Baby Bag

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მოქალაქეებს ახალი აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მომავალ კვირას, 3 საათზე ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმისკენ მოუწოდა:

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით მთელი გულითა და სიყვარულით. 3 მარტს შედგა საერთაშორისო აქცია. ამ აქციაში ჩაერთო ბევრი ქვეყანა. ეს ქვეყნები შუა აზიიდან, ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინა, რუსეთი, ამერიკის ქვეყნები იყვნენ ამ საქმის მონაწილე, მათ შორის, ქართველებიც. ეს იყო სამოქალაქო აქცია. ჩვენ გვინდოდა ერთდროულად ამოგვეძახა ძლიერი სურვილი, ბრძანება: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე." ამას ის აზრი აქვს, რომ ჩვენს აზრებს მატერიალიზების ძალა აქვს. ეს ძლიერი სურვილები მართლაც გვეხმარება იმაში, რომ რაღაცები კარგად გამოგვივიდეს. ჩვენი ერთობლივი ძახილი ნამდვილად ასუფთავებს სამყაროს.“

„ჩვენ უნდა გავასუფთავოთ სივრცე, რომ ჩვენს ლოცვებს გზა მიეცეს ციური სამყაროსკენ და ზეციური ძალები დაგვეხმარონ ჩვენ. ეს აქცია გაგრძელდება, მომავალ კვირას სამ საათზე ისევ შედგება ეს აქცია და განმეორდება ყოველ კვირაში ერთხელ. სადაც უნდა იყოთ თქვენ, როგორც კი ჩამოკრავს ზარი და იცით, რომ ახლა სრულდება სამი საათი, გაჩერდით იქ. თქვენს წარმოდგენაში, თითქოს დედამიწა გიჭირავთ ხელში, როგორც პატარა ბავშვი. მიიხუტეთ დედამიწა და წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“ როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ ან ძილის წინ წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს სიმშვიდე ქვეყანაზე! დაე, იყოს სიკეთე ქვეყანაზე! დაე, იყოს ბევრი სიყვარული ქვეყანაზე!“ დალოცეთ ეს ჩვენი პატარა დედამიწა. თქვენი ლოცვა დიდი ძალა იქნება,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა არ ხდება ავად, ზოგს აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, ზოგს კი შეძენილი,” - თენგიზ ცერცვაძე

​​ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსით ყველა ადამიანი არ ავადდება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ზოგიერთ ადამიანს კოვიდ 19-ის მიმართ თანდაყოლილი, ზოგს კი შეძენილი იმუნიტეტი აქვს:

„ყველა არ ხდება ავად, ეს ფენომენი უნდა გვახსოვდეს. პირველი პაციენტები რომ შემოდიოდნენ, ჩვენთან მოხვდნენ ცოლ-ქმარი და კიდევ რელიგიური წყვილი, რომლებიც ირანში იყვნენ მოსალოცად. მორწმუნეებიდან ერთმა არ დატოვა მეორე, ცოლ-ქმართანაც იგივე მოხდა. ახალდაქორწინებული წყვილი იყო და ვაჟმა არ დატოვა ცოლი. მათ პალატაში ერთად გაატარეს 3 კვირა ისე, რომ არ დაინფიცირებულა ქმარი და ერთ-ერთი მორწმუნე. მეტი ახლო კონტაქტი რაღა გინდათ. ერთად იყვნენ, ერთად ეძინათ. ზოგს აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, ზოგს კი შეძენილი. რომ ამბობენ „გავცივდი,“ 15-20 %-ს სინამდვილეში კორონავირუსი აქვს, სხვა ტიპის კორონავირუსი. ვარაუდობენ, რომ სხვა ტიპის კორონავირუსმა ჯვარედინი ​იმუნიტეტის გამომუშავება გამოიწვია. ასევე ვარაუდობდნენ, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა იცავს ადამიანს კორონავირუსისგან. ეს ვერ დამტკიცა, მაგრამ არც უარყოფილია.“

​თენგიზ ცერცვაძე სახლში მყოფ პაციენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს აძლევს:

„სახლში მყოფ პაციენტებს ვეტყვი, რომ უნდა იყვნენ მშვიდად. რადგან სასწრაფო დახმარების ექიმმა გადაწყვიტა, რომ პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ე.ი. ის მართლა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მას არ უნდა ჰქონდეს შიშის საფუძველი, რომ იფიქროს: „აი, ადგილი არ იყო, თორემ წამიყვანდნენ და შეიძლება რაიმე დამემართოს.“ ​ბინაზე დარჩენილ პაციენტს არ სჭირდება რაიმე მედიკამენტის დანიშვნა კოვიდის გამო. მან უნდა მიიღოს მხოლოდ სიცხის დამწევი, ისიც, თუ ტემპერატურა 38-ზე მეტია. მან უნდა მიიღოს დღეში 3 ლიტრამდე სითხე, რომლის მინიმუმ ნახევარი სუფთა წყალი უნდა იყოს. მან უნდა იმოძრაოს ბევრი, მიიღოს ვიტამინი D, C და თუთია. სხვა მედიკამენტები კოვიდის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. მან უნდა გააგრძელოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღება, რომლებსაც მანამდეც იღებდა. განსაკუთრებით სახლში დარჩენილმა პაციენტმა არ უნდა მიიღოს დექსამეტაზონი და ჰორმონები.“

„ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ნოემბერი იქნება ყველაზე მძიმე თვე. ნოემბრის განმავლობაში იქნება მატება, თუ არ შევცვალეთ ჩვენი მენტალიტეტი, ფსიქოლოგია და არ გადავედით ნებაყოფლობით შეზღუდვებზე. ჩემი აზრით, დეკემბრიდან, ახალი წლიდან დაიწყება კლება. ჯერ არ არის ​მეორე ტალღის პიკი. პიკი იქნება დაახლოებით ნოემბრის ბოლოს. მე მკურნალი ექიმი ვარ და ჩემი გონება გამუდმებით მკურნალობის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ამჯერად არა. ჩემი მთავარი სათქმელი იქნება: დაიცავით ელემენტარული რეგულაციები. გაიკეთეთ პირბადე აუცილებლად დახურულ და ღია სივრცეშიც, დაიცავით სოციალური დისტანცია, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, ხშირად დაიბანეთ ან გაისტერილეთ ხელები. ამით თქვენ, თავად რომ არ იცით ისე, გადაარჩენთ თქვენი ახლობლების სიცოცხლეს, რომელიც, შესაძლოა, იმსხვერპლოს კოვიდმა. თქვენ გადაარჩენთ ადამიანებს დაავადებისგან, მათ ნაწილს კი სიკვდილისგანაც, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

წყარო: ​პოსტ ალიონი 

წაიკითხეთ სრულად