Baby Bag

„ასე ადვილად ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეუძლებელია... ეს ფსიქოლოგიური ომის ელემენტია,“- ფიზიკოსი გია ჯაფარიძე

„ასე ადვილად ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეუძლებელია... ეს ფსიქოლოგიური ომის ელემენტია,“- ფიზიკოსი გია ჯაფარიძე

ფიზიკოსმა გია ჯაფარიძემ ატომური ომის საფრთხისა და ატომურ ელექტროსადგრუზე აფეთქების შემთხვევაში რადიაციული რისკების შესახებ ისაუბრა:

„დაბეჯითებით შემიძლია თქმა, რომ ეს ისტერია გადაჭარბებულია. მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ რუსები უკიდებენ ცეცხლს. რატომ? იმიტომ, რომ ასე ადვილად ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეუძლებელია. ჩერნობილში რაც მოხდა, დენი გაწყდა, შეიძლება ასე იყოს სადგური ერთი თვე და არაფერი არ მოხდება. ეს ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი ელემენტია. მე ბევრად უფრო მეშინია ომის და იმ ფრაზის, რომელიც პუტინმა გამოიყენა, როდესაც მან ბირთვული ომის შესაძლებლობა დაუშვა. ეს ძალიან სახიფათო რამ არის. ყველაზე დიდი დანაშაული ეს არის. საზოგადოებას რომ გაეგო, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა. ევროპა და ამერიკა ჰიროსიმის შემდეგ თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ წინ დადგომოდნენ ამას. დიდი მეცნიერები გამოდიოდნენ მოწოდებით, რომ ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. არ შეიძლება იყოს ლოკალური ბირთვული ომი, იმიტომ, რომ ამას მოჰყვება ეკოლოგიური კატასტროფა. აი, ის შეგვეხება ნამდვილად. 150 ჭურვის გაცვლა იწვევს იმას, რომ საქართველოში ტემპერატურა დაიწევს, მოსავალი არ მოვა. ხიფათი ზუსტად იმაშია, რომ ის კაცობრიობას სიკვდილით აშინებს.“

„სინამდვილეში მსოფლიოში რადიაციულ ვითარებაზე კონტროლი არის ძალიან დიდი და ზუსტი. ბირთვული ომის შემთხვევაშიც კი, თუ ყუმბარების გაცვლა საქართველოს არ შეეხო, ამას სჭირდება გარკვეული დრო, რომ რადიაცია და უბედურება მოვიდეს საქართველომდე. ამ ვითარებას ძალიან კარგად აკონტროლებს მსოფლიო. რადიაციული ღრუბლის მოძრაობა მეტ-ნაკლებად კონტროლირდება. ღრუბელი ადის ძალიან მაღლა,“- აღნიშნულ საკითხზე გია ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად