Baby Bag

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

86 წლის ვენერა ტურიანი ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელსაც 62-წლიანი პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება აქვს. ქალბატონი ვენერა იმედოვნებს, რომ თავის პროფესიას კიდევ დიდხანს მოემსახურება და ახალ თაობებს საკუთარ ცოდნას გაუზიარებს:

„საათ-ნახევრით ადრე გამოვდივარ სახლიდან. არ შემიძლია დაგვიანება! მე გახლავართ ვენერა ტურიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი, საკმაოდ ხანდაზმული, 86 წლის. მუშაობის სტაჟი მაქვს 62 წელი და ძალიან მინდა, კიდევ ვიმუშაო. პირველი გაკვეთილი ჩავატარე გორის რაიონში. უფლება არ მქონდა, რომ უარი მეთქვა განაწილებაზე, თორემ იქ იყო გერმანული სკოლა. გერმანული მეორე ენა იყო, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მიხდებოდა ძალიან ბევრი მუშაობა.

მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის. ახლა 86 წლისას შემიძლია მათთან ერთად ვიხუმრო იმ საკითხზე, რაზეც ისინი ხუმრობენ. საერთო ენა უნდა გამონახო მათთან. მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს. მასწავლებელი უნდა იყოს ამხანაგი, მეგობარი. ბევრი ისეთ საიდუმლოებას, რომელსაც დედას და მამას არ ეტყვის, მე მეტყვის ხოლმე.იცის, რომ არ გავთქვამ. პირველ რიგში, ბავშვი დიდად უნდა ჩავთვალოთ. სახლში რომ წავალ, დავჯდები მარტო და ვიფიქრებ, რატომ არ გამომივიდა რომელიმე გაკვეთილი, რა დავაშავე? დამნაშავე მე ვარ, არასდროს ბავშვი არ არის დამნაშავე. ვერ ავუღე ალღო ბავშვს და იმიტომ არ გამოვიდა. მიყვარს, როდესაც კარგად მპასუხობენ.

მე მეშინია სახლში დაჯდომის. მიხარია, როდესაც მეუბნებიან: თქვენ არ გემჩნევათ, რომ 86 წლის ხართ. სკოლიდან რომ გავალ, იქ აღარ ვიღიმები, აღარც ვიცინი, აღარც არაფერს ვუყურებ. სკოლის იქით სხვაა. ყოფილ მოსწავლეებს რომ ვხვდები, ასე მგონია, რომ არ დავბერებულვარ,“- ქალბატონმა ვენერა ტურიანმა საკუთარი ისტორიის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“

​„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“

„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბავშვები იცით, რომ შედარებით იოლად იტანენ ამ ყველაფერს. ამიტომ ბავშვებში ფართო გავრცელება არ გვაქვს. სკოლებში 10 პროცენტს არ სცილდება, სადაც გვქონდა შემთხვევები და რომლებიც გადავიდნენ ე.წ. ონლაინ, დისტანციურ სწავლებაზე. ანუ რომ გითხრათ, სკოლებში ძალიან ფართო გავრცელებაა, ასე არაა. ეს ზოგადად მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და გაიხსნას სულ პირველი, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სკოლები ნაკლებად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად