Baby Bag

„არ დაუყვირო ბავშვს, გიყვარდეს ბავშვი, არ უნდა სცემო,“- მხოლოდ ეს არ არის ჰუმანური პედაგოგიკა,“ - შალვა ამონაშვილი

„არ დაუყვირო ბავშვს, გიყვარდეს ბავშვი, არ უნდა სცემო,“- მხოლოდ ეს არ არის ჰუმანური პედაგოგიკა,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰუმანიზმის ნამდვილი მნიშვნელობა ადამიანებს ხშირად სწორად არ ესმით:

„რა არის ჰუმანური პედაგოგიკა? შეიძლება ეს ძალიან ადვილ ამბად მოგეჩვენოთ. ბავშვი უნდა გიყვარდეს და ჰუმანური პედაგოგიკაც იქნება. არ უნდა დაუყვირო ბავშვს, არ უნდა სცემო. აბა სხვა რა უნდა ჰუმანურობას?! კეთილად მოექეცი. ეს ძალიან ცოტაა. ამაში ჰუმანურობა ძალიან ცოტაა. აგერ ჩემი ჩრდილი დგას. სუსტია, მაგრამ ჩემი ჩრდილია. ვინმე იტყვის, რომ ეს ჩრდილი მე ვარ?! მე ვდგავარ, ვლაპარაკობ, ვაზროვნებ. ეს ჩრდილი ჩემი ანარეკლია. ჰუმანურობის ეს აზრები, რაც ახლა ვთქვი, ჩრდილია ჰუმანურობის არსისა.

ჰუმანურობა არ არის მარტო სიყვარული, არ არის მარტო კეთილი მოქცევა ერთმანეთის მიმართ. ეს ჩრდილია. რა არის ამის სინამდვილე? სიტყვა ჰუმანური სანსკრიტულია. თარგმანში ნიშნავს: „მოკვდავი, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს.“ მოკვდავი, რომელიც თავის თავში ღმერთს ეძებს, მოკვდავი, რომელიც თავის თავში საკუთარ თავს დაეძებს: ვინ ვარ მე? რად გავჩნდი? რისთვის მოვედი? სად გავედი? ამ სიტყვას თავისი საწინააღმდეგო სიტყვაც აქვს და ის აღნიშნავს, მოკვდავს, რომელიც არღვევს კავშირს უზენაესთან. პედაგოგებს ხშირად ვეკითხები: „თქვენ ჰუმანურები ხართ?“ „დიახ,“- ყვირიან ყველანი. „მაშ, რად მოხვედით სემინარზე? თუ ჰუმანურები ხართ, წადით და იმუშავეთ.“ ისინი ჩრდილის ჰუმანურები არიან და არა არსისა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ ჰგონია ხალხს, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის ამოწყვეტაა დაგეგმილი? - საკითხის ფსიქოლოგიური ასპექტები

რატომ ჰგონია ხალხს, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის ამოწყვეტაა დაგეგმილი? - საკითხის ფსიქოლოგიური ასპექტები
როგორ აიხსნება ფსიქოლოგიურად ხალხის შიში იმის შესახებ, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის განადგურებაა შესაძლებელი? - ამ საკითხზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოთერაპევტი, ტრენერი ნინო ვერხვიაშვილი.

- რატომ ჰგონია ხალხს, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის ამოწყვეტაა დაგეგმილი, ფსიქოლოგიურად რა ფენომენია ეს?

- არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც არის ტენდენცია, როდესაც ხალხი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, რადგან ვაქცინა ახალი შექმნილია და შესაბამისად, მოსახლეობა სიფრთხილით უდგება ამ საკითხს. 

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც თქვენს კითხვაში გაჟღერდა, არის შიშის და ნდობის მომენტი, ეს ორი ფაქტორი წყვეტს, რამდენად წავა და აიცრება ადამიანი, გააჩნია, ვის ან რას უფრო ვენდობით.

ზოგადად, სოციუმის დაყოფა „ვაქსერებად“ და „ანტივაქსერებად“ ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია. „ანტივაქსერებში“ ძირითადად მოიაზრება ხოლმე ის ხალხი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაქცინაციას. თითქოს ზუსტად ისინი შეადგენენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცივილიზაციას ვაქცინაციით საფრთხე ემუქრება. მთლად ასე არ არის, იმ ადამიანებშიც, რომლებიც არ არიან მომხრეები, რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა. 

კვლავ ნდობის საკითხი მინდა შემოვიტანო იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი, არ ენდობიან ვაქცინას და ჯანდაცვის სისტემას საკუთარი გამოცდილების ხარჯზე, ან იმ ინფორმაციის ხარჯზე, რაც ყოველდღიურად ვრცელდება, სადაც დიდი დოზით არის ასახული ვაქცინაციის უარყოფითი მხარეები. 

ასევე, არსებობს ჯგუფი საზოგადოებისა, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ ფსიქიკურ, სულიერ ჯანმრთელობაზე და ენდობიან საკუთარ სხეულს, სიჯანსაღეს, რის გამოც ამბობენ უარს. ისინი, ძირითადად, ვაქცინის წინააღმდეგ არ მიდიან, უბრალოდ თვითონ არ თვლიან საჭიროდ, რომ აიცრან. 

აქვე გამოვყოთ კატეგორია, რომლებიც, პირიქით, არ ენდობიან საკუთარ სხეულს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სრულად იყვნენ ვაქცინირებულები, მაინც შიშით უყურებენ ამ საკითხს, ასე ვთქვათ „დაპანიკებული“ ხალხის ჯგუფი.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რელიგიასთან აქვს მჭიდრო კავშირი და რომლებიც ჩიპების მოლოდინში არიან, ეს ყველაფერი კი ანტიქრისტესთან ასოცირდება, ზუსტად ამიტომ ენდობიან იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებენ მათთვის პატივცემული ადამიანებისგან. ანუ გააჩნია, ვის ენდობა ამ შემთხვევაში ადამიანი.

- როგორ შეიძლება ამ კუთხით ხალხის ნდობის მოპოვება და ეჭვებთან შებრძოლება?

- სიმართლე გითხრათ, მე დაგვიანებულად მეჩვენება ეს ყველაფერი, რადგან ადამიანებს გვახასიათებს ასეთი თავისებურება, რომ როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისე განვეწყობით ხოლმე, რომ შემდეგ რითიც შეგვიძლია მხარს ვუჭერთ უკვე ჩამოყალიბებულ აზრს ამა თუ იმ საკითხზე, გვიყვარს, როდესაც მართლები ვართ. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, აქამდე მიღებულიყო ზომები, რათა სხვანაირად მიეღო მოსახლეობას ინფორმაცია. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან თვეები გავიდა და ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც თითქმის ყველა ადამიანმა იცის, უნდა თუ არ უნდა აცრა. შესაბამისად, ვთვლი, ნდობის მოპოვებასთან დაკავშირებით ზომების მიღება დაგვიანებულია ან ძალიან რთული იქნება.

- სამედიცინო კუთხით ვიცით, რომ ინფორმირებაა საჭირო, თუმცა ფსიქოლოგიურად როგორ შეიძლება მივუდგეთ ამ საკითხს? ფაქტია, ძადატანება უკუშედეგს იძლევა.

- ერთადერთი ვერსია იქნებოდა ძალდატანებითი ვაქცინაცია, რა შემთხვევაშიც აიცრებოდნენ ადამიანები, რასაც პირადად მე ვერანაირად ვერ მივესალმები. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად