Baby Bag

„არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება?“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება?“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ საქართველოში თავისუფლების არასწორი გაგების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფალ ქცევად ხშირად ისეთი ქცევები აღიქმება, რომლებსაც თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს:

„თავისუფლებასთან და თავისუფალ ქცევასთან დაკავშირებით ითვლება, რომ მე თუ ეტიკეტს ვიცავ, არათავისუფალი ტიპი ვარ. ჩვენთან თავისუფლებას ცოტა სხვა ინდიკატორები აქვს. რომ გაჩვენოთ, რომ თავისუფალი ვარ, რამოდენიმე რაღაც უნდა გავაკეთო: უნდა შემეძლოს ბილწსიტყვაობა, არაფრის არ უნდა მრცხვენოდეს, უნდა შემეძლოს დიდხანს სექსზე საუბარი. ეს არის ინდიკატორები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან. რომ აჩვენონ, რომ თავისუფლები არიან, ასე იქცევიან.

სიმორცხვე ადამიანის ჩვეულებრივი და ძალიან კარგი თვისებაა. ჩემს ძაღლსაც რცხვენია რაღაცას რომ დააშავებს ხოლმე. არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება? შენ შეგიძლია ეტიკეტიც დაიცვა, ზრდილობიანიც იყო და შენზე თავისუფალი არავინ არ იყოს. არ სჭირდება თავისუფლებას მტკიცებითი ფორმა და დემონსტრირება, რომ თავისუფალი ხარ,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საზოგადოებრივი რადიო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად