჩემთან მოამზადოთ. ძალიან მინდა და მჭირდება მუშაობა და ეს პირველი მცდელობა და ნაბიჯია ჩემი მომავალი გეგმების მისაღწევად.

ვფიქრობ რომ მაქვს კარგად ახსნის უნარი და არ მეზარება, რაც მთავარია.“

დაჩის განცხადებას ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთ ბავშვს არ სურს ხორცის მირთმევა, მაგრამ არაჩვეულებრივად მიირთმევს პარკოსნებს,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

„ზოგიერთ ბავშვს არ სურს ხორცის მირთმევა, მაგრამ არაჩვეულებრივად მიირთმევს პარკოსნებს,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ მშობლებს, რომელთა შვილებს ხორცი არ უყვართ, საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, ზოგჯერ ბავშვს არ უყვარს ხორცი, მაგრამ სანაცვლოდ დიდი რაოდენობით პარკოსნებს იღებს:

„ბავშვებს აქვთ ძალიან განვითარებული სენსორული პრობლემები. დედა უნდა მიხვდეს, ბავშვი არის ვეგეტარიანელი თუ არა. სხვადასხვა ტიპის ბავშვები არსებობენ. ზოგიერთს არ სურს ხორცის მირთმევა, მაგრამ არაჩვეულებრივად მიირთმევენ პარკოსნებს. არიან ბავშვები, რომლებიც თევზს და კვერცხს მიირთმევენ. რეალურად დედა უნდა აეწყობს ბავშვის მოთხოვნილებებს.“

„ეს გენეტიკურად დეტერმინირებული პროცესია და ამას ვერაფრით ვერ შევცვლით, მაგრამ შეიძლება ამის ჩანაცვლება ექსტრაქტით, მაგალითად, თევზის ქონით, ბოსტნეულის ექსტრაქტით,ცილის ქონით,“- აღნიშნულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად