Baby Bag

„ახალგაზრდა ოჯახს სჭირდება თავისი ცალკე ბუდე, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთი დაინახონ,“ - ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი

„ახალგაზრდა ოჯახს სჭირდება თავისი ცალკე ბუდე, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთი დაინახონ,“ - ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი

ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ჯანსაღი ოჯახის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობები დაასახელა და წყვილებს ურჩია, რომ დამოუკიდებელი ოჯახი შექმნან:

„ახალგაზრდა ოჯახს სჭირდება თავისი ცალკე ბუდე. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთი დაინახონ. უკვე არსებულ ბუდეში ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ. თვითგამოხატვა ძალიან ძნელია სხვა ადამიანების წინაშე, მით უმეტეს უფროსი თაობის წინაშე. იქ ძალიან ბევრი ვალდებულება გაქვს. საქართველოში ძალიან გავრცელებულია შვილების სასხვისო აღზრდა. სხვას რა უნდა? სხვა რას ფიქრობს? სხვა რას იტყვის? სხვისი აზრი არის დომინანტი. როდესაც ასეთი აღზრდა აქვს ადამიანს და ის შედის ოჯახში, იქ უკვე დომინირებს სხვისი აზრი. ეს არსად არ წავა, გროვდება და კრიტიკულ მომენტში აუცილებლად ამოხეთქავს. გაჩუმება, ანგარიშის გაწევა, სხვისი პრინციპებით ცხოვრება, აუცილებლად სადღაც ამოხეთქავს.

ვერიკო გოჯიაშვილის თქმით, ჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ადამიანები, თავადაც ჯანსაღ ოჯახებს ქმნიან:

„რაც უფრო ჯანსაღი ოჯახიდან, ჯანსაღი ურთიერთობებიდან გამოდის ადამიანი, მით უფრო ჯანსაღ ოჯახს ქმნის. მნიშვნელოვანია ასევე ავთენტურობა. მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და ვქმნი ოჯახს. მე ჩემი გემოვნებითა და შეხედულებებით ვქმნი ოჯახს. მთელს კავკასიაშია ეს, მაგრამ საქართველოშიც არის სამწუხაროდ, რომ პატარები ქმნიან ოჯახს. რაღაც ასაკამდე ოჯახის შექმნა ემყარება ფიზიკურ მიზიდულობას, ვნებას. ეს აუცილებელია, ფიზიკური მიზიდულობა, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, მაგრამ ძალიან მცირეა და ძალიან მალე შეიძლება ის გაილიოს. შემდეგ ასაკებში უკვე ვითარდება მეგობრობის ფენომენი, როდესაც ფიზიკურ მიზიდულობას ემატება წყვილის მეგობრობა. ესეც აუცილებელია, მაგრამ არც ეს არის საკმარისი. პირველივე კონფლიქტის შემდეგ ეს შეიძლება დაიმსხვრეს და აღარ ვიყოთ მეგობრები.“

„ჯანსაღი ოჯახის აუცილებელი პირობა არის პატივისცემა. წინა თაობებში იყო გარიგება, მაგრამ იყო მყარი ოჯახები. პატივისცემა არის ზედა ზღვარი, საიდანაც შეიძლება მეგობრობაც განვითარდეს და სიყვარულიც წარმოიშვას. მე არ ვემხრობი გარიგებას, არავინ იფიქროს ასე. ურთიერთპატივისცემას უჭირავს კონფლიქტების დროს ოჯახი. ეს პატივისცემაა, როდესაც მათ შეუძლიათ მოილაპარაკონ, ერთმანეთის აზრს პატივი სცენ. ეს აუცილებელი მომენტებია, რაც ოჯახს სჭირდება. შემდეგ მოდის ეკონომიკური მდგომარეობა, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა,“- აღნიშნულ საკითხზე ვერიკო გოჯიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად