Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არმანის ტანსაცმელს ჩააცმევთ თუ ლილოში ნაყიდს, ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს... შვილთან ურთიერთობა არის სულიერი ურთიერთობა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„არმანის ტანსაცმელს ჩააცმევთ თუ ლილოში ნაყიდს, ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს... შვილთან ურთიერთობა არის სულიერი ურთიერთობა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლების მიერ შვილებთან დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც ბავშვს ანგრევს:

„დღეს მთელს ერშია მოდებული ეს სენი. დამნაშავეები, ვისაც დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი, უმეტესობა დანგრეული ოჯახების შვილები არიან, დაკომპლექსებული ბავშვები. ის ხედავდა, რომ მისი მეგობარი, კლასელი, ბაღელი საუბრობდა, როგორ უყვარდა დედას და მამას ერთმანეთი. მას ასეთი სიყვარული არ ჰქონია და მისი ბუნება ინგრეოდა ბავშვობიდან.“

მამა შალვა კეკელიამ ერთ-ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მშობლებისგან ყურადღების დეფიციტის გამო ბავშვს თანატოლებისადმი აგრესია ჰქონდა:

„ერთხელ სკოლაში მქონდა ასეთი შემთხვევა. ვასწავლიდი და იქ იყო მეოთხე კლასელი ბავშვი, რომელიც ყველას სცემდა. დაველაპარაკე ამ ბავშვს. მან მითხრა, რომ ბავშვები სულ მშობლებზე ლაპარაკობდნენ, ის კი სულ ძიძას დაყავდა სკოლაში. მარტო ორ ბავშვს არ სცემდა, ერთ ბავშვს,დედა ჰყავდა გარდაცვლილი, მეორის მშობლები კი გაშორებულები იყვნენ. მისი მშობელი დავიბარე. კითხვები დავუსვი, ვუთხარი ბავშვის მდგომარეობა. მან მითხრა, ​იცით, ჩემი შვილი სად ცხოვრობსო, როგორი სახლი გვაქვსო?! ჯერ ჩემს შვილს საქართველოშიც კი არ დაუსვენია, სულ ინგლისში და იტალიაში ვასვენებო. მე ვუპასუხე: რას გაიგებს თქვენი მეოთხე კლასელი შვილი ინგლისში დაისვენებს თუ ჭოპორტში-მეთქი. არმანის ტანსაცმელს ჩააცმევთ თუ ლილოში ნაყიდს, ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს შვილს სამი ძიძა ემსახურება და ამდენ ფულს ვიხდი აღზრაშიო, დედამ მითხრა.“

„მას ჰგონია, რომ თუ გადაუხდის თავის შვილს, კარგ შარვალს უყიდის, კარგად ჩააცმევს, ეს ჰგონია აღზრდა. ეს არ არის ყველაფერი. შვილთან ურთიერთობა არის სულიერი ურთიერთობა. ჯერ ეს მშობლებს არ ესმით. ბევრი ადამიანი ოჯახს ქმნის მოუმზადებლად. დედას ცალკე შეხედულებები აქვს, მამას ცალკე. კი ავალდებულებენ ბავშვს, რომ გაკვეთილები მოამზადოს, შეიძლება ამიტომ დაუყვირონ, ეჩხუბონ, მაგრამ შედეგად რა იქნება, ამას არავინ არ ითვალისწინებს,“- აღნიშნულ საკითხზე მამა შალვამ მედია-კავშირი „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​მედია-კავშირი „ობიექტივი“

წაიკითხეთ სრულად