Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

7 ფილმი, რომელიც ბავშვს ემოციური ინტელექტის განვითარებაში დაეხმარება

7 ფილმი, რომელიც ბავშვს ემოციური ინტელექტის განვითარებაში დაეხმარება

ფილმები ბავშვის განათლებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო რესურსს წარმოადგენს. მშობლებს ბავშვების ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის სხვადასხვა ტექნიკისა და მიდგომის გამოყენება შეუძლიათ. ემოციური ინტელექტი არის უნარი, რომ ადამიანმა გააკონტროლოს, მართოს და სხვას გაუზიაროს ემოციები სოციალურ კონტექსტში. კინოს ისტორიაში არაერთი ფილმი გადაუღიათ იმ მიზნით, რომ ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი. ჩვენს სტატიაში 7 ფილმს გაგაცნობთ, რომლებიც ბავშვს ემოციური ინტელექტის განვითარებაში დაეხმარება.

1. თავდაყირა

ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო რესურსია ბავშვისთვის ემოციების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ის პატარა გოგონას ემოციების შესახებ მოგვითხრობს. ბედნიერება, სევდა, ზიზღი, შიში და რისხვა მისი ახალი ცხოვრების თანამგზავრები ხდებიან. ფილმი გვიჩვენებს, როგორ განიცდის ბავშვი სხვადასხვა ემოციას, უმკლავდება დაბრკოლებებს და ცვლილებებთან ადაპტაციას სწავლობს.

2. მაღლა

ფილმი ზრდასრული მამაკაცისა და პატარა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ერთმანეთს ოცნებების ასრულებაში ეხმარებიან. ფილმი არამხოლოდ ემოციების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, არამედ ცხოვრების ორ ოპტიმისტურ და პესიმისტურ ხედვას ერთმანეთს უპირისპირებს. პერსონაჟები პრობლემებს აწყდებიან და მათ გადაჭრას წარმატებით ახერხებენ.

3. დამბო

დისნეის კლასიკური მულტფილმი ცირკში მცხოვრები პატარა სპილოს შესახებ მოგვითხრობს. ის წარმოდგენებში მონაწილეობისას პრობლემებს აწყდება და მუდმივად ჩაგვრას განიცდის. დამბო დედასაც დააშორეს, რომელიც მას ყოველთვის მხარს უჭერდა. ფილმი ბავშვს თავმდაბლობის მნიშვნელობას ასწავლის და სირთულეებთან გამკლავებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარება.

4. უოლ-ი

ფილმი რობოტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ემოციების გამოხატვის უნარი აქვს. ის სიყვარულის ძალისა და მისი განცდით გამოწვეული ცვლილებების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ბავშვებს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სხვა ადამიანების მიმღებლობის მნიშვნელობას ასწავლის.

5. გაყინული

პოპულარული ფილმი ყველაზე ცხადად გადმოგვცემს ემოციების ძალას. ის ბავშვს სხვების პატივისცემას და თავმდაბლობის მნიშვნელობას ასწავლის. ფილმის თანახმად, სიყვარული და გამძლეობა ადამიანის წარმატების გასაღებია.

6. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი

ფილმის მთავარი თემა ოჯახის მნიშვნელობის ხაზგასმაა. ფილმის მთავარ გმირს ემოციების გაკონტროლება უჭირს. მას მარტოობის, სევდისა და მრისხანების განცდით ცხოვრებისეული გაკვეთილის სწავლა მოუწევს.

7. უცხოპლანეტელი

ეს კლასიკური ამერიკული ფილმი უცხოპლანეტელზე მოგვითხრობს, რომელიც დედამიწაზე ბავშვს დაუმეგობრდება. უცხოპლანეტელს სახლში დაბრუნება სურს, ბავშვი კი მას ოცნების ასრულებაში ეხმარება. ფილმი ასევე ეხება განქორწინების მძიმე შედეგებს ბავშვებისთვის. ის თქვენს შვილს სიკეთისა და სოლიდარობის მნიშვნელობას ასწავლის.

წყარო: ​youaremom.com

წაიკითხეთ სრულად