Baby Bag

ხარშვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, ეს მარტივი მეთოდი გამოიყენეთ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

ხარშვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, ეს მარტივი მეთოდი გამოიყენეთ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ ახალი კვერცხის ამოცნობის წესებსა და მისი შენახვისას აუცილებელ ჰიგიენის წესებზე ისაუბრა:

„როგორ ამოვიცნოთ ახალი კვერცხი? ახალი კვერცხი უნდა იყოს წონადი, არ უნდა იყოს მსუბუქი. მხოლოდ ამით, რა თქმა უნდა, არ ვაფასებთ. გარდა ამისა, კვერცხს ზედაპირი არ უნდა ჰქონდეს ძალიან პრიალა. თუ ზედაპირი ხაოიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დადებულია კვერცხი. შუქზე უნდა გავხედოთ კვერცხს და უნდა იყოს ღია ნარინჯისფერი. მას არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები. ეს იმას ნიშნავს, რომ დაძველებისკენ არის კვერცხი წასული.

ნუ შევიძენთ ისეთ კვერცხს, რომელიც ფრინველის ფეკალიებით არის დაბინძურებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახლში გავრეცხავთ, მაგრამ მისი გარეცხვა ძალიან საფრთხილოა. ის სრულად დაფარული არ არის, არის ფოროვანი. როდესაც წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ რეცხავენ კვერცხს, ღრუბელსაც იყენებენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი. ცივი წყალი კვერცხის შეკუმშვას იწვევს და ზედაპირზე რაც კი დაბინძურებაა შიგნით ჩაიტანს. კვერცხი უნდა გაირეცხოს ნელ-თბილ წყალში ძალიან დაბალ ნაკადზე.

კვერცხმა მინიმუმ 5 წუთი უნდა იდუღოს. თუ არ გვინდა, რომ კვერცხი დაგვისკდეს, მაცივრიდან გამოღებული კვერცხი 15-20 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს შვილებს რომ საჭმელი აქვს და სხვისი შვილი რომ მშიერია, ეს რომ მტკივა და ვერ ვისვენებ, ეს არის ადამიანობა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემს შვილებს რომ საჭმელი აქვს და სხვისი შვილი რომ მშიერია, ეს რომ მტკივა და ვერ ვისვენებ, ეს არის ადამიანობა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანებში შურისა და სხვისი სიხარულის გაზიარების სირთულეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შური სიხარულს ახლავს თან, ტკივილს კი - არა:

„ტკივილს, განსაცდელს შური თან არ ახლავს. შენ არ შეგშურდება, რომ ვიღაცას შვილი გარდაეცვალა, შენ არ შეგშურდება, რომ იმის შვილს ახლა ძალიან მძიმე დაავადება აქვს. მისმა შვილმა რომ ოქსოფრდში ჩააბარა და​ შენი შვილი უმაღლესში ვერ აბარებს, შეიძლება ამან შენში ძალიან დიდი შური შემოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ ის შენი ძალიან ახლობელია. შეიძლება გეწყინოს, კი არ გაგიხარდეს ის, რომ აი, ჩემმა შვილმა ვერ ჩააბარა, მაგრამ ჩემი მეგობრის შვილმა ჩააბარა. ნახე, იმან რამდენი იშრომა და მე ძალიან გავიხარე ამით. როგორც ჩემი შვილის წარმატებით გავიხარებდი, ისე სხვისი შვილის წარმატებითაც გავიხარებ. ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა, როდესაც შენ ხარობ სხვისი სიხარულით.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, იმ ადამიანის სული, რომელსაც სხვისი სიხარული არ ახარებს, მძიმე მდგომარეობაშია:

„მე რომ გული მისკდება იმაზე, მე რომ შვილი არ მყავს, იმას რატომ ჰყავს შვილი, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ადამიანის სული. როგორი სული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ შენ სხვისი სიხარული არ გიხაროდეს. რაც უფრო მეტი წარმატებული, მდიდარი, პროფესიონალი ადამიანი იქნება ამ ქვეყანაში, ეს ქვეყანა მით უფრო წინ წავა. რაც უფრო მეტი გაჭირვებული, გაუბედურებული იქნება ამ ქვეყანაში, ეს ხომ ყველას ტკივილი და ტრაგედიაა.“

„შენ ის კი არ უნდა გტკიოდეს, ვიღაცას რომ აქვს, შენ უნდა გტკიოდეს ის, რომ ვიღაცას არ აქვს. ვიღაც რომ სიბნელეშია, მე რომ შუქი მაქვს, ეს რომ მეტკინება, ეს არის ადამიანობა. ის კი არ იქნება ტკივილი, სხვას რომ შუქი აქვს და მე არა, ეს რომ მტკენს გულს. ​ჩემს შვილებს რომ საჭმელი აქვს და სხვისი შვილი რომ მშიერია, ეს რომ მტკივა და ვერ ვისვენებ, ეს არის ადამიანობა. როდესაც მე სხვისი სიხარულით გახარება შემიძლია, ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის. სიხარულს ყოველთვის შური ახლავს თან. ეშმაკი არის შურიანი. ღმერთი არის გამცემი, ღმერთს ყველასთვის ყველაფერი უნდა,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად