Baby Bag

„უკრაინაში გასროლილი ერთი ტყვია ირიბად ქართველ მოსახლეობასაც მოხვდა,“ - ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი

„უკრაინაში გასროლილი ერთი ტყვია ირიბად ქართველ მოსახლეობასაც მოხვდა,“ - ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი

ფსიქიატრმა ნინო ოკრიბელაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ომის შედეგები მხოლოდ უკრაინაზე არ აისახება და ის სხვა ქვეყნებსაც შეეხება:

„ომი არ შეეხება მხოლოდ ერთ რომელიმე ტერიტორიას. ომის შედეგები აისახება ადამიანების ფსიქიკურ ლადშაფტში. ომის შედეგები არ არის ის რიცხოვნება, თუ რამდენი დაკარგა ერთმა ან მეორე მხარემ. ომის შედეგების აღნუსხვა არ უნდა მოხდეს მხოლოდ ადამიანური რესურსების ან ტექნიკური აპარატების დანაკარგით. გაცილებით დიდია ის შედეგები, რაც ომს მოაქვს. პირველი ტყვია რომ გავარდა საზღვარზე, ის პირველი ტყვია საქართველოსაც ირიბად მოხვდა. ჩვენ გვაქვს ის გამოცდილება, რაც შევიძინეთ 1989 წელს, როდესაც უთანასწორო ომი გვქონდა რუსთაველის გამზირზე, როდესაც ტანკებს ვებრძოდით ჯოხებით, ნიჩბებით, შიშველი ხელებით.“

„როდესაც ვხედავთ პალესტინელ გოგონას, რომელიც ჯარისკაცს ეჩხუბება: „წადი ჩემი ქვეყნიდან,“ როდესაც ვხედავთ ატირებულ უკრაინელ ბავშვს, რომელიც წინ უდგება ომის მთელ შეიარაღებას, ეს ჩვენთვის უცხო არ არის. სწორედ ამიტომ არის ემოციური მძიმე რეაგირება, რადგან ჩვენ გვიცოცხლდება 1989 წელი, 1993 წელი, 2008 წელიც და მის შემდგომ არსებული საომარი თუ რბილი ძალით გამოწვეული შედეგები. პატარა გამარჯვება, სამწუხაროდ, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის მისაღები არ არის. მორალური გამარჯვება რამდენად მნიშვნელოვანია, ამას ხანდახან ვერ ვაცნობიერებთ. კი, ტერიტორია დავკარგეთ, მაგრამ მორალურად გავიმარჯვეთ. ჩვენ ხუთი დღე გავუძელით ამხელა არმიის შემოტევას. უკრაინაში გასროლილი ერთი ტყვია ირიბად ქართველ მოსახლეობასაც მოხვდა. ომი ძალიან მძიმე გამოცდილებაა, განსაკუთრებით მენტალური პრობლემების კონტექსტში. ჩვენ მოველით იმას, რომ ეს შედეგი იქნება ყველა ჯგუფში. ტრავმა, რომელიც ხდება ომის პერიოდში, ცვლის ხვალინდელი დღის მიმართ დამოკიდებულებას, პიროვნულ განვითარებას. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური არის ჩვენი ბავშვები. გარდა უკრაინელი ბავშვებისა, ჩვენ ჩვენი ბავშვებიც უნდა დავიცვათ მავნე ზემოქმედებისგან. მაქსიმალურად მოვარიდოთ ბავშვები ტელევიზორს, მძიმე კადრების ჩვენებას. შეშფოთებული მშობელი არ უნდა ნახოს ბავშვმა. თუ მშობელს აქვს პანიკური რეაქციები, გამოუვალობის განცდა და ამაზე ხმამაღლა შვილის თანდასწრებით საუბრობს, ბავშვს საფრთხის განცდა ბევრად უფრო მძიმე აქვს, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ოკრიბელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად