Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

გამხდარ მამებს ჯანმრთელი შვილები ჰყავთ - უახლესი კვლევები

გამხდარ მამებს ჯანმრთელი შვილები ჰყავთ - უახლესი კვლევები

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას დედის ორგანიზმზე ამახვილებენ. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის ჯანმრთელობაზე მამის ფიზიკური მონაცემები არანაკლებ გავლენას ახდენს.

ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცის კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის ხარისხი ნაყოფისა და ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება. მეცნიერები მომავალ მამებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება ბევრი ივარჯიშონ და ჯანსაღად იკვებონ. კვლევებით დგინდება, რომ მამაკაცები, რომლებიც განაყოფიერების პროცეში ჭარბწონიანები არიან, ბავშვებს მემკვიდრეობით გადასცემენ ჭარბწონიანობის პრობლემას. ჭარბწონიანი მამების შვილებს დიაბეტიც ხშირად აწუხებთ.

შვილის გაჩენამდე ფორმაში ჩადგომა მამამ და დედამ ერთობლივად უნდა სცადონ, რადგან ნაყოფის განვითარებაზე თითოეული მათგანის წონა უდიდეს გავლენას ახდენს. პოტენციური მამები, რომლებიც ჭარბწონიანები არიან და მაღალცხიმიან საკვებს ხშირად მიირთმევენ, მომავალი შვილების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ.

ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ჭარბწონიანი მამების მდედრობითი სქესის შვილებს დიაბეტი უვითარდებოდათ, ხოლო მამრობითი სქესის ნაშიერებს სხვადასხვა სახის მეტაბოლური დარღვევა აღენიშნებოდათ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჭარბწონიანი მამების შვილებს ინსულინ რეზისტენტობა უვითარდებათ, გარდა ამისა მათ ხშირად აწუხებთ პანკრეასის პრობლემებიც.

მკვლევარები მამალ ვირთხებს მაღალცხიმიანი პროდუქტებით კვებავდნენ, რის შედეგადაც ისინი წონაში მნიშვნელოვნად იმატებდნენ. ჭარბწონიან ვირთხებს ჯანსაღი კვების რეჟიმზე მყოფ მდედრობითი სქესის ვირთხებთან აჯვარებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ახალშობილ ვირთხებს უამრავი დაავადება ჰქონდათ, მათ შორის, მნიშვნელოვანი მეტაბოლური დარღვევები და დიაბეტი. ახალშობილებს კვლავ არაჯანსაღად კვებავდნენ, ზრდიდნენ და ჯანსაღ კვებაზე მყოფ მდედრობითი სქესის ვირთხებთან აჯვარებდნენ. მომდევნო თაობაც მეტაბოლური დარღვევებით იბადებოდა. მამებისა და ბაბუების არაჯანსაღი წონა და კვების არასწორი რეჟიმი შთამომავლობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახა.

ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მამის არაჯანსაღი კვების რეჟიმი და ჭარბი წონა განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება მამრობითი სქესის ნაყოფზე. ჭარბწონიანი მამების შვილებს თავადაც აწუხებთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ კვებაზე იმყოფებიან თავად. მამების ჭარბი წონა და მაღალცხიმიანი პროდუქტებით კვება მეტაბოლურ დარღვევებს იწვევს ახალშობილ გოგონებშიც. კვლევებით დადგინდა, რომ გენური მუტაციების შედეგად, ჭარბწონიანი მამების შვილებს დიაბეტის გარდა სიმსივნის, ქრონიკული დეგენერაციული დაავადებისა და ნაადრეევი დაბერების მაღალი რისკიც ჰქონდათ.

მკვლევარები მამებს მოუწოდებენ, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, ცნობიერება აიმაღლონ და მეტად მოტივირებულები იყვნენ. აქტიური ცხოვრების წესი მათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, მათი შვილების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

მომზადებულია ​psychologytoday.com- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად