Baby Bag

„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს...“- გვანცა დარასელია მწვანილის შენახვის წესზე

„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს...“- გვანცა დარასელია მწვანილის შენახვის წესზე

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ მწვანილის შენახვის მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავადაც ხშირად იყენებს:

„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს. ვერასდროს ვერ ვყიდულობდი მწვანილის ოპტიმალურ რაოდენობას. ყოველთვის მეტი იყო ამ კონაში. ხშირად მილპებოდა. როგორც აღმოვაჩინე, მწვანილის დიდხანს შენახვის რამოდენიმე მეთოდი არსებობს.

მე ამ მეთოდს მივმართავ: თუ მწვანილს გარეცხავთ, ზედმიწევნით კარგად გააშრობთ და მინის ქილაში მოათავსებთ სახურავით, შედებთ მაცივარში, შეიძლება ერთი თვე ან თვე-ნახევარიც შეინახოთ მწვანილი და გამოიყენოთ.

მწვანილის შესანახად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თაიგულის პრინციპი. შეგიძლიათ ქინძის და ოხრახუშის ღეროები შეკრათ თაიგულად, ჩადოთ წყლიან ქილაში, ოდნავ გადააჭრათ ღეროები და ჩაყოთ წყალში. მართალია, უფრო ნაკლები დროით შეინახება ასე, მაგრამ სამაგიეროდ სასარგებლო თვისებებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.

ასევე შეგიძლიათ დაჭრილი მწვანილი შეინახოთ ზეთში. გამოყენების წინ გამოიღოთ მაცივრიდან და სადილის მომზადებისას გამოიყენოთ,“ - აღნიშნა გვანცა დარასელიამ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხმაურს აქვს ძლიერი ზეგავლენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინზე. ბავშვი ადაპტაციას ძნელად გადის ასეთ გარემოში,“ - მაია ხერხეულიძე

„ხმაურს აქვს ძლიერი ზეგავლენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინზე. ბავშვი ადაპტაციას ძნელად გადის ასეთ გარემოში,“ - მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ხმაურის ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვზე ყველაზე უარყოფით გავლენას სატრანსპორტო ხმაური ახდენს:

„რა თქმა უნდა, თვითონ ბავშვები არიან ხმაურიანები, გაცილებით ხმაურიანები ხშირად, ვიდრე მოზრდილები. როდესაც ეს გადადის საბავშვო ბაღის გარემოში, თვითონ შიდა ხმაურმაც, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება რაიმე ზეგავლენა იქონიოს. ამ ხმაურის სერიოზული ზეგავლენა განვითარებაზე, შემეცნებაზე არ ხდება, მაშინ, როდესაც ისეთი ხმაური, როგორიც არის ​სატრანსპორტო ხმაური, გაცილებით მძიმე შედეგს იწვევს, ვიდრე ბავშვთან დაკავშირებული ხმაური.“

მაია ხერხეულიძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს დიდი ხნით არ მისცენ ხმაურიანი ელექტრონული სათამაშოები:

„კიდევ ერთი კომპონენტი არის სათამაშოები, ელექტრონული სათამაშოები, რომელმაც ​შეიძლება სერიოზული ზეგავლენა გამოიწვიოს. ელექტრონული სათამაშოები ძალიან ხმაურიანი თუ არის, ხანგრძლივი დროით არ შეიძლება, რომ მოიხმაროს ბავშვმა. ასეთი სათამაშო არ უნდა იყოს ახლო კონტაქტში სახესთან, სასმენ აპარატთან, იმიტომ, რომ ამან შეიძლება სერიოზული ზეგავლენა იქონიოს და ისეთი მინიმალური სმენის დაქვეითება გამოიწვიოს, რომელიც ძალიან ძნელი შესამჩნევია სპეციალური კვლევის გარეშე. ის კი არა, რომ ბავშვს საერთოდ სმენა არ აქვს, მაგრამ ჩურჩული და მშვიდი საუბარი შეიძლება პრობლემური გახდეს.“

„ხმაურს აქვს ძლიერი ზეგავლენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინზე. ბავშვი ადაპტაციას ძნელად გადის ასეთ ხმაურიან გარემოში. ტვინზე ზეგავლენა რა არის?! პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ძილის დარღვევა, რაც აისახება სხვადასხვა პრობლემის მხრივ, ​მაგალითად, ეს არის ჩაძინების გაძნელება. ითვლება, რომ ძილის დროს ოთახში ხმაური 30 დეციბალზე მეტი არ უნდა იყოს. იმ გარემოში, სადაც არის ტრანსპორტის აქტიური მოძრაობა ხმაური 80 დეციბალია. თუ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ძალიან ახლოს ვართ ქუჩასთან და ფანჯარა ღიაა, 30 დეციბალი ჩვენს საძინებელში არასდროს არ არის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხშირი გაღვიძება, გამოფხიზლება, არასრულყოფილი ძილი და თავისი ზეგავლენა მოახდინოს შრომისუნარიანობაზე,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად