Baby Bag

„თითოეულ ქალში დედა ღვთისმშობელია... ყველა ქალი უნდა ემსგავსოს დედა ღვთისმშობელს,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„თითოეულ ქალში დედა ღვთისმშობელია... ყველა ქალი უნდა ემსგავსოს დედა ღვთისმშობელს,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ქალების დღესასწაულია:

„დღეს არის ქალების დღესასწაული. ქალებისთვის განსაკუთრებული დღეა დღევანდელი დღე. დღეს რომ არა დედა ღვთისმშობლისგან მიღება ამ სიწმინდისა, ჩვენ არ გვექნებოდა არავის. როგორც ევასგან შემოვიდა სიკვდილი, როგორც ევასგან გამოძევდნენ ადამიანები სამოთხიდან, დედა ღვთისმშობლისგან, როგორც მეორე ევასგან, განახლებული ევასგან, შემოვიდა სიცოცხლე, სიცოცხლის წყარო. „გიხაროდენ! ღმერთმა გაგახაროს!“ - ამაზე ძვირფასი სიტყვა არ არსებობს. დილით რომ იღვიძებ ადამიანი, გახარებულმა უნდა გაიღვიძო. ყველა დღე ხარება უნდა იყოს ადამიანისთვის. წარმოიდგინეთ, ქალებისთვის ეს დღე რამდენად მნიშვნელოვანია.“

„რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალს, როგორია ქალი, რამხელა სიწმინდეა ქალი. თითოეულ ქალში დედა ღვთისმშობელია. როგორც დედა ღვთისმშობელს ეხარა, რომ მაცხოვარი ჩაისახა, ასევე ყველა ქალს ამის საოცარი სიხარული აქვს, რომ მან შეიძლება შვილი გააჩინოს. მიეცეს სიხარული, რომ ჩაისახა ბავშვი, ეხარა, ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს?! ყველა ქალი უნდა ემსგავსოს დედა ღვთისმშობელს. წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობდა, რომ ქალს აქვს საოცარი თვისებები. ქალს აქვს გრძნობა, გულიდან გამოდის ქალი. კაცი გონებიდან გამოდის. ქალს აქვს ერთი ძვირფასი თვისება, რის გამოც ქალი გახდა დედა და კაცს არ ჩაბარდა შვილის გაჩენა. ქალს აქვს მზრუნველობის უნარი. საოცარი მზრუნველობაა ქალში, დედური განცდაა ქალში. ქალს საკუთარი თავისთვის ცხოვრება არ შეუძლია. ქალს შეუძლია მთელი არსებით იცხოვროს შვილისთვის. მთელი ცხოვრება მიუძღვნას შვილებს, მშობლებს, მეუღლეს, ყველას, ამაზე ძვირფასი თვისება არ არსებობს,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად