Baby Bag

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მოქალაქეებს ახალი აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მომავალ კვირას, 3 საათზე ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმისკენ მოუწოდა:

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით მთელი გულითა და სიყვარულით. 3 მარტს შედგა საერთაშორისო აქცია. ამ აქციაში ჩაერთო ბევრი ქვეყანა. ეს ქვეყნები შუა აზიიდან, ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინა, რუსეთი, ამერიკის ქვეყნები იყვნენ ამ საქმის მონაწილე, მათ შორის, ქართველებიც. ეს იყო სამოქალაქო აქცია. ჩვენ გვინდოდა ერთდროულად ამოგვეძახა ძლიერი სურვილი, ბრძანება: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე." ამას ის აზრი აქვს, რომ ჩვენს აზრებს მატერიალიზების ძალა აქვს. ეს ძლიერი სურვილები მართლაც გვეხმარება იმაში, რომ რაღაცები კარგად გამოგვივიდეს. ჩვენი ერთობლივი ძახილი ნამდვილად ასუფთავებს სამყაროს.“

„ჩვენ უნდა გავასუფთავოთ სივრცე, რომ ჩვენს ლოცვებს გზა მიეცეს ციური სამყაროსკენ და ზეციური ძალები დაგვეხმარონ ჩვენ. ეს აქცია გაგრძელდება, მომავალ კვირას სამ საათზე ისევ შედგება ეს აქცია და განმეორდება ყოველ კვირაში ერთხელ. სადაც უნდა იყოთ თქვენ, როგორც კი ჩამოკრავს ზარი და იცით, რომ ახლა სრულდება სამი საათი, გაჩერდით იქ. თქვენს წარმოდგენაში, თითქოს დედამიწა გიჭირავთ ხელში, როგორც პატარა ბავშვი. მიიხუტეთ დედამიწა და წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“ როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ ან ძილის წინ წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს სიმშვიდე ქვეყანაზე! დაე, იყოს სიკეთე ქვეყანაზე! დაე, იყოს ბევრი სიყვარული ქვეყანაზე!“ დალოცეთ ეს ჩვენი პატარა დედამიწა. თქვენი ლოცვა დიდი ძალა იქნება,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ ბავშვებს ვზრდით ძალადობით, ვაიძულებთ ის გააკეთონ, რაც ჩვენ გვინდა და გვგონია, რომ ეს კარგია,“ - შალვა ამონაშვილი

ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი გადაცემაში „ბაიასთან“ მოზარდებს შორის გაზრდილ აგრესიას გამოეხმაურა და პრობლემის მიზეზებზე ისაუბრა:

„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ახალი თაობაა, რომელსაც მოაქვს რაღაც დიდი, ამასთან ასეთი რამ ხდება სწორედ ამ თაობაში. ეს თითქოს ერთი მხრივ საკვირველია. რატომ უნდა ხდებოდეს ეს? რომ ბავშვი ნიჭიერია და რაღაც მოაქვს, ასეთი რამ მან არ უნდა ჩაიდიონოს. ბავშვს უნდა აღზრდა. ახლა შევხედოთ ამას, ვინ ზრდის ბავშვს და საითკენ მიჰყავს ბავშვი, რას ვუჩვენებთ ჩვენ ბავშვებს? ყველამ რომ ბავშვს დაჯღანული სახე ვუჩვენოთ, გავიდეს კვირა, თვეები და წლები, ასეთივე გამოვა ის ბავშვიც. მე ყოველთვის ვსაყვედურობ იმ პროცესებს, რაც ოჯახში ხდება. ბავშვს უნდა თავისუფლება, ბავშვს აქვს დიდობის მოთხოვნილება, ჩვენ ამას ვუკრძალავთ. რამდენჯერაც ამას აუკრძალავ, იმდენჯერ ის თავს გაწირავს, რომ შენ დაგსაჯოს, დაგსაჯოს ან სუიციდით, ან მიიღოს შენი მაგალითები, ის მაგალითები, რომლებიც ბევრია ინტერნეტში. არ დაინდოს ვიღაცა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლების მხრიდან ზედმეტი შეზღუდვების დაწესება მოზარდებში აგრესიას ზრდის:

„ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ბავშვებს ვზრდით ძალადობით, ვაიძულებთ ის გააკეთონ, რაც ჩვენ გვინდა და გვგონია, რომ ეს კარგია. ამრიგად, ჩვენ ავუკრძალეთ მას საკუთარი აზრი, ავუკრძალეთ თავისუფლება და დიდობის მოთხოვნილება. ბავშვმა შემდეგ რამით უნდა გამოამჟღავნოს პროტესტი, ან სიგარეტის წევით, ან ნარკოტიკს უნდა მიეძალოს, ან წრე უნდა გაიჩინოს ისეთი, სადაც მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს, ან უნდა დასაჯოს მშობელი, რომ მოიკლას თავი.“

„ბავშვი უნდა დაიცვას მშობლების მეგობრობამ შვილებთან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი, რომელიც ბავშვია, თქვენ წინ როგორც ბურთი ისე ტრიალებს, თქვენ ყველაფერი იცით მასზე. შეიძლება დედამ თქვას, მე ჩემს შვილს კარგად ვიცნობო, ჩემი ხუთი თითივით ვიცნობო, მაგრამ ეს ბავშვი გაიზარდა, დედამ რაღაც აუკრძალა, მამამაც დაუმატა, ეს ბურთი გაიშალა და ბრტყელი გახდა. შენ იცნობ შენს შვილს, უკვე 15 წელი შეუსრულდა, მაგრამ შენ იცი მისი ერთი მხარე. მეორე მხარე, რომელიც მან დაგიმალა შენ, არ იცი. იქ სიგარეტის მოწევა დაიწყო, იქ სუიციდამდე მივიდა. ბავშვმა მამას რომ უთხრას თავს მოვიკლავო, პირველად მამა არ მოიკლავს თავს, რომ შვილი გადაარჩინოს? მაგრამ არ იტყვის ამას ბავშვი. ჩვენი ბავშვები ჩაიკეტნენ ჩვენთვის. იმიტომ, რომ მათ ჩვენში ვერ დაინახეს თანატოლები, ისინი, ვინც გაუგებენ, მიიხმობენ და ვისაც თავიანთ გულს გაუხსნიან. ბავშვი სულ ასე უნდა გყავდეს, შენი სიყვარულით. თუ ჩემი თავი უფრო ძვირად მიღირს, მაშინ დავუყვირებ ბავშვს, მაშინ არ გაბედოო, ვეტყვი, თუ ჩემს თავს უფრო ვუფრთხილდები, ნაცვლად იმის გაფრთხილების,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად