Baby Bag

„არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება?“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება?“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ საქართველოში თავისუფლების არასწორი გაგების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფალ ქცევად ხშირად ისეთი ქცევები აღიქმება, რომლებსაც თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს:

„თავისუფლებასთან და თავისუფალ ქცევასთან დაკავშირებით ითვლება, რომ მე თუ ეტიკეტს ვიცავ, არათავისუფალი ტიპი ვარ. ჩვენთან თავისუფლებას ცოტა სხვა ინდიკატორები აქვს. რომ გაჩვენოთ, რომ თავისუფალი ვარ, რამოდენიმე რაღაც უნდა გავაკეთო: უნდა შემეძლოს ბილწსიტყვაობა, არაფრის არ უნდა მრცხვენოდეს, უნდა შემეძლოს დიდხანს სექსზე საუბარი. ეს არის ინდიკატორები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან. რომ აჩვენონ, რომ თავისუფლები არიან, ასე იქცევიან.

სიმორცხვე ადამიანის ჩვეულებრივი და ძალიან კარგი თვისებაა. ჩემს ძაღლსაც რცხვენია რაღაცას რომ დააშავებს ხოლმე. არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება? შენ შეგიძლია ეტიკეტიც დაიცვა, ზრდილობიანიც იყო და შენზე თავისუფალი არავინ არ იყოს. არ სჭირდება თავისუფლებას მტკიცებითი ფორმა და დემონსტრირება, რომ თავისუფალი ხარ,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საზოგადოებრივი რადიო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ადამიანს ემართება კოვიდი და ის არის შეუქცევადი, ქვეითდება სასუნთქი სისტემის ზედაპირი, ფილტვი თავის ფუნქციას კარგავს,“ - ლევან რატიანი

„როდესაც ადამიანს ემართება კოვიდი და ის არის შეუქცევადი, ქვეითდება სასუნთქი სისტემის ზედაპირი, ფილტვი თავის ფუნქციას კარგავს,“ - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში ფილტვის დაზიანების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდს არამხოლოდ ფილტვის, არამედ ნებისმიერი ორგანოს დაზიანება შეუძლია:

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული კოვიდ-19-ის დაავადება ასოცირდებოდა მხოლოდ ფილტვების დაზიანებასთან, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ასე. ​მას შეუძლია ნებისმიერი ორგანო დააზიანოს, მათ შორის გულიც, თირკმელიც, ღვიძლიც, თავის ტვინიც. რა მოსდის ფილტვის ქსოვილს, როდესაც ადამიანს ემართება კოვიდ-19 და ის ზიანდება? როდესაც ადამიანს ემართება კოვიდი და ის არის შეუქცევადი, ფილტვი თავის ფუნქციას კარგავს, ქვეითდება სასუნთქი სისტემის ზედაპირი. რადგან ფილტვმა დაკარგა თავისი ფუნქცია, ადამიანებს უჭირთ სუნთქვა.“

ლევან რატინის თქმით, ფილტვის დაზიანების ხარისხი ერთიდან ოცდაოთხ ქულამდე ფასდება:

„ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს ერთიდან ოცდაოთხ ქულამდე. ძალიან ბევრი გვყოლია რეანიმაციულ განყოფილებაში 24-ქულიანი პაციენტი. ისინი გამოჯანმრთელებულად და 0 ქულით გაწერილან კლინიკიდან. 24 ქულის შემთხვევაში ფილტვის ქსოვილის ზედაპირი დაზიანებულია, მასიური დაზიანებაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ დაავადებამ უკუგანვითარება განიცადა, ხდება გაწოვა, ფილტვი თავის ფუნქციას აღიდგენს.“

„ჩვენ გვყოლია 24-ქულიანი პაციენტები და სახლში გაგვიწერია 14 ქულით, 9 წულით, 7 ქულით. ​როდესაც ასეთ შემთხვევაში ხანგრძლივდება პროცესი, ეს არის პოსტკოვიდის ერთ-ერთი გართულება. ამ შემთხვევაში ყალიბდება პნევმოფიბროზი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად