Baby Bag

„ქალს შეიძლება ეგონოს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არ არის ის ძალადობა, რომლის გამოც პოლიციაში უნდა მივიდეს, მაგრამ ეს არის განგაშის სიგნალი,“- თამარ ლუკავა

„ქალს შეიძლება ეგონოს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არ არის ის ძალადობა, რომლის გამოც პოლიციაში უნდა მივიდეს, მაგრამ ეს არის განგაშის სიგნალი,“- თამარ ლუკავა

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ადვოკატმა თამარ ლუკავამ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდა არ გაჩუმდნენ და ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს:

„მივმართავ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომ არ გაჩუმდნენ! ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში ქალმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოს. ქალს შეიძლება ეგონოს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არ არის ის ძალადობა, რომლის გამოც პოლიციაში უნდა მივიდეს, მაგრამ ეს არის განგაშის სიგნალი. მცირე ძალადობის შემთხვევაშიც კი ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს პოლიციას.

იმ შემთხვევაში თუ ქალი ვერ ახერხებს პოლიციასთან დაკავშირებას ან სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ, მას შეუძლია დაგვიკავშირდეს საფარის ცხელ ხაზზე ან Facebook გვერდზე. „საფარის“ საშუალებით არის საქართველოში მოქმედი აპლიკაცია SAFE YOU, რომლის ჩამოტვირთვის შემთხვევაში ქალს შეუძლია ძალადობის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს, როგორც მისთვის სანდო პირს, ასევე სანდო ორგანიზაციას, რომელსაც წინასწარ ნიშნავს და პოლიციას. ეს არის აპლიკაცია, რომელიც განგაშის სიგნალზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, ინფორმაციას აგზავნის მსხვერპლის მიერ წინასწარ შერჩეულ სანდო პირთან, სანდო ორგანიზაციასა და პოლიციასთან. როდესაც ქალი განგაშის სიგნალს დააჭერს ხელს, შესაბამის პირთან და ორგანიზაციასთან მიდის შეტყობინება „მიშველე, საფრთხეში ვარ!“ ასევე მისამართი არის მითითებული, სადაც იმყოფება მსხვერპლი. იმ მომენტში, როდესაც მას აქვს ღილაკზე ხელი დაჭერილი, ავტომატურად იწერება აუდიოსახით ირგვლივ რაც ხდება,“- მოცემულ საკითხზე თამარ ლუკავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად