Baby Bag

როგორ შევქმნათ სააღდგომოდ ულამაზესი დეკორატიული ხე? - ნინო ჯანიძის რჩევები

როგორ შევქმნათ სააღდგომოდ ულამაზესი დეკორატიული ხე? - ნინო ჯანიძის რჩევები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნინო ჯანიძემ ჯანინის სახელოსნოში მაყურებელს სააღდგომო დეკორაციების მომზადების წესები გააცნო.

ვიდეოში ნახავთ, როგორ უნდა დაამზადოთ სააღდგომოდ დეკორატიული ხე, რომელზეც დეკორატიული კვერცხებს ჩამოკიდებთ ყვავილებით. ვიდეოში ასევე ნახავთ, როგორ დათესოთ ჯეჯილი და რომელი ხრიკების გამოყენებით უნდა გააღვივოთ ის სწრაფად. ნინო ჯანიძე ასევე გირჩევთ, როგორ უნდა მიიღოთ ხასხასა მწვანე ჯეჯილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სააღდგომო დეკორაციაა.

დეკორატიული ხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხმელი ხის ტოტების გამოყენება. ასევე საჭიროა ქოთანი, რომელშიც ტოტებს მოათავსებთ, ქაფი, დიდი ზომის ქვები, საღებავები. გასაფორმებლად დაგჭირდებათ დეკორატიული კვერცხები და ხელოვნური ფოთლები.

ჯეჯილის მოყვანისა და დეკორატიული ხის აწყობის წესებს დეტალურად თანდართულ ვიდეოში გაეცნობით.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად