Baby Bag

„რაც მინდოდა, რომ მესაუბრა ტატასთან, რაზეც გული დამწყდა, რომ ეს რატომ გავაკეთე ასე, დავწერე ამ წიგნში,“- თიკო ჩხეიძე

„რაც მინდოდა, რომ მესაუბრა ტატასთან, რაზეც გული დამწყდა, რომ ეს რატომ გავაკეთე ასე, დავწერე ამ წიგნში,“- თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გადასატანად წიგნი დაწერა. თიკო ჩხეიძის თქმით, „აღსარება დედისა“ მშობლის შვილთან დიალოგია და მასში ყველაფერია ნათქვამი, რისი თქმაც დედას ტატასთვის სურდა:

„წიგნის წერის პროცესში ერთგვარი ურთიერთობა იყო ტატასთან. მე და ტატა ვსაუბრობდით და თან რაღაც იწერებოდა. წერის გამოცდილება არ მქონდა. რომ დაიწყო ეს დიალოგი, დამთავრდა იქ, სადაც დამთავრდა წიგნი. როდესაც კითხულობს მკითხველი, მეც იმავე ემოციებს განვიცდიდი, როგორ ემოციებშიც არის მკითხველი. რაც მინდოდა, რომ მესაუბრა ტატასთან, რაზეც გული დამწყდა, რომ ეს რატომ გავაკეთე ასე, მე ეს დავწერე ამ წიგნში. მინდა სხვა დედამ, სხვა ადამიანმა წაიკითხოს და თვითონ გადაწყვიტოს შვილთან ასე სჯობს ურთიერთობა, თუ თვითონ როგორც ურთიერთობს ისე...

წიგნში არაფერი არ არის ფანტაზიით. ყველაფერი არის სიმართლე. ვიჯექი, ვფიქრობდი, როგორ იტყოდა ამას ტატა, მე რა პასუხს გავცემდი და მერე მართლა თვითონ მოდიოდა ყველაფერი. ცოცხალია წიგნი, როდესაც კითხულობ. წიგნში ტატას ნახატებია. ტატასთან სიახლოვეს ისედაც ყოველთვის ვგრძნობ.

არ ვიცი რჩევას რამდენად მივცემ სხვა მშობლებს ან რამდენად მიიღებს მსგავს სიტუაციაში ადამიანი, ძალიან რთულია... ღმერთთან ურთიერთობა არ უნდა დაკარგოს. ღმერთის სიყვარული არის ყველაზე ძლიერი, რაც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს და იმის ძალით მერე ყველაფერი შეძლოს. იყო რთული პერიოდები, იყო შედარებით მსუბუქი დღეები. ალბათ, ყველაზე დიდი როლი პატარებმა შეასრულეს, იმიტომ, რომ ახლა მათზე ვართ გადაწყობილები. წიგნის ბოლოში მათთვის მაქვს პატარა წერილი, რომელიც ვფიქრობ, ცხოვრებისეულ გზას უჩვენებს,“- თიკო ჩხეიძემ წიგნის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გოგოა თუ ბიჭია, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ... ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება,“- ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მუცლადმყოფ ბავშვთან მშობლების ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვს მუცელში ესაუბრები, სულ გამოხატავ, რომ შენ ის გიყვარს, რომ მასზე ზრუნავ, საუბრობთ, როგორ იყოს ის დაცული, როგორ ელოდებით სიხარულით. ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ, გოგოა თუ ბიჭია. ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება. ამ დროიდან განიცდის ადამიანი. როდის, როგორ გამოიხატება შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ეს არ ვიცით, ფსიქოლოგიურად მერე ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს.

მუცლადყოფნის პერიოდიდან დედა-შვილის, მამა-შვილის ურთიერთობის ჰარმონიას, ოჯახში სიტუაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. სადაც აყალმაყალია, ჩხუბია, იქ ბავშვი ყოველთვის დათრგუნულია. განვითარების პრობლემებიც კი შეიძლება შეიქმნას, იმიტომ, რომ შეშინებულია შიგნიდან ეს ადამიანი. ის ყოველთვის დაძაბულია. ბავშვი არის საოცარი ქმნილება. მუცლადყოფნის პერიოდის ბავშვობაც არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გაჩენის შემდეგ ბავშვობა,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად