Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გაკაჟებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას,“ - პედიატრი ქეთი შარანგია

„ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გაკაჟებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას,“ - პედიატრი ქეთი შარანგია

პედიატრმა ქეთი შარანგიამ ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებით მხარეებზე ისაუბრა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ფეხისგულების მასაჟის დადებით გავლენას გაუსვა ხაზი:

​ფეხშიშველი სიარული სასურველია არამხოლოდ ნამიან ბალახზე, არამედ ოთახშიც. ამ შემთხვევაში იატაკი უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი ხის, ის არ უნდა იყოს ლამინირებული. ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი რეცეპტორია განლაგებული. მათი აქტივაცია იწვევს სხვადასხვა ორგანოში მსგავსი რეცეპტორების აქტივაციას.“

ქეთი შარანგიას თქმით, ფეხისგულების რეცეპტორების აქტივაცია ხელს უწყობს ბავშვებში ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების პრევენციას:

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი რეცეპტორები, როგორიც ფეხისგულებზეა მოთავსებული, არის მოთავსებული ცხვირში. მათი აქტივაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ ბავშვები ​იშვიათად გახდებიან ავად ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციებით.ძალიან მნიშვნელოვანია ფეხისგულების მასაჟი და სტიმულაცია. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტეს, თუ ეს არის ნამიანი ბალახი, კიდევ უფრო მეტად არის სასურველი. ბავშვი წყლის მსგავს პროცედურებსაც ეჩვევა.“

„როდესაც გაკაჟებაზე ვსაუბრობთ, გაკაჟება არის ორგანიზმის შეგუება მისთვის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი. არახელსაყრელი პირობა რა შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის?! ეს არის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი ტემპერატურა. ​გაკაჟების ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ გამოვიყენოთ მზის, ჰაერის და წყლის აბაზანები. ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გაკაჟებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას. მით უმეტეს, თუ ვეხებით ზაფხულის პერიოდს. ეს არის საუკეთესო პერიოდი გაკაჟებისთვის. არცერთი პერიოდი არ არის ცუდი იმისთვის, რომ გაკაჟება დავიწყოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი შარანგიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად