Baby Bag

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

86 წლის ვენერა ტურიანი ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელსაც 62-წლიანი პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება აქვს. ქალბატონი ვენერა იმედოვნებს, რომ თავის პროფესიას კიდევ დიდხანს მოემსახურება და ახალ თაობებს საკუთარ ცოდნას გაუზიარებს:

„საათ-ნახევრით ადრე გამოვდივარ სახლიდან. არ შემიძლია დაგვიანება! მე გახლავართ ვენერა ტურიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი, საკმაოდ ხანდაზმული, 86 წლის. მუშაობის სტაჟი მაქვს 62 წელი და ძალიან მინდა, კიდევ ვიმუშაო. პირველი გაკვეთილი ჩავატარე გორის რაიონში. უფლება არ მქონდა, რომ უარი მეთქვა განაწილებაზე, თორემ იქ იყო გერმანული სკოლა. გერმანული მეორე ენა იყო, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მიხდებოდა ძალიან ბევრი მუშაობა.

მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის. ახლა 86 წლისას შემიძლია მათთან ერთად ვიხუმრო იმ საკითხზე, რაზეც ისინი ხუმრობენ. საერთო ენა უნდა გამონახო მათთან. მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს. მასწავლებელი უნდა იყოს ამხანაგი, მეგობარი. ბევრი ისეთ საიდუმლოებას, რომელსაც დედას და მამას არ ეტყვის, მე მეტყვის ხოლმე.იცის, რომ არ გავთქვამ. პირველ რიგში, ბავშვი დიდად უნდა ჩავთვალოთ. სახლში რომ წავალ, დავჯდები მარტო და ვიფიქრებ, რატომ არ გამომივიდა რომელიმე გაკვეთილი, რა დავაშავე? დამნაშავე მე ვარ, არასდროს ბავშვი არ არის დამნაშავე. ვერ ავუღე ალღო ბავშვს და იმიტომ არ გამოვიდა. მიყვარს, როდესაც კარგად მპასუხობენ.

მე მეშინია სახლში დაჯდომის. მიხარია, როდესაც მეუბნებიან: თქვენ არ გემჩნევათ, რომ 86 წლის ხართ. სკოლიდან რომ გავალ, იქ აღარ ვიღიმები, აღარც ვიცინი, აღარც არაფერს ვუყურებ. სკოლის იქით სხვაა. ყოფილ მოსწავლეებს რომ ვხვდები, ასე მგონია, რომ არ დავბერებულვარ,“- ქალბატონმა ვენერა ტურიანმა საკუთარი ისტორიის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველას სჭირდება შეხსენება, რომ ხელები კი არ უნდა გადაიბანოთ, არამედ აუცილებლად დაიბანოთ შესაბამისი საშუალებებით,“- ინფექციონისტი თემურ ქველიძე

„ყველას სჭირდება შეხსენება, რომ ხელები კი არ უნდა გადაიბანოთ, არამედ აუცილებლად დაიბანოთ შესაბამისი საშუალებებით,“- ინფექციონისტი თემურ ქველიძე

ინფექციონისტმა თემურ ქველიძემ ხელების დაბანის მნიშვნელობაზე და „ჭუჭყიანი ხელების დაავადებებზე“ ისაუბრა:

„პირადი ჰიგიენა, ხელის დაბანა ყოველთვის უნდა უთხრა მოსახლეობას. ზოგიერთი ამას იღებს შეურაცხყოფად, მაგრამ მერწმუნეთ, ყველას სჭირდება შეხსენება, რომ ხელები კი არ უნდა გადაიბანოთ, არამედ აუცილებლად დაიბანოთ შესაბამისი საშუალებებით. ჭუჭყიანი ხელები ისეთი რამ არის, რომ თავისუფლად შეიძლება იმ პერიოდში მოხდეს საკვების მიღება და დაინფიცირება ადამიანის ორგანიზმის. ბევრია ამასთან დაკავშირებული ნაწლავური დაავადებები, რომელიც იწვევს საკმაოდ მძიმე შედეგებს. ამიტომაც აუცილებად ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ხელები უნდა დაიბანოთ.

მე პაციენტებს ვეუბნები კიდეც, რომ ხელები არ დაიბანეთ და ამის გამო დაგემართათ ეს დაავადება. ექიმი მკაცრი უნდა იყოს. ნებისმიერი ნაწლავთა ინფექცია ძირითადად აზიანებს ნაწლავს. პაციენტი, რომელიც არ იბანს ხელებს, თავისუფლად შეიძლება იყოს სხვა ადამიანის დაინფიცირების წყარო, ამიტომ აუცილებელია ხელების დაბანა. „ჭუჭყიანი ხელების დაავადება“ ყოველთვის იყო და არის კიდეც დიზენტერია. ამ დროს ხდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის დაზიანება. დიზინტერია არის ბაქტერია. პაციენტების დაინფიცირება ინტენსიურად ხდება. ბავშვებში ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს. შეიძლება საკვებიც იყოს გაჟღენთილი ბაქტერიებით. პირველი ბარიერი არის პირის ღრუ. ნაწილი ბაქტერიებისა ტუტე არის გამო კვდება. უმრავლესობა გადარჩება. საუკეთესო ბარიერი არის კუჭის ლორწოვანი, რომელიც ბაქტერიების 75%-ს კლავს. ეს რომ არ იყოს ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. თუ საკვები გაჯერებულია დიზენტერიის ბაქტერიებით, ის გადადის მსხვილ ნაწლავში. ის იწყებს გამრავლებას და ლორწოვანი გარსის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იქნება იქ, უფრო მეტად ზიანდება ნაწლავის კედელი და შესაძლოა, გაჩნდეს სისხლიანი განავალი, ძლიერი, მჭრელი ტკივილი. ამ დროს პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს,“- მოცემულ საკითხზე თემურ ქველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად