Baby Bag

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ხანდაზმულობასთან და საპენსიო ასაკთან შეგუების უნარების მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ქალები უფრო ადაპტირებულები არიან ამასთან. საპენსიო ასაკში, სამსახურიდან თუ გამოუშვეს ქალი, მას შეუძლია დატვირთვა უფრო სწრაფად აკრიფოს, ბავშვს მოუაროს, სახლი დაალაგოს. მას ფუნქცია აქვს. კაცმა არ იცის რა გააკეთოს. სამსახური არ აქვს და ბოდიალს იწყებს სახლში, ფეხებში გედება.“

ზურა მხეიძის თქმით, ბაბუებს შვილიშვილები ფუნქციას სძენენ, რის გამოც მათ ისინი განსაკუთრებუთ უყვართ:

„ამიტომ უხარიათ ბაბუებს შვილიშვილები. შვილები დიდი ჰყავს, არავინ ეფერება. ერთი სული აქვს შვილიშვილი ჰყავდეს, იმიტომ, რომ შვილიშვილს უყვარს ბაბუ. მე ბაბუა ჯერ არ ვარ, მაგრამ ბაბუებს რომ ვეკითხები, შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ამას მეუბნება. სულ სხვა განცდააო, ამბობენ. ფუნქციას ნახულობს ადამიანი.“

„კაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უფრო რთულად ასატანია. სამსახური რომ არ აქვს კაცს, იმის გამო, რომ „ამტკიცოს, რომ კაცია,“ სახლში ყვირის, სვამს. სხვანაირად ვერაფერს ვერ ამტკიცებს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები, არის თუ არა ეს უსაფრთხო. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები თანდათან გაბათილდება.“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ადამიანებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები, არის თუ არა ეს უსაფრთხო. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები თანდათან გაბათილდება.“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინაციის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა არ არსებობს:

„კომუნიკაციის გეგმა არსებობს და გაწერილია. გეგმები მნიშვნელოვანია, მაგრამ განხორციელება და იმპლემენტაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ერთი რამ მინდა ვთქვა პირდაპირ, საქართველოში ცალსახად ანტივაქსერული მოძრაობის პროცენტული წილი მაღალი არ არის. ანტივაქსერული მოძრაობა ნიშნავს, რომ არანაირი ვაქცინისადმი მიმღებლობა მათ არ აქვთ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან სამედიცინო ინტერვენციას. ​ვაქცინების მიმართ, რომლებიც დროში ძალიან სწრაფად შეიქმნა, ადამიანებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები, არის თუ არა ეს უსაფრთხო.“

ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და არავინ არავის ვაქცინის გაკეთებას არ დააძალებს:

„როგორ სვამენ საკითხს? მესმის, რომ ეს ვაქცინები არის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციით და დამტკიცებული არცერთი არ არის, ხომ არ შეიძლება, რომ დაველოდო, სანამ დამტკიცდება საბოლოოდ?! მათ ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებაყოფლობითია ეს არჩევანი. არავინ არავის არ დააძალებს ვაქცინას. პრიორიტეტული ჯგუფები აქედან გამოიყო. ​ასაკოვანი ადამიანები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი ან მეტი ქრონიკული დაავადება, ადამიანები, რომლებიც მუდმივად არიან კოვიდთან შეხებაში, ანუ ექიმები, ესენი არიან პრიორიტეტული ჯგუფები. ჯანმრთელ პოპულაციას არავინ არ სთავაზობს თავიდან ვაქცინას. ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს, სად არის?!“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორად აზროვნებს და დასაბუთებული შეთავაზების შემთხვევაში ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს:

„ჩვენ გვყავს უბრალოდ ადამიანების ნაწილი, რომლებსაც ლეგიტიმური კითხვები აქვთ. დარწმუნებული ვარ ეს კითხვები თანდათან გაბათილდება. ჩვენზე გაკეთებული დასკვნები მათ დაეხმარება, რომ გადმოვიდნენ აქეთ რიგებში. მე ამას არ ვუყურებ ძალიან ტრაგიკულად. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ბევრი უნდა ვისაუბროთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ ​საქართველოში კრიტიკული ნაწილი სწორად აზროვნებს და აუცილებლად გაიკეთებს ამ ვაქცინას, როდესაც ის დასაბუთებული და სწორად შეთავაზებული იქნება.“

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დადებით დინამიკას სჭირდება შენარჩუნება. ვირუსი არსად წასულა, შესუსტებაზეც არავინ არ საუბრობს. არის მოლოდინი, რომ ეს ვირუსი უფრო მეტად გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე. როგორც კი ადამიანები მოვდუნდებით და დავიჯერებთ, რომ პირბადეც არ ყოფილა თურმე საჭირო, რომ გვგუდავენ და გვახრჩობენ, აუცილებლად იქნება დაანონსებული მესამე ტალღა. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსაც ვანიჭებ პასუხისმგებლობას. ადამიანების ინდივიდუალურმა პასუხისმგებლობამ სადამდეც მიგვიყვანა ეს ვნახეთ ნოემბერ-დეკემბერში. ​სახელმწიფომ, რასაკვირველია, კონტროლის მექანიზმები უნდა გაამკაცროს, უმკაცრესი იყოს ის ღონისძიებები, რომლებიც რეგულაციების დარღვევაზე იქნება. მარტო ფარატინა ქაღალდზე გამოქვეყნებული რეგულაციები არ მუშაობს. ადამიანებს სჭირდებათ ცოტა მკაცრი კონტროლი,“ - აღნიშნულ თემებზე ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად