Baby Bag

„ბავშვს, პირველ რიგში, უნდა ვასწავლოთ მსხვერპლის გაღება და სხვაზე ზრუნვა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს, პირველ რიგში, უნდა ვასწავლოთ მსხვერპლის გაღება და სხვაზე ზრუნვა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებისთვის სხვებზე ზრუნვისა და მსხვერპლის გაღების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებს, პირველ რიგში, ეს უნარები განუვითარონ:

„არც ზოგადსაკაცობრიო და არც ქრისტიანულ ღირებულებებში არ წერია, რომ ადამიანისთვის მგლად უნდა იქცე. ჩემთვის ეს არ არის მისაღები. ადამიანმა უნდა იცოდეს თავის დაცვა არააგრესიული გზით. ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს, მაგრამ მას, პირველ რიგში, უნდა ვასწავლოთ სხვაზე ზრუნვა, მსხვერპლის გაღება. არ არის აუცილებელი ვიღაცას შეეწირო. ის, რომ შენ გაუყოფ ვიღაცას რაღაცას, გაიმეტებ ვიღაცისთვის რაღაცას, ეს არის მსხვერპლი. ეს უდნა ვასწავლოთ ჩვენ ბავშვებს.“

„ჩვენს საზოაგდოებას შევხედოთ, რა მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ესენი აღარ გვახსოვს. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, საშიშროებების, ეპიდემიების ვითარებებში ადამიანები გადარჩებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე და ერთმანეთს მგლებად არ ექცევიან. ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანობა გადაარჩენს ადამიანს, ამას ვგულისხმობთ. ადამიანად უნდა დარჩე!“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Journalism Resource Center

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად