Baby Bag

„ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით,“- ნანა ლორთქიფანიძე

„ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით,“- ნანა ლორთქიფანიძე

მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ, რომელიც ორი შვილიშვილის ბებიაა ბიჭების აღზრდის სირთულის შესახებ ისაუბრა:

„ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები. ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი თითო-თითო, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ საერთოდ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ბიჭების გაზრდა აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს არის ბევრად უფრო რთული. ჩვენ სულ გოგოები გვყავდა გარშემო. თვითონ სამი და ვიყავით. ყველამ გოგოები გავაჩინეთ, მარტო მაიკო იყო გამონაკლისი. ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ბიჭები ყოფილიყვნენ ასეთი თბილები, ასეთი მგრძნობიარეები. ჩემი შვილიშვილები ასეთები არიან.

სახლში ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე. ერთხელ რაღაც-რაღაცები მივლეწ-მოვლეწეთ. ახლა აღარ უნდათ ჩემთან თამაში. გაიზარდნენ და სხვა თამაშები მოსწონთ. 13 და 10 წლისები არიან. ჩვენი დამალობანა, დაჭერობა ჩაბარდა წარსულს. სად არ ვარ სახლში ნაპორტყიალები... ასაკის მატებასთან უფრო თბილები გახდნენ. რაც შეეხება წესების დაწესებას ბავშვებისთვის, ამას უფრო მაინც აკეთებენ დედები, ვიდრე ბებიები,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაქცინაციამ შეძლო სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების აღმოფხვრა ან მასიური შემცირება - შესაბამისად, მისი აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა“

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაქცინაციამ შეძლო სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების აღმოფხვრა ან მასიური შემცირება - შესაბამისად, მისი აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა“

ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური, სანდო და უძველესი საშუალებაა, რომელიც ყოველწლიურად იცავს ბავშვს სიკვდილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისგან. ვაქცინაციის მნიშვნელობასა და შესაძლო გართულებებზე MomsEdu.ge - ს ესაუბრა პედიატრი თათია სხირტლაძე.

- ვაქცინაციის (გეგმიური აცრა) მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ.

ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით. დროულად ჩატარებული გეგმიური აცრები ვაქცინაციით მართვადი ინფექციების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა და ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციების უმეტესობა არ იძლევა 100%-იან დაცვას ინფექციისგან, ხელს უშლის პათოგენების გამრავლებას და გავრცელებას, ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და სერიოზული გართულებების განვითარებას.

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს - ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურის, წითელას, ჰემოფილუს ინფლუენსას, როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციების და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაქცინაციამ შეძლო სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების აღმოფხვრა ან მასიური შემცირება, როგორებიცაა: ყვავილი, პოლიომიელიტი, დიფტერია. შესაბამისად, მისი აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა.

- ვაქცინაციის ნაცვლად, ხომ არ სჯობს ბავშვობის „უწყინარი“ დაავადებები უბრალოდ გადაიტანოს?

- სამწუხაროდ, ბავშვთა ინფექციები, მაგალითად, წითელა, ყივანახველა, ყბაყურა ან წითურა, არც ისე უწყინარია და შეიძლება მიგვიყვანოს სიკვდილამდე ან გამოიწვიოს მუდმივი ინვალიდობა, როგორებიცაა: ტვინის დაზიანება, დამბლა, სიბრმავე და სიყრუე. ადრეულმა ვაქცინაციამ კი შეიძლება თავიდან აიცილოს ეს დაავადებები და შესაბამისად, შედეგებიც.

- რამდენი ხანი შეგვიძლია გადავავდოთ აცრა?

ვაქცინაციის ვადები დაგეგმილია იმის მიხედვით, რომ გართულებების რისკი იყოს მცირე. რაც უფრო ადრეულ ასაკში, ანუ დადგენილი კალენდრის მიხედვით ჩატარდება საჭირო აცრა, მცირდება ბავშვის დაავადების რისკი. თუ ბავშვმა გამოტოვა გეგმიური აცრა ან გასცდა იმ ასაკს, რომელიც საუკეთესო იყო აცრისთვის, არ ნიშნავს რომ აცრა უნდა გავაუქმოთ, მაინც უნდა მივმართოთ სამედიცინო პერსონალს და უნდა ჩატარდეს იმუნიზაცია, შესაბამისი იმუნიზაციის კალენდრით. თუმცა, არსებობს ვაქცინაციის დროებითი და მუდმივი უკუჩვენებები, რომელიც მკაცრადაა განსაზღვრული და აცრის წინ ყველა ბავშვი ფასდება ექიმის მიერ.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს აცრას და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა არსებობს იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი რეაქციების და გართულებების იშვიათი რისკი. ეს შეიძლება იყოს სიწითლე, შეშუპება და ტკივილი ინექციის ადგილზე, დაბალი ცხელება, გულისრევა, თავის ტკივილი, ჭირვეულობა, ზოგადი სისუსტე, მადის დაკარგვა, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და ჩარევის გარეშე გაივლის 1-3 დღის განმავლობაში. ცოცხალი ვაქცინით, იმუნიზაციის შემდგომ, ერთიდან სამი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს დაავადებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად, მსუბუქი დიარეა როტავირუსის ვაქცინაციის შემდეგ და მსუბუქი გამონაყარი წითელას ვაქცინაციის შემდეგ.

სერიოზული არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, როგორებიცაა: მაღალი ცხელება და ალერგიული რეაქცია, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას. 

- ხშირად გვსმენია, რომ აცრის შემდეგ დაბანა არ შეიძლება. რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

- არსებული ვაქცინები კეთდება ბარძაყის ან მხრის კუნთში და დასველება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად