Baby Bag

როგორ შევქმნათ სააღდგომოდ ულამაზესი დეკორატიული ხე? - ნინო ჯანიძის რჩევები

როგორ შევქმნათ სააღდგომოდ ულამაზესი დეკორატიული ხე? - ნინო ჯანიძის რჩევები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნინო ჯანიძემ ჯანინის სახელოსნოში მაყურებელს სააღდგომო დეკორაციების მომზადების წესები გააცნო.

ვიდეოში ნახავთ, როგორ უნდა დაამზადოთ სააღდგომოდ დეკორატიული ხე, რომელზეც დეკორატიული კვერცხებს ჩამოკიდებთ ყვავილებით. ვიდეოში ასევე ნახავთ, როგორ დათესოთ ჯეჯილი და რომელი ხრიკების გამოყენებით უნდა გააღვივოთ ის სწრაფად. ნინო ჯანიძე ასევე გირჩევთ, როგორ უნდა მიიღოთ ხასხასა მწვანე ჯეჯილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სააღდგომო დეკორაციაა.

დეკორატიული ხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხმელი ხის ტოტების გამოყენება. ასევე საჭიროა ქოთანი, რომელშიც ტოტებს მოათავსებთ, ქაფი, დიდი ზომის ქვები, საღებავები. გასაფორმებლად დაგჭირდებათ დეკორატიული კვერცხები და ხელოვნური ფოთლები.

ჯეჯილის მოყვანისა და დეკორატიული ხის აწყობის წესებს დეტალურად თანდართულ ვიდეოში გაეცნობით.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

10 წიგნი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა

10 წიგნი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა

კარგი წიგნი მკითხველს ძლიერ ემოციებს განაცდევინებს. ლიტერატურა სიხარულისა და სევდის განცდებს თანაბრად იწვევს. წიგნის კითხვისას განსაკუთრებით ვგრძნობთ, რომ ცოცხლები ვართ და ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება. ჩვენს სტატიაში 10 წიგნს გაგაცნობთ, რომლის წაკითხვისას გულგრილი ვერ დარჩებით.

1. „სამი მეგობარი“ - ერიხ მარია რემარკი

რემარკის ეს რომანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ნაწარმოებია. წიგნში ორი განსხვავებული ადამიანის სიყვარულის ისტორიას ეცნობით. მათ ყველგან თან დაჰყვებათ წარსულის აჩრდილები და საშინელი მოგონებები ომზე. მართალია, წიგნი მძიმე და მტკივნეული ემოციებით გავსებთ, მაგრამ ის სიცოცხლის სიყვარულსაც გასწავლით.

2. „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ - ჯონ ბოინი

ცხრა წლის ბიჭუნა უცნაურ მეგობარს გაიჩენს, რომელიც გამუდმებით მშიერია და მავთულხლართის მეორე მხარეს ცხოვრობს. ბავშვები ვერ იგებენ, რა ხდება ზრდასრულთა სასტიკ სამყაროში, ისინი უბრალოდ ცხოვრობენ მათთან ერთად. არ არსებობს მკითხველი, რომელსაც ჯონ ბოინის საოცარი წიგნი გულს არ აუჩუყებს და უამრავ რამეზე არ დააფიქრებს.

3. „ჩემი და ბუხრის თაროზე ცხოვრობს“ - ანაბელ პიტჩერი

ოჯახში მწუხარებაა. ერთადერთი, ვინც არასდროს ტირის როჯერია. ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბიჭი ფიქრობს, რომ მისი და როზა, რომელიც ბუხრის თაროზე ცხოვრობს, ბედნიერებას იპოვის.

4. „სანამ ცოცხალი ვარ“ - ჯენი დაუნჰემი

მთავარი გმირი თექვსმეტი წლის არის, მაგრამ მან იცის, რომ მომავალი არც ისე ხანგრძლივია. გოგონა მძიმედ არის ავად. ის სურვილებისა და ოცნებების სიას შეადგენს, რომელთა შესრულებას გარდაცვალებამდე გეგმავს. ამ გულწრფელი რომანის წაკითხვის შემდეგ, მოგინდებათ, რომ სიცოცხლის თითოეული წამით დატკბეთ.

5. „მოუთმენლობა გულისა“ - შტეფან ცვაიგი

წიგნი უიმედო და ცალმხრივ სიყვარულზეა. საწოლს მიჯაჭვული ქალი უსაზღვროდ შეყვარებულია ოფიცერზე, რომელიც მის მიმართ მხოლოდ სიბრალულს განიცდის. ქალის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ის მამაკაცისგან საპასუხოდ არაფერს ითხოვს. ერთადერთი, რაზეც ქალი ოცნებობს - სასწაულია. მას სჯერა, რომ ფეხზე ადგომას და გავლას შეძლებს.

6. „ჩრდილების გამტაცებელი“ - მარკ ლევი

წიგნის მთავარი გმირი პატარა ბიჭია, რომელიც საოცარი უნარით არის დაჯილდოვებული. მას ჩრდილების ხმა ესმის და მათი გატაცებაც შეუძლია. ის ჩრდილებსა და მათ მეპატრონეებს მომავლის სასიკეთოდ შეცვლაშიც ეხმარება. ზრდასრულობაში ის ექიმი ხდება და საკუთარ ნიჭს დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ იყენებს. ერთადერთი, ვისი დახმარებაც მას არ შეუძლია, საკუთარი თავია.

7. „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ - ერიკ-ემანუელ შმიტი

ბიჭი, სახელად ოსკარი, სიმსივნით არის დაავადებული. საავადმყოფო მისი სახლია, ხოლო ვარდისფერი ქალბატონი ბიჭის მეორე დედაა. როდესაც ბიჭი გაიგებს, რომ მას მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ვარდისფერი ქალბატონის რჩევით ის ერთ დღეს ათ წლად მიიჩნევს. თორმეტ დღეში ბიჭი გაზრდას, ჩამოყალიბებას, სიყვარულს და დაბერებასაც მოასწრებს.

8. „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ - კენ კიზი

ციხესა და ფსიქიატრიულ კლინიკას შორის მთავარი გმირი ამ უკანასკნელს ირჩევს. ის ამაოდ ფიქრობს, რომ კლინიკაში უკეთ იქნება. მთავარი გმირი სისტემას ომს გამოუცხადებს და უკანასკნელ წუთამდე დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს. ეს მძიმე ისტორია ძალიან ბევრ რამეს გასწავლით და მიგახვედრებთ, რომ სიგიჟესა და ნორმალურობას შორის საზღვარი რთულად გასავლებია.

9. „წიგნის ქურდი“ - მარკუს ზუზაკი

პატარა ლიზელს რთული ცხოვრება აქვს. ის ნაცისტურ გერმანიაში ცხოვრობს. გოგონას მამას ყველა „კომუნისტად“ მოიხსენიებს. დედა კი მას და გოგონას პატარა ძმას სხვა ადამიანებს მიანდობს გასაზრდელად. ლიზელის ძმა მოულოდნელად იღუპება. გოგონას ერთადერთი ბედნიერება წიგნების კითხვაა. დაბეჭდილ სიტყვას მისთვის საოცარი ძალა აქვს.

10. ანა ფრანკის დღიური - ანა ფრანკი

ანა ფრანკი 15 წლის იყო, როდესაც ნაცისტურ ბანაკში დაიღუპა. ის 1942-დან 1944 წლამდე დღიურს აწარმოებდა. დღიურში მოზარდის ცხოვრება, ოცნებები, მომავლის გეგმები, სიყვარული და ოჯახური ცხოვრებაა აღწერილი. ამ ცოცხალი, გულწრფელი და საინტერესო წიგნის წაკითხვა საოცრად რთულია, თუმცა ჩვენი მოვალეობაა ისტორიის ბნელი ფურცლები ყოველთვის გვახსოვდეს.

მომზადებულია ​adme.ru -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად